ავტორი:

უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინაში, საომარ ზონაში დაიღუპა რუსული სახელმწიფო სააგენტო "რიას“ სამხედრო კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი. ინფორმაციას "რია“ ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ზაპოროჟიეს რაიონის მიდამოებში, დაბომბვაში მოყვა რუს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთაგან ოთხი დაჭრილია, ერთი, ჟურავლიოვი კი დაიღუპა.

  • "უკრაინელებმა სამოქალაქო ავტომობილი დაბომბეს. ავტომობილი ზაპოროჟიეს რაიონში, ქალაქ ვასილიევკადან სოფელ ვლადიმიროვკისკენ მიდიოდა“, - წერს რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ევგენი ბალიცკი "ტელეგრამზე“.

რუსული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჟურნალისტების ჯგუფს კასეტური ბომბით დაარტყეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო მედიის კიდევ ოთხმა წარმომადგენელმა და ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს საველე სამედიცინო ცენტრებში.

როგორც "რია" იტყობინება დაჭრილია სააგენტოს ფოტოკორესპონდენტი, კონსტანტინე მიხალჩევსკი. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის განცხადებით კი დაჭრილებს შორისაა "იზვესტიას“ კორესპონდენტი რომა პოსლკოვი და ოპერატორი დიმიტრი შიკოვია. დაბომბვაში მოყვნენ სააგენტო "ტასისა" და ტელეკომპანია "რასიას" კორესპონდენტებიც.

უკრაინელებს ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე