სიცოცხლისთვის საშიში ქმედება, რომლისგანაც ყველამ უნდა შეიკავოს თავი - რა უნდა ვიცოდეთ სატრანსფორმატორო პუნქტზე

სიცოცხლისთვის საშიში ქმედება, რომლისგანაც ყველამ უნდა შეიკავოს თავი - რა უნდა ვიცოდეთ სატრანსფორმატორო პუნქტზე

ბავშვობაში ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როცა ეზოში თამაშისას ან არდადეგებზე სოფელში ჩასულებს შეგვიმჩნევია განაპირას მდგარი შენობა, სადაც შესვლას უფროსები ყოველთვის გვიკრძალავდნენ, მიზეზად კი დენის დარტყმის საფრთხეს გვისახელებდნენ.

რამდენჯერ გვქონია ამ შენობაში შესვლის სურვილი, თუმცა შიშის გამო ვერ გაგვიბედავს? თუ ცნობისმოყვარეობამ არ გძლიათ და ასეთი ადგილისგან თავს შორს იჭერდით, მაშინ იღბლიანი ხართ, რადგან ჯანმრთელობის დაზიანებას ან უფრო მძიმე შედეგებს გადაურჩით.

ასეთი ცნობისმოყვარეობა დღესაც ბევრ ბავშვს აწუხებს, უფროსების ნაწილი კი სატრანსფორმატორო პუნქტებში შესვლას ან მიმდებარედ სამუშაოების შესრულებას დღესაც დაუდევრად ეკიდება.

რეალურად, ასეთ ობიექტში შესვლისას დენის დარტყმის რისკი საკმაოდ მაღალია და შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ამ ინფორმაციის მიწოდება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც გარშემო ყველაფრის შესწავლას ან თავიანთი გამბედაობის დამტკიცებას სწორედ საფრთხისშემცველი ქმედებებით ცდილობენ.

როგორც AMBEBI.GE-ს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუმარტეს, ყველა სატრანსფორმატორო პუნქტს აქვს დამცავი ღობე და გამაფრთხილებელი აბრა მაღალი ძაბვის შესახებ, თუმცა მოქალაქეები მასში თვითნებურად შეღწევას პერიოდულად მაინც ცდილობენ, რის გამოც რიგ შემთხვევებში სხეულის მძიმე დაზიანებებს იღებენ:

„სატრანსფორმატორო პუნქტში შეღწევა დაუშვებელია, რადგან იქ თითქმის ყველაფერი დენგამტარია, ამიტომ ელექტროენერგიის გადასვლისა და ფატალური შედეგის ალბათობა მაღალია“, - აღნიშნეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფორმატორო პუნქტების მიმდებარედ სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სამუშაოების შესრულებაც საფრთხისშემცველია, რადგან დენის გამტარი მოწყობილობების გამო შესაძლოა შეიკრას ერთგვარი წრედი და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მივიღოთ. სწორედ ამიტომ სამუშაოების დაწყებამდე უნდა მივმართოთ სატრანსფორმატორო პუნქტზე პასუხისმგებელ კომპანიას და მისგან მივიღოთ ნებართვა ან რეკომენდაციები უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

ასევე აუცილებელია, ბავშვები მათთვის შესაბამისი ფორმით გავაფრთხილოთ, არ ითამაშონ სატრანსფორმატორო პუნქტის მიმდებარედ და არასდროს სცადონ მასთან მიახლოება. ხშირად ისინი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ცდილობენ ხოლმე.

აღნიშნულ ობიექტებში „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ელექტროენერგიის მწარმოებელი სხვა კომპანიების პროფესიონალი თანამშრომლები მხოლოდ უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ და განსაკუთრებული აღჭურვილობით შედიან.

რა შეიძლება მოჰყვეს სატრანსფორმატორო პუნქტში შეღწევის მცდელობას და რატომ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი ქმედებებისგან, ამ თემაზე „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მოქალაქეებისთვის 30-წამიანი ანიმაციური ვიდეო მოამზადა, რომელიც დამდგარ შედეგებს გვიჩვენებს: