ავტორი:

"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"

"სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა..." - თემურ ქეცბაია საქართველოს წინააღმდეგ თამაშზე, 21-წლამდელთა წარმატებასა და "კვარაზე"

ლარნაკას "აეკ არენაზე" გამართულ ურთულეს შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2:1 დაამარცხა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები. ყველაზე მეტად საქართველოსთან შეხვედრა არ მინდოდაო, ჯერ კიდევ წილისყრის შემდეგ თქვა თემურმა და ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვების გულწრფელობის გარანტია ქეცბაიას კარიერა (მოთამაშისა და მწვრთნელის) და ხასიათია. მასპინძელთა ქართველ მწვრთნელს განსაკუთრებული ემოცია თამაშის დროსაც ეტყობოდა და პრესკონფერენციების დროსაც. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" თემურ ქეცბაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტსაც გთავაზობთ:

- რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის პოტენციალზეც გვითხარით...

- ხვიჩა ფენომენური ფეხბურთელია. ერთ წელიწადში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - გახდა სერია "ა"-ს წლის საუკეთესო მოთამაშე! დაამტკიცა, რომ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, საქართველოში ფეხბურთის ბუმი გამოიწვია, ქართული ფეხბურთი ცნობადობის ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, მთელი კარიერა წინ აქვს და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- კვარაცხელიამ ძველი, "რომენტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?

- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!

- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად