ავტორი:

სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

სროლა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - ახალი ზელანდიის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ოკლენდში, ახალ ზელანდიაში, ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი - დაშავდა. პოლიციის ვერსიით, თავდამსხმელი 24 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ოჯახური ძალადობის ისტორიასთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრის ჰიპკინსის თქმით, თავდამსხმელი გარდაცვლილია და ეროვნული უსაფრთხოების რისკი აღარ არსებობს. მან ნაშუადღევს შემთხვევის ადგილიც მოინახულა და დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გეგმის მიხედვით ჩატარდება და რომ ხალხს თამაშებზე დასწრების არ უნდა შეეშინდეს. ჰიპკინსმა თქვა, რომ სროლა "ცალკეული ინციდეტი" იყო და გულშემატკივრები არ უნდა დააფრთხოს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ეკიპაჟებმა.

თავდამსხმელთან შეტაკებისას, პოლიციის ოფიცერს ტყვია მოხვდა და დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენმა დაშავებულებმა საშუალო და მძიმე დაზიანებები მიიღეს.

პოლიციის თქმით, სროლაში ეჭვმიტანილ 24 წლის მამაკაცს შინაპატიმრობის ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში იდენის პარკში სამუშაოდ სიარული შეეძლო.

"მას ოჯახური ძალადობის ისტორია და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი წინა დანაშაულები არ მიუთითებდა, რომ ამგვარ საფრთხეს წარმოადგენდა. აგრეთვე, მას არც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა ჰქონია", - განაცხადა ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა, ენდრიუ ქოსტერმა.

ახალ ზელანდიაში იარაღის შესახებ კანონები 2019 წელს გამკაცრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ სალოცავში 51 მუსულმანი მოკლა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა