ავტორი:

კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?

კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?

22 ივლისს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალი მარშრუტით კრუიზზე 850 მგზავრი გაემგზავრა, ლაინერი კი ბათუმში მეხუთე დღეს შევა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას. გარდა ამისა, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძები დაემატა.

"მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი ფრენის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების გაცემა”- ნათქვამია ტელეკომპანია Rossiya 1-ის სიუჟეტში.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას”, - თქვა მუზაფერ ოზმა, საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილემ.

Astoria Grande ვებსაიტზე მორიგი "ვარსკვლავური" კრუიზის შესახებ იუწყება. სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭის მარშრუტზე. ის სოჭს 29 ივლისს დატოვებს.

"ვარსკვლავური" კრუიზის ღირებულება 100 000 რუბლს აღემატება (დაახლოებით 1100 აშშ დოლარს).

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გემის ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

"გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ი ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.