ავტორი:

"ეს ინფორმაცია "ფეიკია", დღეს ქორწილში ვაპირებ, გავერთო" - რას წერს ნუცა ბუზალაძე და რეალურად რომელმა ქართველმა იმღერა ლეონიდ აგუტინის კონცერტზე?

"ეს ინფორმაცია "ფეიკია", დღეს ქორწილში ვაპირებ, გავერთო" - რას წერს ნუცა ბუზალაძე და რეალურად რომელმა ქართველმა იმღერა ლეონიდ აგუტინის კონცერტზე?

ნუცა ბუზალაძე გუშინ, იტალიის დედაქალაქ რომში მეგობრის ქორწილს დაესწრო. ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თუმცა ქორწილის დღეს ბუზალაძის გვერდზე საკონცერტო აფიშა გამოჩნდა, სადაც ეწერა, რომ ის 26 ივლისს ლეონიდ აგუტინთან ერთად გამართავდა კონცერტს. მომღერალმა აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და საპასუხოდ დაწერა:

"მეგობრებო, ეს ინფორმაცია არის fake, დღეს ჩემი მეგობრების ქორწილია რომში და ვაპირებთ კარგად გავერთოთ. ეს ბანერი ვინ გააკეთა, ნამდვილად არ ვიცი. მადლობა, ნახვამდის".

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე დასწრების გამო, ერთი თვის წინ ბუზალაძეს სამშობლოში სერიოზული პრობლემები შეექმნა. გაუქმდა მომღერლის პირველი სოლო კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი. (წაიკითხეთ: "ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას... ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი" - რას წერს ნუცა ბუზალაძე მოსკოვურ საღამოსთან დაკავშირებით?)

რაც შეეხება აგუტინს, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ სად მართავდა ამ დღეს რუსი მომღერალი კონცერტს და აღმოჩნდა, რომ 26 ივლისს აგუტინს ნამდვილად ჰქონდა იტალიაში კონცერტი, ხოლო, საღამოზე სპეციალური სტუმარი ნუცა ბუზალაძე კი არა, ქართველი შემსრულებელი მერაბ ამზოევი გახლდათ. ამზოევი წლების წინ მუსიკალური პროექტით გაიცნო საზოგადოებამ და როგორც ჩანს, კარიერას უცხოეთში და მათ შორის რუსეთშიც აგრძელებს.

გალა ვახშამი ლეონიდ აგუტინის მონაწილეობით 26 ივლისს, იტალიაში, Forte dei Marmi-ში გაიმართა.

"ზაფხულის დაუვიწყარი საღამო მდიდრულ Twiga Forte dei Marmi-ში ფუფუნებისა და სილამაზის მომხიბვლელ ატმოსფეროში შედგება, რომელიც გარშემორტყმულია ტოსკანური რივიერას წარმოუდგენელი პეიზაჟებით.

სტუმრები მიირთმევენ საუკეთესო მზარეულების მიერ მომზადებულ გურმანულ ვახშამს, ევროპული ღვინის სახლების ელიტარულ ღვინოებს და ბევრ სიურპრიზს, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება სპეციალური სტუმარის მერაბ ამზოევი, პოპულარული ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, ქავერ არტისტი უნიკალური პერფორმანსით.

არ გამოტოვოთ ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ღონისძიება!..“ - ვკითხულობთ საღამოს მოსაწვევში.

რაც შეეხება ამზოევს, როგორც ჩანს, მომღერალმა მეგი გოგიტიძესავით შეაყვარა თავი რუს მსმენელს, რადგან აგვისტოს თვეში დაგეგმილი აქვს ტურნე, სადაც რუსეთის ქალაქებს მოივლის, მათ შორის გამოსვლა ექნება მოსკოვშიც.

როგორც გავარკვიეთ, ამზოევი საქართველოშიც აგრძელებს კარიერას, ის შევარდნაძის გარდენიას კაფეში პარასკეობით სტუმრებისთვის მღერის. ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 268 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა სულ რაღაც 24 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.