ავტორი:

"აღარავისი ვალი აღარ მაქვს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ, ვეღარც დავთმობ... გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს" - რას წერს აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი "ზუმბა"

"აღარავისი ვალი აღარ მაქვს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ, ვეღარც დავთმობ...  გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს" - რას წერს აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი "ზუმბა"

მუსიკოსი ზაზა კორინთელი ("ზუმბა") საქართველოდან 2015 წელს წავიდა. "ზუმბამ" ემიგრაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია და მას შემდეგ, კალიფორნიაში ცხოვრობს.

მუსიკოსი ამერიკაში თავის ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მუსიკალურ კარიერას ოკეანის მიღმა აგრძელებს. საქართველოში მას შემდეგ აღარ ჩამოსულა, თუმცა დღემდე უამრავ ადამიანს ახსოვს "ზუმბას" საფირმო ჰიტი "ვაშლის გამყიდველო“ და "ზუმბალენდთან“ ერთად განვლილი მუსიკალური გზა.

სოციალურ ქსელში პერიოდულად ქართველებისთვისაც პოსტავს და აქაურ ამბებს ეხმიანება, წერს საკუთარ თავზეც, ცხოვრების წესზე, რომელიც ამერიკაში აქვს. სწორედ ამ თემას მიუძღვნა ერთ-ერთი ბოლო პოსტი.

ზაზა კორინთელი:

- მიმდინარე წლებია ჯანმრთელად ვცხოვრობ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ნარკოტიკებიც ყოველთვის მეზიზღებოდა, ტყუილსაც და ფუჭ, უაზრო ურთიერთობებსაც ვერ ვიტან. ბოზებშიც არ დავდივარ, ვერ ვკაიფობ ერთჯერადი ურთიერთობებით. ამ ბოლო დროს შემოქმედებითი სივრცეებიც გააქტიურდა და ახალი ეტაპები მოსჩანს ჰორიზონტზე. ამერიკაში თავი ემიგრანტად არასდროს მიგრძვნია. კალიფორნია, მითუმეტეს, ჩემია, მიყვარს და სულ მთლად სახლში ვარ. არანაირი შრომა არ მეთაკილება და არ მეზარება.

თავისუფლებაც მოვიპოვე, პირადიც და ფინანსურიც. საერთოდ აღარავისი ვალი აღარ მაქვს, საკუთარ სინდისთანაც პირნათელი ვარ. მომწონს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ, ვეღარც დავთმობ ვეღარასოდეს, თან საკმაოდ ძვირსაც ვიხდი ამაში და მიღირს. ამ ეტაპზე მყოფნის, რაც გამაჩნია.

ჩემს წილ ქართულ საქმეს რაც შეეხება, ვთვლი, რომ კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას კვლავაც მშვენივრად ვეწევი. გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს, უახლოესი ძვირფასი ადამიანები და ნამდვილი გულშემატკივრები მენატრება მხოლოდ. ვცურავ ხშირად, წონაც დავასტაბილურე, შაქარიც და წნევებიც.

ჯანმრთელად ვიკვებები და ვტესტავ სხვადასხვა კულინარიულ გემოებს დიდი სიამოვნებით. ვხალისობ და ვგიჟდები იუმორის ნებისმიერ მიმართულებაზე. საკმაო რაოდენობის ხარისხიანი და ნამდვილი მეგობრებიც მყავს. ამ ბოლო დროს ვაკვირდები და სამამულო წარმოების ნევროზები და დეპრესიებიც უკვე ვეღარ ძლებენ ჩემთან, აღარც დრო მაქვს ამისთვის, პრინციპში...

სიცოცხლე მიხარია და მინდა ღრმა მოხუცებულობამდე ღირსეულად და ნაყოფიერად ვიცხოვრო. მადლობა ღმერთს, ამერიკას და თქვენ ყველას ამისათვის. ბედნიერი ვარ, რომ მივაბიჯებ ადამიანობისკენ და ადამიანობისთვის სავალ ჩემეულ გზაზე. მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო...მშვიდობა, ღირსება, უფრო მეტი სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის უნარი მსოფლიოს", - წერს მუსიკოსი.