ავტორი:

ომის პერიოდში ესპანეთში შეძენილი მილიონობით ევროს ღირებულების უძრავი ქონება და მდიდრული მანქანები - ვინ არის კომისარი ბორისოვი, რომელიც ზელენსკიმ გაათავისუფლა

ომის პერიოდში ესპანეთში შეძენილი მილიონობით ევროს ღირებულების უძრავი ქონება და მდიდრული მანქანები - ვინ არის კომისარი ბორისოვი, რომელიც ზელენსკიმ გაათავისუფლა

23 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა განკარგულება, რომ ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი ევგენი ბორისოვი თანამდებობიდან მოიხსნას. მის საქმეს კი სამართალდამცველები გამოიძიებენ.

  • ბორისოვი სკანდალური ფიგურაა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ომის პერიოდში მისმა ოჯახმა ესპანეთში უძრავი ქონება შეიძინა, ასევე მისი დედის სახელზე ძვირადღირებული Mercedes-Benz G 63-ია გაფორმებული.

მოგვიანებით, გამოძიება გაგრძელდა და აღმოჩნდა, რომ ბორისოვის ოჯახს არა ერთი, არამედ სამი ლუქს-კლასის მანქანა შეუძენია. ასევე, მისმა მეუღლემ ესპანურ მარბელში საოფისო ფართი იყიდა.

ცნობისთვის, ბორისოვი იმ ოლქის სამხედრო კომისარია, სადაც ყველაზე მტკიცე მობილიზაცია მიმდინარეობს, შესაბამისად ყველაზე ბევრი სკანდალი ხდება და საეჭვო გარემოებები შეინიშნება.

  • 1972 წელს დაბადებული ევგენი ბორისოვი ოდესის სამხედრო კომისრის პოსტზე 2019 წლის 4 ივლისს დანიშნეს.

1992 წელს მან მაშინდელი ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური სასწავლებელი დაამთავრა და სატანკო პოლკის საზენიტო დივიზიაში იმსახურა.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უკრაინის მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის“ რიგებიდან, რადას ექსდეპუტატმა იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა, რომ კომისრის დედამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ესპანეთში, ქალაქ მარბელაში 3.9 მილიონ ევროდ ვილა შეიძინა. მარბელა - ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძვირადღირებული კურორტია. ადგილობრივები - მდიდარი ხალხია. მათი კომფორტისთვის კურორტზე გოლფის მინდვრები, იახტები, ბრენდული მაღაზიები და გამორჩეული ღამის კლუბებია.

კომისრის დედამ, ნაძეჟდა ბორისოვამ ზუსტად ამ ადგილას გადაწყვიტა დასახლება.ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 2022 წლის 15 დეკემბრით თარიღდება - სრულმასშტაბიანი ომიდან და მასშტაბური მობილიზაციიდან თითქმის 1 წლის შემდეგ.

ვილა 2017 წელს არის აშენებული და 1.5-ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. მოსიიჩუკის თქმით, კომისარმა ომის დროს უკრაინაში პრემიალური, 2022 წლის Mercedes G63 AMG შეიყვანა.

მანქანა მისი მეუღლის, ალექსანდრას სახელზეა გაფორმებული. მას სახელმწიფო ნომერი აქვს და როგორც მოსიიჩუკი ყვება, ახლა ავტომობილი ესპანეთშია.

ექსდეპუტატის თქმით, ბორისოვი უზარმაზარ შემოსავალს ე.წ თეთრი ბილეთების გაყიდვით იღებს. ივნისში მედიაში კომისრის ესპანური ვილის ფოტოები გავრცელდა. სურათებზე ჩანს ასევე მისი "მერსედესიც“.

ბოლო პერიოდში ბორისოვების ოჯახმა სამი მანქანა შეიძინა. მათ შორის არის 2023 წლის Toyota Land Cruiser-ი. ჟურნალისტებმა თავად კომისარსაც ჰკითხეს ქონების შეძენაზე. მან იუარა და განაცხადა, რომ მისი ოჯახი ესპანეთში არავითარ ქონებას არ ფლობს. თუმცა როდესაც რეესტრის ამონაწერი აჩვენეს, აღიარა, რომ მისი მეუღლე იქ ვაჭრობით არის დაკავებული და თავად მის საქმეში არ ერევა.

ბორისოვმა აღნიშნა, რომ არ იცის, იყიდეს თუ არა მისმა ნათესავებმა მარბელას სანაპიროზე ვილა. კომსარის თქმით, ცოლი აპირებდა ამ საკითხზე მოგვიანებით დალაპარაკებას. ასევე თავი იმართლა Land Cruiser-ზეც და თქვა, რომ სიდედრმა ძველი მანქანა გაყიდა, დაამატა ფული და ახალი "ტოიოტა“ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებულია არაერთი ვიდეო, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ოდესაშია გადაღებული და ჩანს, რომ ადამიანებს აიძულებენ სამხედრო სამსახურში წასვლას.ვიდეოებში ოდესაში დაინერგა "გაწვევა სასწრაფო სამედიცინო მანქანებიდან“ - რაც გულისხმობს, რომ კომისარიატის თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო მანქანით გადაადგილდებიან და გაწვევისთვის შესაბამისი ადამიანები ქუჩიდან მიჰყავთ.

ასევე, შემოიღეს "მედდათვალიერება“. ეს არის პრინციპი, როდესაც ქუჩაში ადამიანს გადასცემენ გაწვევის საბუთს, თუმცა იქ არის უკვე იძულებითი გაწვევის საბუთი, რაც გულისხმობს რომ პირი, დაუყონებლივ აღიარებულია სამხედრო სამსახურის გამოსადეგად. ამის შემდეგ კი თავის არიდება არა ადმინისტრაციული დარღვეა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.

გამოცემა "სტრანას" ინფორმაციით, ომის დაწყებიდან "თეთრი ბილეთის“ ფასი გაძვირდა. პირველ თვეებში თავის 5-6 ათასი დოლარი ღირდა. 2022 წლის ბოლოსთვის ქრთამის ღირებულება 7-8 ათას დოლარამდე გაიზარდა. ოდესაში ეს რაოდენობა 10-15 ათას დოლარს აღწევს.

ავტორი: ანრი კურტანიძე