ავტორი:

"ყაზახეთიდან ექვსი აქლემი თვითმფრინავით წამოვიყვანეთ... ინფორმაცია მაშინ კონტროლდებოდა“ - უცნობი ისტორიები 15-მილიონიანი ფილმის კულუარებზე, რომელიც საქართველოში გადაიღეს

"ყაზახეთიდან ექვსი აქლემი თვითმფრინავით წამოვიყვანეთ... ინფორმაცია მაშინ კონტროლდებოდა“ - უცნობი ისტორიები 15-მილიონიანი ფილმის კულუარებზე, რომელიც საქართველოში გადაიღეს

"ყაზახეთიდან ექვსი ერთკუზიანი აქლემი თვითმფრინავით წამოვიყვანეთ. აქლემებს თვითმფრინავში რომ ვსვამდით და ავფრინდით, იმ მომენტში მივიღეთ ყაზახური მედიის სტატიები სათაურით - “უდაბნოს ხომალდები საქართველოში გადაღებებზე გაფრინდნენო” - ჰყვება "სარკე სტუდიას" ადმინისტრაციის დირექტორი ლადო ჩალათაშვილი და ფილმ the ledy of heaven საქართველოში გადაღების დეტალებს გვიამბობს. ფილმის გამო რუსთავთან დეკორაციული ქალაქიც აშენდა. ფილმის ბიუჯეტი 15 მილიონს შეადგენდა. მისი გადაღებების შესახებ დეტალები დღემდე ბევრისთვის გასაიდუმლოებულია:

- ბატონო ლადო, საქართველოში არაერთი საერთაშორისო პროექტი განახორციელეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- იდეა პირველად 2011 წელს გაჩნდა, როდესაც სარეკლამო ბიზნესმა საქართველოში კრიზისი განიცადა. იმ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ "სარკე სტუდიამ“ გადავწყვიტეთ კინოწარმოებაზე გადავრთულიყავით. ამ მიზნით საზღვარგარეთის ძალიან ბევრი ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიებს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გადასაღები ლოკაცია, გავაცანით... უკვე დაახლოებით 25 საერთაშორისო პროექტი გვაქვს ნაწარმოები. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო ფილმი the ledy of heaven, რომელიც ბრიტანულ ჯგუფთან ერთად განვახორციელეთ. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იყო. ამ ფილმის საპროდიუსერო ჯგუფი, მაგალითად გავიცანით, “გადაიღე საართველოს” მიერ მოწყობილი, უცხოელი პროდიუსერების ქვეყანაში ერთერთი გაცნობითი ვიზიტისას. სწორედ ამ პროექტის დახმარებით შედგა პირველი კონტაქტი და ამის შემდეგ მივედით ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებამდე.

ქართული მხრიდან ისეთი გადასაღები ობიექტები მოითხოვეს, ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც მანამდე არ იყო განხორციელებული. მექა და მედინა თავიდან ბოლომდე ავაშენეთ... სიუჟეტის მიხედვით მექა დაინგრა და მედინა დარჩა... ვაზიანში დარჩენილი დეკორაციული სოფელი - მედინაა... მექა შედარებით პატარა იყო.

ამ ლოკაციისთვის ბევრი პრობლემა იყო, მაგალითად, პალმები... ლამის ჩინეთიდან მოგვიხდა ჩამოტანა, მაგრამ ისევ ჩვენმა მრავალფეროვანმა კლიმატმა გვიშველა და სამეგრელოდან ჩამოვიტანეთ... აქლემების ჩამოყვანა კი სხვა ქვეყნიდან მოგვიხდა...

კადრი ფილმის გადაღებებიდან

- საიდან და როგორ ჩამოიყვანეთ აქლემები?

- აქლემები ყაზახეთიდან თვითმფრინავით ჩამოვიყვანეთ... სხვათა შორის, ამას ადგილობრივ მედიაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა... ყაზახეთის და საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ძალიან დაგვეხმარნენ.

საქართველოს მხრიდან, სურსათის უვნებლობის სააგენტო... რომ არა მათი დახმარება, შეუძლებელი იქნებოდა აქლემების ხუთ დღეში ჩამოყვანა. ყაზახეთის იმ ოლქში, სადაც ჩავედით, აქლემი ძალიან ბევრია, მაგრამ აუცილებლად ერთკუზიანი უნდა ყოფილიყო, რადგან არაბულ ესთეტიკაში ორკუზიანი აქლემი არ არის. ერთკუზიანი აქლემი საქართველოში ერთიც კი არ გვყავდა.

ყაზახეთიდან ექვსი ერთკუზიანი აქლემი თვითმფრინავით წამოვიყვანეთ. აქლემებს თვითმფრინავში რომ ვსვამდით და ავფრინდით, იმ მომენტში მივიღეთ ყაზახური მედიის სტატიები სათაურით - “უდაბნოს ხომალდები საქართველოში გადაღებებზე გაფრინდნენო”... გადაღებების შემდეგ ეს აქლემები ზოოპარკს გადავეცით. თბილისის ზღვასთან მდებარე ახალ ზოოპარკში არიან, რადგან იქ კლიმატური პირობები უკეთესი აქვთ, ვიდრე დაბლა. აქ კიდევ რამდენიმე აქლემი დაიბადა, მრავლდებიან...ყაზახეთიდან ასევე ორასამდე გაწვრთნილი, ანუ მსახიობი ცხენი ჩამოვიყვანეთ... მოგვიწია აქლემებისთვის აღჭურვილობის, უნაგირების მოძიება, სპეციალური გადასაადგილებელი ქოხების დადგმა... რაღაცების ადგილზე შექმნა, შემდეგ რაღაც ნაწილის ირანთან ახლოს, აზერბაიჯანის საზღვართან ყიდვა...

რაც შეეხება გადამღებ ჯგუფს, მთელი მსოფლიოდან იყვნენ, მაგრამ ჯგუფის უმეტესობას ქართველები წარმოადგენდნენ. საკმაოდ დიდი, 250 კაციანი ჯგუფი მუშაობდა... მთელი საკონსტრუქციო სამუშაოები ქართველი დეკორატორების მიერ არის შესრულებული. ყოფილი საბჭოთა სივრციდან და არა მარტო, პროდიუსერები რომ ჩამოდიან, რატომღაც წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოში სამხატვრო კონსტრუქციების მაღალი კლასი არ გვაქვს. შემდეგ ჩვენს გადაღებულ ფილმებს რომ ვაჩვენებთ, გაოცებული რჩებიან ასეთი ძლიერი პროფესიონალების ნამუშევრებით...

დეკორაციული სოფელი

- ადგილობრივი პრესისთვის ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო?

- ამაზე მასშტაბური პროექტებიც განგვიხორციელებია, შესაბამისად, ინფორმაცია კონტროლდება... როგორც წესი, უცხოური მხარე ყოველთვის ითხოვს, მედიის ყურადღება მინიმუმზე იყოს დაყვანილი. ვარსკვლავური მსახიობების, საპროდიუსერო კომპანიის გამო, ან ისეთი მარკეტინგული სტრატეგია აქვთ არჩეული, რომ ფილმის გამოსვლამდე არაფრის გახმაურება სურთ...

- რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები ქვეყნის პოპულარიზაციისთვის?

- კონკრეტულად ამ ფილმში საქართველოს ვერ დაინახავს მაყურებელი, გარდა იმისა, რომ საქართველოშია გადაღებული... ფილმში არაბეთია თავის შინაარსით წარმოდგენილი და შემდეგ სიუჟეტი თანამედროვე ერაყში ვითარდება. შესაბამისად, ტურიზმის პოპულარიზაციაზე ამ ფილმს დიდი გავლენა არ ჰქონია.

აქ ცნობადობას არა კადრი, არამედ წარმოების ადგილი ამაღლებს... არის ფილმები, სადაც საქართველო პირდაპირ ჩანს, მაგრამ ასეთი ფილმებიც თავის სათქმელს ამბობს. მრავალ ფესტივალზე გადის, გაქირავებაშია. ხაზგასმა ხდება, სად არის ეს ფილმი ნაწარმოები და იყო ჩვენს ერთ-ერთ ფილმზე საინტერესო შემთხვევა: ცნობილი ფრანგი რეჟისორის ფილმი, როგორც ფილმი, 2015 წელს კინოკრიტიკამ დაიწუნა, მაგრამ ამერიკულმა კინოკრიტიკოსებმა თქვეს, რომ წარმოების ხარისხი, დონე, რაც ჰქონდა საპროდიუსერო ჯგუფს საქართველოში, ეს აღმოჩენაა მსოფლიო კინოწარმოებისთვისო. იმის შემდეგ საქართველოსკენ ძალიან დიდი რაოდენობით საპროდიუსერო კომპანიები წამოვიდა.

ახლაც მთავარი გზავნილი ის იყო, რომ მსოფლიოს კინოწარმოებამ კიდევ ერთხელ ნახა, რომ საქართველოში ნებისმიერი ეპოქის შექმნაა შესაძლებელი. აქამდე კლიმატური ზონებით ვიყავით უპირატეს მდგომარეობაში.

ჩვენი ისტორია, ერთ-ერთ ამერიკულ კინოკომპანიასთან ჩვენი შეხვედრა ამის ხაზგასმით დაიწყო, რომ ჩვენ ტერიტორიულად ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ხუთი კლიმატური ზონა გაგვაჩნია. მაგალითად, გუდაურში ფილმს ვიღებდით, რომელიც ინდუსების პროექტი იყო. ერთ მხარეს რომ გადავიღეთ, შემოვატრიალეთ კამერა და მეორე სცენა გადავიღეთ. ინდუსი პროდიუსერი ჩემთან მოვიდა და მითხრა, ეს ფილმი რომ ინდოეთში გადამეღო, ამ ორ კადრს შორის მანძილი 2 ათასი კილომეტრი იქნებოდაო... ანუ მთელი გადამღები ჯგუფი უნდა წაეყვანათ 2 ათასი კილომეტრი გაევლოთ, ჩვენ კი მხოლოდ კამერის შემობრუნება დაგვჭირდა...

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაბრკოლებაა...ჯერ პანდემიამ კატასტროფულად იმოქმედა, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა, უსაფრთხოების საკითხებმა... საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები საქართველოში წამოსული პროექტების დაზღვევისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, ახლა ისეთი მოცემულობა გვაქვს, დიდბიუჯეტიან და მაღალი კატეგორიის მსახიობების მონაწილეობით ფილმების საქართველოში ჩამოტანა პრობლემა გახდა...

- გამოსავალი რა არის?

- "აწარმოე საქართველოშის" ქვეპროექტია "გადაიღე საქართველოში“... საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „გადაიღე საქართველოში“ ერთობლივი პროექტები უნდა შექმნან, ერთობლივი ქმედებები განახორციელონ... ამ თვალსაზრისით “გადაიღე საქართველოს” წარმომადგენლები, მცდელობას არ აკლებენ თუმცა ახლა მოცმეულობა შეცვლილია და პოსტპანდემიურ პერიოდში, კონკურენცია სახეშეცვლილია.

ჩვენს კომპანიას დამზადებული გვაქვს ბუკლეტები, სადაც ჩანს ის პოტენციალი, რაც ქვეყანას გააჩნია. ეს ბუკლეტები კულტურული და ეკონომიკური ატაშეების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებში უნდა დაიგზავნოს, ინფორმირებული რომ იყვნენ მასპინძელ ქვეყნებში, საქართველოს კინოწარმოების პოტენციალის შესახებ... საჭიროა განცხადება გაკეთდეს, საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან, რომ საქართველო უსაფრთხოა მსგავსი პროექტებისთვის და ამას გაითვალისწინებენ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებიც. ურიგო არ იქნებოდა მათთან მოლაპარაკებების წარმოებაც აღნიშნულ საკითხზე. პოზიციაა დასაფიქსირებელი, რომ საქართველო პანდემიისა და რეგიონში ომის მიუხედავად, ისევ მზად არის საერთაშორისო კინოწარმოების პროექტები მიიღოს.

ჩვენი კომპანია ძალიან ბევრს აკეთებს არა მარტო კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მთელი ქვეყნის კინო წარმოების რესურსი ავსახეთ ზემოთ ნახსენებ ბუკლეტებში და ვცდილობთ საქართველოში მოვიზიდოთ პროექტები, ეს ხალხი დავიბრუნოთ...

- ვინაიდან საქართველოში ინფრასტრუქტურა ბევრგან გაუმართავია, რამდენად მასშტაბური სამუშაოების შესრულება გიწევდათ ?

- ძალიან მასშტაბური... მაგალითად, წალკაში სასტუმრო რომ არ არსებობდა, 80 სახლის გარემონტება მოგვიხდა. თან იმ დონეზე გავარემონტეთ, ფრანგები ცხოვრობდნენ და ძალიან კმაყოფილიც დარჩნენ. მხოლოდ კი არ გავარემონტეთ, აპარატურაც კი შევიტანეთ. როდესაც პროექტი დასრულდა და წამოვედით, რასაკვირველია, ყველაფერი ხალხს დავუტოვეთ. ასეთი მაგალითები კიდევ მრავლად იყო, რაზეც საუბარი შორს წაგვიყვანს.

წაიკითხეთ ასევე: