ავტორი:

მასშტაბური აქციები ისრაელში - მთავრობის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

მასშტაბური აქციები ისრაელში - მთავრობის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

24 ივლისს, ისრაელის ქნესეთმა სასამართლო რეფორმის ფარგლებში სადავო კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ისრაელის უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება აღარ ექნება. დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ განაცხადა, რომ ორშაბათს სულ მცირე 22 ადამიანი დააკავეს. იერუსალიმსა და თელ-ავივში დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების რეფორმები საფრთხეს უქმნის ისრაელის დემოკრატიას. მთავრობა კი ამტკიცებს, რომ რეფორმა აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად.

ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი გეგმავს, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი კანონის გაუქმების მიზნით მიმართოს. უფრო მეტიც, ათასობით სამხედრო რეზერვისტი, მათ შორის საჰაერო ძალების მფრინავები, პირობა დებენ, რომ კანონის დაშვების შემთხვევაში სამსახურში არ გამოცხადდებიან.

ისრაელის პრეზიდენტმა ორშაბათს გააფრთხილა პოლიტიკური ლიდერები, რომ ქვეყანა "ეროვნულ საგანგებო მდგომარეობაშია".

აღსანიშნავია, რომ ისრაელის უშიშროების სამსახურების ყოფილი ხელმძღვანელები, იუსტიციის მთავარი სასამართლოები და ცნობილი იურიდიული თუ ბიზნეს მოღვაწეები ასევე აპროტესტებენ მთავრობის რეფორმებს. ახალი რეფორმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკრიტიკა:

"სამწუხაროა, რომ კენჭისყრა უმცირესი უმრავლესობით შედგა. გვესმის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გაგრძელდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რათა მოხდეს უფრო ფართო კომპრომისი, თუნდაც ქნესეთის საპარლამენტო არდადეგების პირობებში. გავაგრძელებთ პრეზიდენტ ჰერცოგისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მცდელობაში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.