ავტორი:

"ვაგნერელები" დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"

"ვაგნერელები"  დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"

თვეზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთსა და ბელარუსში "ვაგნერის" თემა თავის ტკივილად რჩება. ლუკაშენკოს განცხადება, რომლის თქმითაც, გამოცდილი "ვაგნერელები" მის არმიას კიდევ უფრო გააძლიერებენ, ბევრს ნაკლებად დამაჯერებელი ეჩვენება.

პრიგოჟინის სამხედრო ამბოხის შემდეგ, პუტინი და ლუკაშენკო პირისპირ ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

"ვაგნერელები" ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებდნენ - დასავლეთში გვინდა, ნება მოგვეცით დასავლეთში წავიდეთო... მე კი ვეკითხებოდი, რად გინდათ დასავლეთში-მეთქი, რაზეც მპასუხობდნენ, ექსკურსიაზე გვინდა წასვლა, ვარშავაში, ჟეშუვშიო" - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

გამოცემა ekhokavkaza.com-ის ცნობით, ჟეშუვში არის სამხედრო აეროდრომი, სადაც პოლონეთს ის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება აქვს განთავსებული, რომელიც უკრაინაში დასავლეთიდან ჩადის.

"ამიტომაც, ლუკაშენკოს მიერ "ვაგნერელების" მხრიდან ე.წ. ექსკურსიის ხსენებაზე პუტინს ჩაეღიმა, რაც ვითომ უკრაინისთვის ირიბი მუქარაა" - მიაჩნია გამოცემას.

  • ბელარუსი დიქტატორის ვითომ იუმორით გამოთქმული მოსაზრების პარალელურად, ანტიკრემლისტური რუსული მედია წერს, რომ ჯერ კიდევ პრიგოჟინის სამხედრო ამბოხამდე დასავლეთში გაქცევასა და თავშესაფრის თხოვნას, უამრავი "ვაგნერელი" არასამთავრობო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დახმარებით ცდილობდა, ახლა კი, მათი რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზარდა.

"ისინი ამხელენ რუსეთის ხელისუფლებას იმ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელსაც ჯერ კიდევ წლების წინ სხვადასხვა ქვეყანაში კრემლის დავალებით ასრულებდნენ. ასევე ჰყვებიან, რა დანაშაულებრივ დავალებებს აძლევდნენ უკრაინაში. ისინი თავდაპირველად, დროისა და საქმეების მითითებით, დოკუმენტურ მასალებს აწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც ერთგვარი გარანტია, გაუადვილონ მათ დასავლეთში მოხვედრა, შემდეგ კი, აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ. ამიტომ მათზე რუსულ ეფესბეს ნადირობა აქვს გამოცხადებული" - წერს რუსული გამოცემა.

სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინის სამხედრო ამბოხზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ცდილობს, საუკეთესო გამოსავალი იპოვოს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, იმავე შეხვედრაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ გეგმებზე მუშაობენ, რაზეც ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნატო ემუქრება მათ, რაც იმაში გამოიხატება, რომ პოლონეთმა ბელარუსის დასავლეთის საზღვარზე სამხედრო ძალები გადაისროლა.

"ეს კი ნიშნავს, რომ მათ დასავლეთ უკრაინის ოკუპირება უნდათ, ჩვენ კი ამის უფლებას ვერავის მივცემთ... ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა ნატოს ძალების ოკუპაციისგან დაიცვას. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რადგან ჩვენგან დახმარებას ელიან" - განაცხადა ლუკაშენკომ.

იგივე განცხადება რამდენიმე დღის წინ პუტინმაც გააკეთა. მისი თქმით, ვარშავის გეგმაში შედის უკრაინის დასავლეთ ნაწილის ანექსირება. პოლონეთში განაცხადეს, რომ პუტინი ცდილობს, უკრაინას ბელარუსის მხრიდან შეიტიოს ან იმიტაცია შექმნას, თითქოს აპირებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაბნეულობა შეიტანოს.

სამხედრო ექსპერტის ალექსეი გეტმანის თქმით, რუსეთს უკვე აღარ შესწევს რესურსი კიდევ ერთი ფრონტი გახსნას, თუნდაც ბელარუსის მიმართულებით. საქმე ის არის, რომ არც თავად ლუკაშენკოს სურს პირდაპირ სამხედრო აგრესიაში ჩაბმა, რადგან ამ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მიჩუმებული სიტუაცია ხელახლა გამწვავდება...