ავტორი:

ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? - მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა

ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? -  მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა

ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ოთხფეხა მეგობარი წყნარ ოკეანეში ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა კი მათი პოვნა მხოლოდ გასულ კვირას შეძლეს. ყველასთვის დაუჯერებელია, მაგრამ მეზღვაური ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. ამის თაობაზე ambebi.ge უკვე წერდა.

როგორც თვითონ ამბობს, მამაკაცმა თევზითა და წვიმის წყლით მოახერხა გადარჩენა.

სიდნეის მკვიდრი, 54 წლის ტიმოთი (ტიმ) შედოკი და მისი ძაღლი, ბელა, მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ნავი ქარიშხალმა დააზიანა და გზა დაკარგეს. მამაკაცის პოვნა მისი მოგზაურობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ მოხერხდა, მას შემდეგ, რაც მისი ნავი ვერტმფრენიდან შენიშნეს.

როგორც ირკვევა, ტიმოთი შედოკმა სამსახური მიატოვა და 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, მექსიკის ქალაქ ალიენდეში დასახლდა. სწორედ აქ გაიცნო ბელა, მაწანწალა ძაღლი, რომელიც მის მუდმივ თანამგზავრად იქცა.

ავსტრალიელმა ორი წლის წინ კატამარანი იყიდა, რადგან საცხოვრებელი ადგილი სჭირდებოდა და იზოლაციაც მოსწონდა.

"რა თქმა უნდა, გემზე ცხოვრება და გემით ცურვა ორი განსხვავებული რამაა, ეს გამოწვევა უფრო იყო", - ამბობს შადოკი.

ტიმმა წელს ოკეანეში გასვლამდე იცოდა, რომ ქარიშხლების სეზონი მოდიოდა, მაგრამ მაინც გარისკა:

"ან მაშინვე უნდა წავსულიყავი ან 1 წელი კიდევ მომეცადა და მეტი ლოდინი აღარ შემეძლო", - ამბობს გადარჩენილი მეზღვაური. როგორც უკვე ვთქვით, შედოკი და მისი ძაღლი, ბელა, მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრნენ. შედოკი კორტესის ზღვიდან წყნარ ოკეანეში მაისში გავიდა, თუმცა თარიღები ახლა ბუნდოვნად ახსოვს. მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ქარიშხალმა შედოკისა და ბელასთვის ყველაფერი შეცვალა.

"დინება გემს მიმართულებას უცვლის, ასე რომ, თუ დრიფტში ხართ, უეცრად წრეში ტრიალებთ, ქარი კი მუდმივად იცვლება. ტალღები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს დაჰიპნოზებული ხარ და მორევი გითრევს".

ტიმმა ქარიშხლის დროს აფრები, ელექტრონიკა, მათ შორის სანავიგაციო აღჭურვილობა და საკვების მოსამზადებლად საჭირო ნივთებიც დაკარგა. მომდევნო კვირები კი დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა უწევდა: ნავის შეკეთება, თევზაობა, წვიმის წყლის მომარაგება. შედოკი ყვება, რომ დროდადრო შიში ეუფლებოდა, რომ მეორე დღეს ზედმეტად დაღლილი და სუსტი იქნებოდა.

შედოკმა გადარჩენის გზა მედიტაციაში, ოკეანეში ცურვასა და დღიურის წერაში იპოვა. ბელას გამოკვება და მასზე ზრუნვა კი მეთევზეს კიდევ უფრო მეტ ძალას ჰმატებდა. ორივენი უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყალს სვამდნენ. შედოკი უკვე ფიქრობდა, რომ სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები, როცა მან, 12 ივლისს, ვერტმფრენის ხმა გაიგო. ის და ბელა ამ დროს უახლოესი ხმელეთიდან 2000 კმ-ის მოშორებით იყვნენ.

მაშველებს სჯერათ, რომ ბელას გადარჩენის მორალურმა ვალდებულებამ მისცა შედოკს ძალა. ხმელეთზე დაბრუნებულმა მეთევზემ გადაწყვიტა, ბელა ცხოველთა მოყვარული მაშველისთვის გადაეცა. "ეს გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად ავსტრალიის საელჩომ მიიღო", - თქვა შედოკმა მოგვიანებით და აღნიშნა, რომ ავსტრალიას ცხოველების შეყვანისთვის მკაცრი საკარანტინო კანონები აქვს.

საქმე ისაა, რომ ტიმოთი ავსტრალიაში დაბრუნებას მალე გეგმავს, რათა თავისი მშობლები და ქალიშვილი ნახოს. მას ზღვა და ცურვა ისევ უყვარს, მაგრამ ჯერ არ არის დარწმუნებული, რამდენად მალე შეძლებს ხმელეთისგან მოშორებას და წყალში გაცურვას.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა