ავტორი:

"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს

"ინფლუენსერი" და "დისნეის" ფიგურების კოლექციონერი, რომელიც მაყურებელმა ახალი სერიალით გაიცნო - ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც გინესის რეკორდის დამყარებას აპირებს

მისი სამომავლო გეგმები მთლიანად სამსახიობო კარიერას უკავშირდება. საერთაშორისო გამოცდისთვის ვემზადებიო. იმედი აქვს, რომ სირთულეებს დაძლევს და მოხვდება სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ამერიკაში ან ირლანდიაში, რადგანაც ამ ორ ქვეყანას განიხილავს.

საუბარია 17 წლის ტიკტოკერ“ ნიკა ღელაღუტაშვილზე, რომლის ახლოს გაცნობასაც ახლა ვაპირებთ. ნიკა აქტიური და მრავალმხრივი ადამიანია. ყველაფერთან ერთად, საინტერესო კოლექციის პატრონიცაა, დისნეის გმირების ფიგურებს აგროვებს და გარკვეულ რაოდენობას თავს რომ მოუყრის, გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს.

- ნიკა, როგორ დაიწყო შენი ამ ფიგურებით გატაცება?

- ადრეული ასაკიდან ძალიან მიტაცებდა დისნეის სხვადასხვა ანიმაცია. მინდოდა, რომ მათთან ახლო შეხება მქონოდა. მაშინვე გავიაზრე, რომ ამისთვის საუკეთესო გამოსავალი "დისნეილენდში" წასვლა იქნებოდა, მაგრამ ძვირი სიამოვნება იყო და ამიტომ ხელმისაწვდომის ძიება დავიწყე...

ჩემი საყვარელი ანიმაცია, რომელიც ძალიან მომწონდა, "ალისა საოცრებათა ქვეყანაშია", მაგრამ ალისას და სხვა პერსონაჟების ფიგურები საქართველოში იმ დროისთვის არ იშოვებოდა. მერე ჩემმა ოჯახმა ჩემთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა. ამერიკიდან ასეთი ფიგურების ნაკრები გამომიწერეს. ნაკრები რომ ჩამოვიდა, უბედნიერესი ვიყავი. დღესაც მახსოვს ის წამები, როგორ მიყვარდა თითოეული ფიგურა...

თავიდან ოჯახი მეხმარებოდა შეძენაში, მაგრამ დღესდღეობით მაქვს ჩემი შემოსავლის წყარო. ასევე უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტებს. როდესაც გაიგეს, რომ მსოფლიო გინესის რეკორდისთვის ვიბრძვი, კოლექციისთვის სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნეს საჭირო ფიგურები. ჩემი სურვილია, მსოფლიო გინესების რეკორდებში მოვიპოვო პირველი ადგილი. უკვე შევაგროვე 8.000-მდე ფიგურა და გამარჯვებისთვის კიდევ 2000-2500 მჭირდება. აქ საუბარია კონკრეტულ კოლექციაზე და დისნეის კონკრეტულ ფიგურებზე.

- ალბათ თაროზე ჩამწკრივებული ფიგურების დასუფთავებას გარკვეული დრო სჭირდება...

- საკმაოდ აქტუალური კითხვაა. ამას ბევრი მეკითხება. საკმაოდ რთული პროცესია, ყველა ბრენდი თავისებურ გაწმენდას მოითხოვს. არსებობს სპეციალური ფუნჯები, ხსნარები და ეს პროცესი შეიძლება ერთი თვეც გაგრძელდეს. შრომატევადი საქმეა, რომელშიც ჩართულია მთელი ჩემი ოჯახი - ბებია, დედა, მამა და და ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით...

- როგორც ვიცი, პარიზის "დისნეილენდში" იყავი და ოცნებაც აიხდინე. როგორი იყო შენი ემოციები იქ?

- 13 წლის ვიყავი ეს ოცნება რომ ამიხდა. ოჯახის სიურპრიზი იყო. მამამ მითხრა, რომ ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა. გული მიგრძნობდა, რომ "დისნეილენდის" საგზური უნდა ყოფილიყო. ჰოდა, წიგნი რომ მომაწოდა, გადავშალე და ავიაბილეთები დავინახე... პარიზის "დისნეილენდი" არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ეს არის ულამაზესი ტერიტორია, სადაც ადამიანი სხვადასხვა ზღაპრის გმირს შეხვდება. ძალიან რეალურები არიან. ატრაქციონები და ყველაფერი თავიდან ბოლომდე დისნეის თემატიკითაა შეფუთული. იქ შემიძლია, წლები გავჩერდე.

წელსაც ვიყავი პარიზის "დისნეილენდში", სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ფინანსებით მოვახერხე. კიდევ ვაპირებ დაბადების დღეზე წასვლას.

- აქტიური "ტიკტოკერი“ ხარ, მოგვიყევი ამის შესახებ, როგორ შემოვიდა ეს პლატფორმა შენს ცხოვრებაში და რა ადგილს იკავებს დღეს?

- "ტიკტოკს“ თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ვიაზრებდი, რომ თუ კარგად წავიდოდა საქმე, ადრე თუ გვიან ამას სერიოზულ ფორმას მივცემდი. 10-12 წლის ასაკში მქონდა ჩემი "იუთუბ“ გვერდი, სადაც ვიღებდი გასართობ კონტენტს და იქიდანაც იყო გარკვეული შემოსავალი. "ტიკტოკერობა“ კარანტინის პერიოდში დავიწყე, პირველივე ვიდეოს 100.000-მდე ნახვა ჰქონდა. მერე მომეცა სტიმული და გავაგრძელე. სახალისო კონტენტს ვიღებდი, - ეს იყო ცნობილი ადამიანების პაროდიები. ასევე მქონდა ჩემი პირადი კონტენტი, თითქოსდა მათ მე ვუღებდი, მერე მონტაჟდებოდა და საკმაოდ კარგი ნახვა ჰქონდა. ექსპრომტად გადავიღე ბებიაც, როცა ის იატაკს გვიდა. მე კი მაგიდაზე ავედი და ცეკვა დავიწყე, ვიდეოში ბებიას გაოცებული რეაქცია დაფიქსირდა. მოკლედ, ამას მოჰყვა ექსპრომტი ვიდეოების სერია. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის უკვე საოჯახო ბიზნესი. ვთანამშრომლობ, ასობით კომპანიასთან, მაქვს წარმატებული ხელშეკრულებები. ამ საოჯახო ბიზნესში ჩართულები ვართ მე, ბებია და ჩემი და.

- ე.ი. ინფლუენსერი ხარ...

- ბევრს ჰგონია, რომ იყო ინფლუენსერი, არის მარტივი საქმე. როდესაც სხვა ადამიანზე გავლენას ახდენ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ასევე ვალდებული ხარ, რუტინულად უზიარო აუდიტორიას ხარისხიანი კონტენტი, როცა ბიზნეს-შემოთავაზებებია, ამას სერიოზულად უნდა უყურო. ჯამში ეს ყველაფერი საინტერესო სახეს იღებს და გარკვეული სახის სირთულეებთან არის დაკავშირებული.

- მსახიობობის ინტერესი როგორ გაგიჩნდა?

- მსახიობობა ჩემთვის პროფესიაა, რომელსაც აქვს საარსებო მნიშვნელობა. როდესაც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ. დაახლოებით 5 წლიდან გადავწყვიტე, რომ ვიყო მსახიობი. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ამ ყველაფერს, ბაღში გარკვეული სპექტაკლები რომ იდგმებოდა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მე უფრო სერიოზულად ვუყურებდი და ვიღებდი იმ ყველაფერს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

ახლა 17 წლის ვარ, პროფესია არჩეული მაქვს და ვაბარებ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე. 10 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ქართული კინო-სერიალების კასტინგში, მაგრამ საქართველოში 90% სამწუხაროდ კრახით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მოტივაცია არ დამიკარგავს, რადგან დღესაც დიდი შემართებით ვარ და საერთაშორისო გამოცდებისთვის ვემზადები.

- ისე, დისნეის პროგრამიდან მოწვევაც მიიღე, გამოცდა გაქვს იქაც ჩასაბარებელი?

- ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რომ მოვხდი, დისნეი "ქოლეჯპროგრამში“, რადგან არსებობს ეტაპები სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები. ვფიქრობ, უნდა გავუმკლავდე, რადგან ბევრს ვმუშაობ და სერიოზული შემართებით ვარ.

- ახალ ქართულ სერიალში "ცვალებად ნიშნებში“ თამაშობ. როგორ მოხვდი და რა როლი გაქვს?

- ახალი ქართული სერიალი "ცვალებადი ნიშნები“ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია. მიმიღია მონაწილეობა მასობრივ სცენებში, ეს კი სრულფასოვანი, საინტერესო როლია, პერსონაჟი მათე. მათესა და შაკოს ურთიერთობა კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია სერიალში.

იშვიათად ვამოწმებ ჩემს პირად შეტყობინებებს და ერთხელაც მაიკო სიხარულიძის შეტყობინება დამხვდა. ის სერიალის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია. მთავაზობდნენ სერიალის სოცქსელების მართვას. ამასთან, მიზერული შანსიც არსებობდა, რომ სერიალშიც მიმეღო როლი, მალევე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზულთან და დიდ პროექტთან მქონდა შეხება. კასტინგებს თავად სოსო ბლიაძესთან გავდიოდი, რომელიც სერიალის რეჟისორია. 10-15 დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩემით დაინტერესდნენ და იმდენად, რომ გადაწყვიტეს სრულიად ახალი პერსონაჟი შეექმნათ, მათე, რომელიც შაკოს ასისტენტი იქნებოდა. მომწონს მათე და მის ტყავში ყოფნა, მაყურებელი მალე გაეცნობა მას. მათეს და შაკოს საინტერესო თავგადასავლები გადახდებათ. ცხადია, სერიალში უამრავი საინტერესო რამ ხდება კიდევ.

სოსო ბლიაძე - რეჟისორი კარგი პიროვნებაა, ნიჭიერი, წარმატებული, მასთან მუშაობა კარიერულად მზრდის, ბევრ რამეს ვსწავლობ. ტაში მინდა დავუკრა სცენარისტებსაც. ბევრი საინტერესო მსახიობი მონაწილეობს, შაკოს როლს სანდრო სამხარაძე თამაშობს, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. საოცარი პარტნიორია, ძალიან კომფორტული, ნიჭიერი, დახვეწილი სამსახიობო მონაცემებით.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლია თანატოლებისთვის?

- აუცილებლად უნდა იყოთ წრფელები, არა "ფეიკი“ ადამიანები. უნდა შექმნათ საინტერესო ორიგინალური კონტენტი, არ უნდა იყოს პლაგიატი. შედეგად ადრე თუ გვიან, ყველაფერი მოვა და ყველაფერს უნდა მისცეთ სერიოზული სახე, პოტენციალი დაინახოთ. საქმე ხარისხიანად უნდა აკეთოთ და გიყვარდეთ. მე ინფლუენსერობა პროფესიად მიმაჩნია.