ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა

უნიკალური აღმოჩენა: პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა ახალ არტეფაქტებს მიაკვლიეს -"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა

პომპეიში გათხრების დროს არქეოლოგებმა მდიდრული სახლი, საკვების ამსახველი ფრესკები, უნიკალური კედლის მხატვრობა და ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ვეზუვის ამოფრქვევამდე აქ შეძლებულ ოჯახს უნდა ეცხოვრა.

ძველი რომაული ქალაქი პომპეი 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს, მაგრამ, თანამედროვე არქეოლოგების აზრით, ქალაქის მესამედი ჯერ კიდევ ვულკანური ფერფლის ფენის ქვეშაა.

არქეოლოგები ქალაქს ცხრა რაიონად ყოფენ, ამ შემთხვევაში საუბარია IX რაიონზე, რომელიც 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

  • მდიდრული სახლი

არქეოლოგებმა სახლი ვია დი ნოლაზე, პომპეის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, სახლში რემონტი ტარდებოდა. იგი პომპეიში აღმოჩენილ სხვა მდიდრულ ვილებს არ ჰგავს:

შესასვლელის მარჯვნივ ნაპოვნია უზარმაზარი ღუმელი, რომელიც საკმარისი იქნებოდა დღეში 100 პურის გამოსაცხობად - პომპეიში უკვე ნაპოვნია 50-მდე თონე, მაგრამ ეს განსაკუთრებით მდიდრულია - სავარაუდოდ, აქ მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა, რომელიც მთელს ქალაქს პურით ამარაგებდა.

  • უძველესი პიცა

ნანგრევებში უჩვეულო ფრესკა აღმოაჩინეს, რომელზეც გამოსახული უცნობი საკვები ძალიან ჰგავს თანამედროვე პიცას. ფრესკა სახლის სწორედ იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც საცხობი უნდა ყოფილიყო განთავსებული.

ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში, ფრესკაზე მრგვალი ფოკაჩის პურია გამოსახული, რომელსაც ძველ რომში სხვადასხვა ხილთან ერთად მიირთმევდნენ.

ასევე აღმოჩენილია კედელი, რომელიც სამ ოთახს აერთიანებდა, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

აღსანიშნავია, რომ სამივე ოთახში კედლის მხატვრობა გვხვდება, ერთზე ასახულია აქილევსი - ლეგენდარული გმირი ქალის ტანსაცმელში გადაცმული ცდილობს თავი აარიდოს ტროას ომს. მეორეზე კი ტაძარი და რელიეფური გველები.

  • ადამიანის ჩონჩხი

არქეოლოგებმა სხვა არტეფაქტებთან ერთად, ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. სხეულები, სავარაუდოდ, 55 წლის მამაკაცებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ.

პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის, გაბრიელ ზუხტრიგელის განცხადებით, მამაკაცების სიკვდილის მიზეზი არა ვულკანური ფერფლი, არამედ შენობის ჩამონგრევა გახდა. მისივე თქმით, მათ მოტეხილ ძვლებს შორის კედლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ პომპეი პირველად 1748 წელს აღმოაჩინეს, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები 1860 წლამდე არ დაწყებულა. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქში 10 000-დან - 20 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. დღემდე აღმოჩენილია1 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.