საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პოლიტიკოსებისა და უკრაინის ხელისუფლების კრიტიკამ თუ ლანძღვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ისევე, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულებამ.
რა უნდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებას", რას მოუტანს ქვეყანას "ქართული ოცნების" კრიტიკული დამოკიდებულება უკრაინელი და სხვა დასავლელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ და რა მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ? - ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- მართლაც დამაფიქრებელია "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ნუთუ ამ პოლიტიკურ ძალას და მის ერთპიროვნულ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ამბიცია, რომ საქართველო რუსული გავლენებისგან დამოუკიდებლად მართოს და ისტორიაში ღირსეული სახელით შევიდეს? ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ვინმეს ბატონი მოსწონდეს, მით უფრო ისეთ ადამიანს, როგორიც ივანიშვილია. ჩემი ვარაუდით, ამ საქმეში სხვა მომენტები და ფაქტორებია. "ქართულ ოცნებას" დასავლეთის არ ეშინია (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა), რუსეთის ეშინია, იმიტომ, რომ მართლა სახიფათოა.
მოდი, ვაღიაროთ, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ზოგიერთები ლაპარაკობენ, რომ კრემლს მთელი ძალები უკრაინაში ჰყავს გადასროლილი და ა.შ. ჩვენ მარტო შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემი და, ასევე, რამდენიმე ბატალიონიც გვეყოფა. შესაბამისად, ხელისუფლება საფრთხეს რუსეთიდან უფრო ელის, ვიდრე - დასავლეთიდან. შესაძლოა, მათი ქმედებებიც ამით არის განპირობებული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე პერსონალურ ზეწოლას ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მეორე ფენას ანუ მმართველ გუნდს, ეს ხალხი პირადი ინტერესებით მოქმედებს, მთავარია, ფული იშოვონ და სულერთია, ქვეყანაში რა იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ. როგორი კორუმპირებულებიც კომუნისტების დროს ვიყავით, ისეთებად დავრჩით. ასეთივე იყო "ნაციონალური მოძრაობაც" - ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა კორუფცია მოსპო. კი, საყოველთაო კორუფცია მოსპო, მაგრამ ელიტური კორუფცია განაახლა. სხვათა შორის, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მხოლოდ ივანიშვილზე კი არა, რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირზეც ახორციელებდეს რუსეთი ზეწოლას. ამიტომ ახლა ეს ხალხი იმის მცდელობაშია, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს.
- რას მოუტანს ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ომის დასრულების შემდეგ?
- ჯერ გარკვეული არაფერია, მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია საუბარი. ვერსია რამდენიმე მაქვს: