ავტორი:

სპორტული ჟურნალისტიკის პელე - ფაბრიციო რომანოს კონტაქტების ქსელი, "მისტიკური აგენტი" და გზა უბრალო ბიჭის ცხოვრებიდან ყველაზე გავლენიან ჟურნალისტობამდე

სპორტული ჟურნალისტიკის პელე - ფაბრიციო რომანოს კონტაქტების ქსელი, "მისტიკური აგენტი" და გზა უბრალო ბიჭის ცხოვრებიდან ყველაზე გავლენიან ჟურნალისტობამდე

ერთი წლის წინ, ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავისთვის ჩვეულ სტილში "თვითერზე“ ინსაიდერული ინფორმაცია დაწერა - იაპონელი მცველი მაია იოსიდა კარიერას "შალკეში“ გააგრძელებდა. მან ასევე დაამატა: "იოსიდამ უამრავი წინადადება დაბლოკა, ერთ-ერთი კი "ტრაბზონსპორიდან“ იყო“.

პოსტი მალევე თავად ფეხბურთელმა გააზიარა და გაკვირვებული ემოჯები დაწერა: "ეს ბიჭი შეუდარებელია. ჩემმა ცოლმაც კი არ იცოდა "ტრაბზონსპორის“ შესახებ!“ - რეპოსტმა 170 000 რეაქცია დააგროვა.

  • ეს ალბათ საუკეთესო აღწერაა, რომელიც რომანოს, როგორც საქმის საოცარ ოსტატს ახასიათებს. დღეს თანამედროვე სპორტის ყველაზე წარმატებულ ინსაიდერზე მოგიყვებით.

ზიდანის "რეალიდან“ წასვლა, ბრუნოსა და "მანჩესტერ იუნაიტედის“ საგა, მესისა და რონალდუს ხმაურიანი ტრანსფერები - არც ერთი მსგავსი კალიბრის ამბავი რომანოს გარეშე არ ჩაივლის. ტრანსფერების პერიოდში მას დღე-ღამეში 4 საათი სძინავს და ფაქტობრივად, "ტელეფონში ცხოვრობს".

"არ დავიჯერებ, სანამ ამაზე ფაბრიციო რომანო არ დაწერს“, - ხშირად მოვისმენთ ფეხბურთის გულშემატკივრებისგან. იტალიელი არ ჩქარობს: ინფორმაციებს მაშინ აქვეყნებს, როცა მათში სრულად დარწმუნეულია. ჟურნალისტის თქმით, სიახლეს იმ შემთხვევაში ასაჯაროებს, თუ მას სულ მცირე სამი წყარო უდასტურებს.

საქმისადმი ასეთი მიდგომით, მან ფართო აუდიტორიის ნდობა მოიპოვა. ახლა მას იმაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდრე ზოგიერთ ტოპ კლუბსა და ფეხბურთელს. მეტიც, ზოგჯერ კლუბები თავად მიმართავენ ფაბრიციოს, რომ მათი სატრანსფერო სიახლე ფაბრიციოს გვერდზე გამოქვეყნდეს, რადგან მათ მცირე აუდიტორია ჰყავთ.

  • რომანოს ობიექტურობის გამოც აფასებენ. ერთი სისუსტე აქვს: ის არის იმ კლუბის გულშემატკივარია, რომელმაც გასულ სეზონზე ინგლისის "ჩემფიონშიფში" მე-11 ადგილი დაიკავა.

ფაბრიციო იმ ქალაქიდანაა, სადაც ფაქტობრივად ფეხბურთით სუნთქავენ. ჯერ კიდევ პატარაობაში, ის ნეაპოლის სპორტულ გაზეთებში თავის საფეხბურთო ტექსტებს აგზავნიდა - იმ იმედით, რომ დაუბეჭდავდნენ და გამოუქვეყნებდნენ.

"სიმართლე გითხრათ, არასდროს მიოცნებია, რომ ჩემი კარიერა ასეთი გზით განვითარებულიყო. ჩემი ოცნება იყო ცნობილ გაზეთში მეწერა ან ტელევიზიაში მემუშავა. ყოველთვის მინდოდა, რომ ხალხისთვის პოზიტიური ინფორმაცია გამეზიარებინა. ამდენ გამომწერზე ვერც ვიოცნებებდი. როცა ამ ყველაფერს ვიწყებდი, სიტყვა "ფოლოუერი“ არც არსებობდა“, - ამბობს რომანო Flashscore News-თან ინტერვიუში. -

გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც 18 წლის ფაბრიციოს "ბარსელონადან" დამწყებმა აგენტმა დაურეკა.

"ის მაშინ "ლა-მასიაში“ მუშაობდა და სურდა, რომ აგენტი გამხდარიყო. იმედი ჰქონდა, რომ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაარწმუნებდა მასთან თანამშრომლობაში. მთხოვა, რომ მათ პროფაილზე დამეწერა", - იხსენებს რომანო The New York Times-თან საუბარში. -

ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებზეც მომავალი აგენტი ნადირობდა - "ბარსას“ აღზრდილები ჟერარ დეულოფეუ და მაურო იკარდი იყვნენ. რომანო დაეხმარა, აგენტმა კი სასურველი ფეხბურთელები მიიღო.

თუმცა ფაბრიციომაც მნიშვნელოვანი კონტაქტი შეიძინა - მან ამომავალი ვარსკვლავების წრესთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. 2011 წლის ზაფხულში რომანომ პირველმა დაწერა, რომ იკარდი "ბარსელოდან“ "სამპდორიაში“ გადადიოდა.

2012 წელს "მისტიკურმა აგენტმა" ისევ დაურეკა. "მან თქვა, რომ კარიერის დასაწყისში მე დავეხმარე, ხოლო ახლა სურდა, რომ თვითონ დამხმარებოდა“, - იხსენებს რომანო.

  • აგენტმა აცნობა, რომ იკარდი შემდეგ წელს "ინტერში“ გადავიდოდა - ამ ინფორმაციის გამოქვეყნება გარიგების პროგრესისთვისაც საჭირო იყო. რომანომ სიახლე ოფიციალურ ტრანსფერამდე ნახევარი წლით ადრე დაწერა. ეს ფაბრიციოს კარიერის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მალე რომანო მილანში გადაბარგდა და თანამშრომლობა Sky Sport Italia-სთან დაიწყო.

ამ პერიოდში მან Sky Sport Italia-ის მაშინდელი ვარსკვლავი ჯანლუკა დი მარციო გაიცნო, რომელიც ახალგაზრდა ბიჭისთვის სპორტულ ჟურნალისტიკის კარიერის გზამკვლევი და გიდი აღმოჩნდა. დი მარციომ ასწავლა ინფორმაციის მოპოვება "ოფლაინ"რეჟიმში, შეხვედრების ადგილების გარკვევის მეთოდები, კონტაქტების დამყარება და ა.შ.

როდესაც რომანოს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა, კარიერა დამოუკიდებლად გააგრძელა.

სოციალურ ქსელებში რომანო ბრწყინავს. ის სწორად ავითარებს თავის არხებს სოციალურ მედია პლატფორმებზე და როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ბევრ ფეხბურთელსა და კლუბზე დიდი აუდიტორია ჰყავს. მაგალითად, ახალი სოციალური ქსელი Threads-რომ ავიღოთ, უკვე 2.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. მარკ ცუკერბგებრს, მის შემქმნელს - 3 მილიონი.

ფაბრიციო რომანოს მთავარი იარაღი მაინც "თვითერია“, სადაც 17 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო "ინსტაგრამზე“ - 20 მილიონი..

წარმატების მთავარ საიდუმლოდ შრომისმოყვარეობას ასახელებს - "ამ საქმეში არასდროს არ უნდა მოეშვა. ყველაზე წინ რომ იყო, მაინც გულმოდგინედ მუშაობა უნდა განაგრძო. ერთადერთი გზა რამეს რომ მიაღწიოთ, გულმოდგინე შრომაა“, - ამბობს ინსაიდერი.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, რომანო "იუთუბზე“ რამდენიმე საათიან სტრიმებს უშვებს, სადაც კულუარულ ამბებს ჰყვება, იწვევს სტუმრებს, აქვეყნებს ათობით სიახლეს. მან რამდენჯერმე დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებში ყველა ანგარიშს თვითონ მართავს.

სოცქსელების მიღმა თანამშრომლობს ბრიტანულ The Guardian-თან, Sky Sports-თან, ამერიკულ CBS Sports-თან, ასევე აქვს თავის პოდკასტი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც კი საუბრობს.

  • როგორ მოიპოვებს ინფორმაციას?

მისი მთავარი აქტივი - წლების განმავლობაში შეგროვებული კავშირებია. მუშაობის მთავარი პრინიპი კი კონფიდენციალობის დაცვაა. "აგენტებთან პოზიტიური ურთიერთობა, სპორტულ დირექტორებთან და სხვა წყაროებთან ღირსეული ურთიერთობა და გაფრთხილება. ყველაფერი ურთიერთ ნდობაზეა დამოკიდებული.

ჩემი საიდუმლო მარტივია: ახალი ხალხის გაცნობა და მათთან კავშირის განმტკიცება, ვისაც 15 წელია ვიცნობ. ვცდილობ, თანაბრად კარგი ურთიერთობა მქონდეს დიდი ფეხბურთელების აგენტებნთან და ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელების აგენტებთან. სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი სიახლეები საშუალო ზომის წყაროებიდან იყო ხოლმე. აი, რატომ ვცემ პატივს ამ კონტაქტებს. ასეთი ქსელის აშენება - ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი სამუშაოა, რთულია, თუმცა მიუღწეველი არ არის. ზოგიერთი მეგობარი მაშინ გავიცანი, როცა იტალიის მესამე დივიზიონში იყვნენ, ახლა კი მსოფლიოს უმსხვილეს კლუბებთან თანამშრომლობენ", - ამბობს რომანო.

Flashscore-სთან ინტერვიუში ინსაიდერმა მოყვა, რომ ზოგჯერ მთელ დღეს ტელეფონში ატარებს. "ზოგჯერ სიგიჟეები ხდება, დღეში 18 საათი ტელეფონზე ვლაპარაკობ. როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, მთელ დღეს ტელეფონში ვატარებ. ასეთ დღეებში დრო არ მრჩება არც ჰობისთვის, არც ოჯახისთვის, უბრალოდ მთელი დღეები ვმუშაობ. ყოველი ზარი, ყოველი შეტყობინება - ეს არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ ჩემი ცხოვრებაა.

დღეში ზოგჯერ 1000 შეტყობინებას და 50-მდე ზარს ვიღებ. გააჩნია დღეს. მუდმივად ვმუხტავ ტელეფონს.“

  • ცნობილი ფრაზა - Here we go!

სოციალურ ქსელებში რომანო ხშირად პოსტს იწყებს სიტყვებით - “Here we go“. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი ცოტა ხანში გაოფიციალურდება, თუმცა ფანებისთვის უკვე ოფიციალურ სიახლეს ნიშნავს.

ახლა მის პოდკასტსაც ასე ქვია - Here we go!

თავად რომანო ინგლისური "უოტფორდის“ ფანია.

"უოტფორდს“ ვგულშემატკივრობ, იმიტომ რომ 15 წლიდან ამ გუნდით ვთამაშობდი FIFA-ს და Football Manager-ს. მინდა "ვიკარიჯ როუდზე“ უახლოეს მომავალში დავბრუნდე“, - წერდა ფაბრიციო 2019 წელს.

კლუბი საბოლოოდ 2013 წელს შეუყვარდა. თავის "იუთუბ არხზე" ყვებოდა, რომ "ჩემფიონშიფის" ფინალის ფლეი ოფს უყურებდა და იმ გიჟურ ფინალმა თავი შეაყვარა.

"უოტფორდი“ მაშინ ლესტერთან გასვლაზე 1:0 დამარცხდა. სახლში 2:1-ის იგებდა. ამ წყობით "ლესტერი“ გადიოდა შემდეგ ეტაპზე. 96 წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს. თუმცა მანუელ ალმუნიამ სასწაული მოახდინა: პენალტი მოხსნა, შემდეგ დამატებაც მოიგერია, გუნდმა კონტრშეტევა წამოიწყო და 97-ე წუთზე ტროი დანიმ "უოტფორდი“ პრემიერლიგის გასასვლელ ფინალში გაიყვანა.

  • "დიახ, მე "უოტფორდის“ ფანი ვარ. შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ ეს გუნდი ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვგიჟდები ატმოსფეროზე, ემბლემაზე და ყველაფერზე რაც ამ კლუბშია“, - აღიარებს ჟურნალისტი.

თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ექსკლუზივად ზიდანის "რეალიდან“ წასვლას მიიჩნევს. მაშინ რომანომ პირველმა დაწერა.

"ეს იყო სრული ექსკლუზივი. ქუჩაში გავჩერდი და მეგობრებს ვურეკავდი, მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი, რომელმაც ზიდანზე დავწერა“, - იხსენებს რომანო.

თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც დაუწერია რომანოს, მაგრამ ტრანსფერი არ გამართლებულა. თუმცა ამ ყველაფერს სხვა შიდა დეტალები და გარემოება წყვეტდა და რეალურად გარიგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა, რომ გამოსულიყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, რომანო პროფესიონალია, რომელიც სატრანსფერო ბაზრის მონაწილეც გახდა და მასზე გავლენა აქვს.

ეს ისტორია იმ ისტორიების რიგშია, სადაც მთავარმა გმირებმა ყველაფერი თავად, შრომითა და პრინციპულობით მოიპოვეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე