ავტორი:

"დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს საერთაშორისო აეროპორტი" - შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა?

"დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს საერთაშორისო აეროპორტი" - შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა?

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო აეროპორტის აშენების იდეა განიხილება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პრემიერი აქცენტს ეკონომიკურ ასპექტზე აკეთებს, რადგან მთავრობის "ამბიციური გადაწყვეტილების", საქართველო "რეგიონში საავიაციო ჰაბი" გახდეს, შესასრულებლად საერთაშორისო დონის აეროპორტის აშენებაა საჭირო და ამისთვის "იდეალურ ადგილად" ვაზიანის აეროდრომს ასახელებს. ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზაა. აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.

რა საფრთხეებს ქმნის ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რა უპირატესობები აქვს სამოქალაქო აეროპორტის აშენებას, ქვეყნისთვის რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას, ამ საკითხებზე სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ავიაციის ექსპერტს იასე ზაუტაშვილს ვესაუბრეთ.

ვახტანგ კაპანაძე:

- აეროპორტი და აეროდრომი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზის ახლოს, სადაც სწავლებები მიმდინარეობს. დღესაც კი, როდესაც ვაზიანში სწავლება მიმდინარეობს, აფრთხილებენ "საქაერონავიგაციას", რომ მიიღოს ზომები და გაითვალისწინოს არსებული ვითარება, სწავლების დრო, პერიოდი და ა.შ. ამდენად, დგება საკითხი, თუკი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო აეროპორტი, მაშინ ვაზიანის პოლიგონი, სასწავლო ცენტრი სად გადაგვაქვს? არ დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად იქ ფუნქციონირებს ამერიკელების დახმარებით ჩამოყალიბებული სკოლა, სადაც კონვენციური უზრუნველყოფისთვის ქართული ბატალიონები ემზადებიან. ვიმეორებ, თუკი შენდება აეროპორტი, მაშინ დგება საკითხი, თუ სად გადაგვაქვს პოლიგონი, სასწავლო ცენტრი, ეს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის რამდენად იქნება მომგებიანი, ასეთი დიდი ბაზა თუ დაიკარგება. აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი დიდი ბაზა არა გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება. იმხელა პოლიგონიც კი არა გვაქვს, რომ ბატალიონის ზომის დანაყოფის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩავატაროთ. ვაზიანში იმ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რაც ნატოს სტანდარტებთან არის თავსებადი, შესაძლებელია ბატალიონამდე დანაყოფების სწავლების ჩატარება თავისი ყველა კომპონენტით. ამიტომ პირველ რიგში დგება საკითხი, თუ სად უნდა გადავიდეს. მეორე საკითხია, თუ სად გვექნება სამხედრო აეროდრომი.

საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ სამხედრო აეროდრომის გაკეთება დიდ პრობლემებს წარმოქმნის. სამხედრო აეროდრომს აქვს თავისი ინფრასტრუქტურა - თვითმფრინავები უნდა იდგნენ ანგარებში, მორიგე პერსონალისთვის უნდა არსებობდეს საცხოვრებელი, უნდა იყოს სარემონტო მოწყობილობები... არ შეიძლება საერთო იყოს რამე სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებისთვის. სამხედრო აეროდრომს სხვა სპეციფიკა აქვს. ამავე დროს, თვითმფრინავების საბრძოლო აღჭურვილობა, რომელიც მორიგე თვითმფრინავებს სჭირდება, სამხედრო ბაზაში უნდა ინახებოდეს, სამოქალაქო აეროპორტის ახლოს კი სამხედრო ბაზის არსებობა დაუშვებელია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა - თუ არის გადაწყვეტილი, რომ სამხედრო ბაზა და სამხედრო აეროდრომი იქნება მარნეულში იმ ბაზაზე, რაც ახლა არსებობს, ეს სხვა თემაა. თუ პოლიგონის გადატანაა გადაწყვეტილი სადღაც სხვაგან, მაშინ ესეც უნდა ითქვას. მოკლედ, ძალიან ბუნდოვანი ჩანაფიქრია.

- სასწავლო ცენტრის, პოლიგონის, სამხედრო ბაზის გადატანა სხვა ადგილზე შესაძლებელია?

- შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს, საერთაშორისო აეროპორტი. გარნიზონი, რომელიც იქ არის დისლოცირებული, ამას ხელს არ შეუშლის. აეროდრომი და სამხედრო ბაზა ერთმანეთზე მიდგმული არ არის, მაგრამ სასწავლო ცენტრის საკითხი ბადებს ბევრ კითხვას. თანხებს გავანებოთ თავი, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. პრობლემა ის არის, თუ სად უნდა გაიწვრთნას ჯარი, რადგან სამოქალაქო აეროპორტის ახლოს სამხედრო წვრთნები ვერ ჩატარდება. ვაზიანის ტერიტორიას ვიყენებთ მანევრების სწავლებისთვის, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ის სად გადადის? საჭიროა დანაყოფების, ტანკების გადაადგილება, ჯავშანტექნიკიდან სროლა, საარტილერიო სროლა, ავიაციით დაბომბვის შესწავლა და ა.შ., ამას სად ჩაატარებენ? ვაზიანი უდაბურია და მოსახლეობისგან ძალიან დაშორებული. მაგალითად, ჭურვი რომ გაისროლო და მიზანს ასცდეს, სადმე ხომ უნდა დავარდეს? ასე მარტივად არ არის, მე ამ ტერიტორიაზე აეროპორტს ავაშენებ და შენ წადი, სადმე ისროლეო. ვაზიანი სპეციალურად შერჩეული ტერიტორიაა. ასეთივე ტერიტორია იყო გარეჯთან და მაშინ ერთი ამბავი ატყდა, რადგან ისტორიული ძეგლი ზიანდებოდა. ახლაც ვერ გადაიტან სწორედ ამ მიზეზით და მეორეც, ეს უკვე სასაზღვრო ტერიტორიაა და სწავლებებს ვერ ჩაატარებ. საქართველო შეზღუდულია სამხედრო სწავლებისთვის საჭირო ტერიტორიებით და ერთადერთზე, რაც გვაქვს, ამაზეც უარს ვამბობთ? რის სანაცვლოდ?

- გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემცირებისა და ნატოზე უარის თქმისთვის.

- პოლიგონი რომც შენარჩუნდეს, ნატოზე უარის თქმა მაინც შეეძლებათ, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ძალიან პაციფისტური ჩანაფიქრია. თუკი მართლა გადაწყვეტილია, რომ ეს ტერიტორია ეკონომიკური მიზნებით აითვისონ, რაც არ უნდა სასიკეთო იყოს და თქვან, ერთადერთი პოლიგონი დავტოვოთ ორფოლოშიო, იქ საკმარისი ტერიტორია არ არის. თუ ვამბობთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალები მოსამზადებელი გვყავს, რომ ტოტალური თავდაცვისთვის მოსამზადებელი გვყავს რეზერვი, ეს ყველაფერი ხომ სადღაც უნდა მომზადდეს? ყველას დასავლეთში ხომ ვერ წაიყვან?

  • "ერთი საქმის გაკეთებით სხვა საქმე არ უნდა გავაფუჭოთ"

იასე ზაუტაშვილი:

- ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ტურისტული პოტენციალი გაზარდოს, და ვფიქრობთ, რომ ხვალ-ზეგ უნდა გვქონდეს ჰაბის ფუნქცია, რასაკვირველია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში "ტავ ურბანი" შემოუშვეს, ჰაბის ფუნქცია ჩაკლეს და მივიღეთ აეროპორტი, რომელიც აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, სადაც მგზავრისთვის არანაირი კომფორტი არ არის შექმნილი, და რაც მთავარია, ჰაბის ფუნქციისთვის არ არის სატრანზიტო დერეფანი, არ შეუძლია 4-5 რეისის ერთდროულად მიღება. გააგრძელეთ კითხვა