ავტორი:

"ეს ღირსების საკითხია..." - რას ამბობს უკრაინელთა კონტრშეტევაზე კიევის დაცვისა და ხარკოვის რეგიონში წარმატებული შეტევის მეთაური ალექსანდრე სირსკი?

"ეს ღირსების საკითხია..." - რას ამბობს უკრაინელთა კონტრშეტევაზე კიევის დაცვისა და ხარკოვის რეგიონში წარმატებული შეტევის მეთაური ალექსანდრე სირსკი?

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებს ჯერ კიდევ 2019 წლიდან მეთაურობდა. ის ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, შემდეგ კი ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის ერთ-ერთი მეთაური იყო.

ამჟამად სირსკი აღმოსავლეთის ძალებს ხელმძღვანელობს, რომელიც ომის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვიან.

მსოფლიოს ყურადღება ახლა სამხრეთისკენ არის მიპყრობილი, სადაც უკრაინის მთავარი შეტევა იყო მოსალოდნელი, თუმცა არანაკლებ საინტერესო ვითარება შეიქმნა დონბასში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ, რუსებმა კი მნიშვნელოვანი ძალები ლიმანის მიმართულებით შეკრიბეს.

სირსკის BBC-ის კორესპონდენტი, ჯონათან ბილი შეხვდა. შეხვედრა, ბუნებრივია, საიდუმლო ადგილას გაიმართა.

"ამ ეტაპზე მე და ჩვენი დაჯგუფება ვატარებთ თავდაცვით ოპერაციას და ამის ფონზე, ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით, შეტევით ოპერაციებსაც ვახორციელებთ.

შედეგის ძალიან სწრაფად მიღწევა გვინდა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს შეუძლებელია, რადგან ბახმუტთან, ლიმანსკის მიმართულებით, რუსული ჯარის ძირითადი ძალებია კონცენტრირებული. გარდა ამისა, მათ აქვთ უპირატესობა რაოდენობაში, განსაკუთრებით კი არტილერიაში. ასევე - მნიშვნელოვანი უპირატესობა საბრძოლო მასალის მიწოდების უნარში. ანუ, ამ დროისთვის შეგვიძლია ერთი გასროლით ვუპასუხოთ რუსების 7-8 გასროლას.

სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი რეალობა. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვგეგმავთ ჩვენს ოპერაციებს, ამიტომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“.

სირკის თქმით, ყოველდღიურად ისინი წინ მიიწევენ 0.5-დან 1 კილომეტრამდე მანძილით.

"ამჟამად ვარ ისეთ სიტუაციაში, როცა მესმის, რომ შეტევა გვჭირდება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ზოგადი თავდაცვითი ოპერაციის ფონზე, ჩვენ ვატარებთ შეტევითი ოპერაციების რამდენიმე მიმართულებით, ვქმნით ადგილობრივ უპირატესობას ძალებითა და საშუალებებით საკმაოდ შეზღუდულ ადგილებში. და შემდეგ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უპირატესობას. და რაც მთავარია, ეს ძალიან დიდ მორალურ სტიმულს აძლევს ჩვენს სამხედროებს. ჩვენს სამხედროებს ესმით, რომ წინ მიიწევენ, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ბრძოლით მოძრაობენ.

ასეთი შეტევითი ოპერაციების ყოველი დღე დეტალურადაა დაგეგმილი, ამიტომ პერსონალის დანაკარგები საგრძნობლად ნაკლები გვაქვს. და ჩვენ წარმატებას ვაღწევთ ძირითადად მანევრების, ფლანგური შეტევების, ფლანგიდან გასვლის, შემოვლითა და უკანა მხარეს მიღწევის გზით“, - აცხადებს სირსკი.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი დრო, ჯარი და საბრძოლო მასალა ამ კონტრშეტევის მოსამზადებლად, სირსკი პასუხობს, რომ ჯარი, იარაღი ან საბრძოლო მასალა არასოდეს არის საკმარისი და ნებისმიერი სამხედროსთვის ეს დიდი პრობლემაა.

"ჩვენთვის განსაკუთრებით იმიტომ, რომ საბრძოლო ზონის ფარგლები ძალიან დიდია. ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ამასთანავე, გამარჯვება მხოლოდ დაცვით ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, საერთო თავდაცვითი ოპერაციის ფონზე ვგეგმავთ აქტიურ შეტევითი ოპერაციებისაც. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მხოლოდ ჩემს მიმართულებაზე მაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ მთელი რიგი მიმართულებით, კუპიანსკიდან ლიმანამდე, ჩვენ ვატარებთ თავდაცვით ოპერაციებს. ჩვენ ასევე ვატარებთ თავდაცვით ოპერაციებს ბახმუტთან. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ გადავედით აქტიურ შეტევაზე, რათა გავაუმჯობესოთ ტაქტიკური პოზიცია. ჩვენი მიზანია ბახმუტის დაბრუნება, რადგან ეს პრინციპის საკითხია, ღირსების საკითხია. იმიტომ, რომ ბახმუტის დასაცავად ბევრი ძმა, ბევრი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ“- განაცხადა მან.

  • რატომ არის ბახმუტი მნიშვნელოვანი?

სირსკი ამბობს, რომ ბევრი ბახმუტს სტრატეგოიულად მნიშვნელოვან ადგილად არ მიიჩნევს, თუმცა ის საპირისპიროდ ფიქრობს და ამას შემდეგნაირად ხსნის: "უპირველეს ყოვლისა, ბახმუტი არის ძირითადი მიმართულებებისა და გზების კონცენტრაციის ცენტრი. მაგალითად, გზა დებალცევოდან, გზა სევერსკიდან, გზა გორლოვკადან, გზა კონსტანტინოვკადან და გზა სლავიანსკიდან ბახმუტზე გადის. ანუ ეს არის ცენტრი, სადაც ყველა ეს ბილიკი იყრის თავს.

ბახმუტის იქით, ფაქტობრივად, სამი კილომეტრის შემდეგ, ქალაქი ჩასოვ იარია. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტრის შეჩერება ბახმუტში.

მე ვფიქრობ, რომ "ვაგნერის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც ის მთლიანად გავიდა ბახმუტში, განიცადა, შეიძლება ითქვას, გიჟური დანაკარგები. ფაქტობრივად, მათ დაკარგეს საბრძოლო უნარი. ამჟამად ყველა პირობაა შექმნილი, რომ ეს ქალაქი დავიბრუნოთ, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგით.

იმიტომ, რომ ზოგადად, რუსული ჯარების მდებარეობა ამ მომენტში წააგავს ისეთ მშვილდს, რომელიც კონცენტრირებულია ბახმუტში. და ისინი ნახევარწრეში არიან. უბრალოდ არ შეიძლება, რომ ამით არ ვისარგებლოთ.

  • "არ შეიძლება, არ შეფასდეს რუსეთის ჯარი"

BBC - მინდა დაგისვათ უფრო ზოგადი შეკითხვა, ბევრს მიაჩნია, რომ უკრაინის მთავარი გარღვევა სამხრეთში იქნება. სამხედრო ლოგიკა არის რუსული ძალების გაყოფა. რა მიზანს ემსახურება უკრაინის სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთში?

ალექსანდრე სირსკი - თუ თვალყურს ადევნებთ რუსული ჯარების განლაგებას, მიუხედავად მათთვის საკმაოდ რთული პირობებისა სამხრეთში, ისინი მაინც ფლობენ საკმაოდ დიდ დაჯგუფებას სწორედ აქ, აღმოსავლეთში.

ჩვენი შეტევის დროს სამხრეთში, ზაპოროჟიეში, ისინი განაგრძობდნენ თავიანთი შენაერთების გადაყვანას სამხრეთის მიმართულებით აქ, აღმოსავლეთში. უფრო მეტიც, ეს იყო ძირითადად სადესანტო ან საჰაერო თავდასხმის ჯარების ნაწილები.

და ეს მხოლოდ მოწმობს იმ როლსა და მნიშვნელობაზე, რომელსაც ისინი ანიჭებენ სწორედ ამ მიმართულებას, აღმოსავლეთისკენ. იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, პრინციპში არ შეუცვლიათ ის ამოცანები, რაც საკუთარ თავს დაუსვეს. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი თავდაცვის გარღვევა და დონეცკის რეგიონის საზღვრებს მიღწევა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 160 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე ჩემი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების პასუხისმგებლობის ზონაში იმყოფება.

BBC - ბრიტანეთმა დაზვერვის საფუძველზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: რუსეთი დიდ ზარალს განიცდის. ის კარგავს აღჭურვილობას, მალე ამოიწურება საბრძოლო მასალაც. ეს მართალია?

ალექსანდრე სირსკი: - დიახ.

BBC - მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ამის მიუხედავად, რუსები კვლავ ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან, ესეც მართალია?

ალექსანდრე სირსკი: - ხედავთ, ეს რეალობაა. არ შეიძლება, არ შეფასდეს რუსეთის ჯარი. რა თქმა უნდა, მას აქვს რიცხობრივი უპირატესობა, აქვს აღჭურვილობის საკმარისი დონე, უპირველეს ყოვლისა, ელექტრონული საომარი ტექნიკით, საკმარისი რაოდენობის არტილერია, საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალა, სარაკეტო სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

ასე რომ, ეს ნამდვილად რთული ბრძოლებია. ამიტომ წინსვლა რთულია, რადგან მტერი წინააღმდეგობას გვიწევს. ისინი აწარმოებენ აგრესიულ ომს და კარგია, რომ მათმა ზოგიერთმა სამხედრომ ამის აღქმა დაიწყო...

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა