ავტორი:

"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე

"ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ... პროცესი კულუარული თამაშებით მიმდინარეობს" - ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გახანგრძლივება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე

"გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს, ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ" - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე დღეს არსებულ ვითარებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე და ირწმუნება, რომ მსგავსი რამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გაჭიანურება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე, ამის შესახებ მამუკა არეშიძე ვრცლად გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, გარკვეული პარიტეტი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დასავლეთი მაღალი ხარისხის იარაღს აწვდის (თუმცა არის უხარისხო იარაღის გადაცემის ფაქტები, სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან), ეს იარაღი არაა საკმარისი. უკრაინას აკლია ავიაცია. არადა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ტაქტიკურ ავიაციას. აქედან გამომდინარე, უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დაწყების საშუალება არ აქვს. ლოკალური წარმატებების მიღწევა შეუძლია და აქვს კიდეც, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა, ამით რაიმე გადამწყვეტის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ომის გაგრძელება რუსეთსაც აწყობს და უკრაინის უკან მდგომ ძალებსაც.

- რუსეთს რატომ უნდა აწყობდეს?

- რუსეთი ომს ვერ იგებს. რუსეთის ხელისუფლების მოქმედება თავად რუსი ექსპერტებისთვისაც კი გაუგებარია. მაგალითად, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ბომბავს მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობას, მაგრამ არ ბომბავს საკომუნიკაციო არხებს - რკინიგზის ხაზები, ხიდები... არ ნადგურდება ის გზები, საიდანაც დასავლური იარაღი შემოდის და ინსტრუქტორები შემოჰყავთ. რამდენიმე დღის წინ რუსულ პრესაში დაისვა ასეთი კითხვა - რატომ არ იბომბება კიევის აეროპორტი, საიდანაც სისტემატურად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები?! კრემლში ამას იმით ხსნიან, რომ ეს საკომუნიკაციო საშუალებები, შეტევის დროს ჩვენვე დაგვჭირდებაო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ თავის მართლებაა, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია. ადრე ნამდვილად ფიქრობდნენ უკრაინის დიდი ნაწილის დაკავებას, მაგრამ ახლა იმასღა ცდილობენ, აღმოსავლეთ უკრაინა მაინც შეინარჩუნონ. ახლა თავად მოსკოვშიც ძალიან რთული ვითარებაა, რუსი ლიდერები პრიგოჟინის ჯანყის შედეგების აღმოფხვრის პროცესში არიან. არაერთი გენერალია გამქრალი, მათ შორის - სუროვიკინიც. კაცმა არ იცის, სად არიან. ერთობ არაჯანსაღი პროცესია ძალოვან სტრუქტურებში, ერთმანეთზე ეჭვიანობენ... ქაოსური ვითარებაა პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ახლა რუსეთის ხელისუფლებას შიდასაქმეების დალაგება და ფრონტის ხაზზე სიტუაციის შენარჩუნება აწყობს, ამ მდგომარეობაში მყოფს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ნამდვილად არ შეუძლია. სხვათა შორის, ასეთი ჩიხური სიტუაცია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. რემარკმა დაწერა კიდეც ცნობილი რომანი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". მაშინაც, დიდი ხნის განმავლობაში, გრძელდებოდა პოზიციური ომი. მართალია, ახლა ტიპური პოზიციური ომი არ არის, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს. ძალიან რთულია ამის აღწერა, მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცას ომის გაჭიანურება სჭირდება.

- იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონის დღის წესრიგს სწორედ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი განაპირობებს, საინტერესოა, რა ტიპის თამაშის წესებს კარნახობს ეს მოცემულობა რეგიონის ქვეყნებს და ვინ რა სტრატეგიას ირჩევს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისას?

- სტრატეგიული დაგეგმვის თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონის ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ერთადერთი, აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ამ რთულ მოცემულობას. ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება ურთულესია, თითქმის ყველა ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმაზეა ორიენტირებული, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ახლო მეზობელი სომხეთიც. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს რუსეთის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთში გატარებული პოლიტიკა. რუსი კონსერვატორები ახლა ამბობენ, რომ ნამდვილი კატასტროფა იყო ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გაატარა, რომ ეს დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის. მათი აზრით, საჭიროა, ამ პოლიტიკის შეცვლა. დღეს ბევრი რამ ამოტივტივდა ზედაპირზე. მოსკოვში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ რუსეთმა სომხეთი გაყიდა. სომხეთი და რუსეთი მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ("ოდეკაბეს") ფორმატში კი არ თანამშრომლობდნენ, ცალკე სხვა დოკუმენტიც ჰქონდათ, 1997 წელს ხელმოწერილი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს რუსი ოპოზიციონერები სერიოზულად აკრიტიკებენ კავკასიაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში გატარებულ არაეფექტიან პოლიტიკას. ამ ქაოსურ ვითარებაში ძალიან რთულია სწორი აქცენტის გაკეთება და სწორად მანევრირება. დღეს სიტუაციის ზედაპირული შეფასება არ შეიძლება, სიღრმისეული ანალიზია საჭირო. მოსკოვში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და უვარგისი, საქართველოსთან არასწორი მიდგომების გამო - მათი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში, რომ თურქეთს საშუალება მისცეს, ერთი მხრივ, გასწორებოდნენ სომხებს და, მეორე მხრივ, სომხები გაეყვანათ რუსეთის ორბიტიდან და რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მინიმუმამდე დასულიყო. განაგრძეთ კითხვა