ავტორი:

"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს

"აფრიკაში გავიზარდე, ირგვლივ საოცარი სილამაზეა... ბუნება მიყვარს, მაგრამ უმეტეს დროს ოთახში, ხატვაში ვატარებ" - ქართველი გოგონა დიდი ნიჭით და ნამუშევრები, რომელიც ხალხს აღაფრთოვანებს

"ნიჭის აფეთქება" - ასე აფასებენ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვის მარიამ ჯანელიძის შემოქმედებას და თვლიან, რომ შეუძლებელიც კი არის ამ ასაკის თვითნასწავლი მხატვარი ასეთ ნამუშევრებს ქმნიდეს...“

ახალგაზრდა მხატვარს უამრავი გასაოცარი ნამუშევარი აქვს შექმნილი. საკუთარ შემოქმედებაზე ის სამხრეთ აფრიკიდან გვესაუბრა...

- პროფესიულ სასწავლებლებში არ მისწავლია. ხატვა ინტერნეტის დახმარებით თავად ვისწავლე. ახლაც ვაგრძელებ ინტერნეტიდან სწავლას, თუმცა ძირითადად საკუთარი ნამუშევრების ანალიზით ვსწავლობ. როდესაც ერთ ნამუშევარს დავასრულებ, ვცდილობ დავუკვირდე მომავალში რა შემიძლია გავაუმჯობესო. ზოგჯერ არის, რაც მინდა რომ არ გამომდის. როცა გამირთულდება ხოლმე, ვცდილობ მეთოდის შეცვლას, მანამ სანამ არ გამომივა. ზოგჯერ კი ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობ არსებული მეთოდების შესახებ და ვცდილობ მათ მორგებას. ერთი-ორჯერ ისე გამირთულდა ნახატის ერთი ფრაგმენტის დამუშავება, ამ ფრაგმენტის ამოშლა და მის ნაცვლად სხვისი ჩანაცვლება გადავწყვიტე. გარკვეული დროის შემდეგ, მაინც შევძელი სირთულის გადალახვა. ამ სახის გამოცდილება საკუთარ ნახატებზე მუშაობისას სწავლის მთავარი წყროა.

- მშობლებიც ხატავენ, გვიამბეთ მათზე...…

- დედას უყვარს ზეთში ხატვა. ის ძირითადად პორტრეტებს და ყვავილებს ხატავს. მისი სტილი რეალიზმთანაა ახლოს. მამაჩემიც ბოლო დროს ზეთში ხატავს. მას სპეციფიური სტილი აქვს პორტრეტების და ბუნების ხატვის. ნედლ ფერს იყენებს და ხაზის მუშაობას. მამა მათემატიკოსია, მაგრამ ბავშვობიდან ხატავს. მისი ადრინდელი ნახატები უმეტესად ილუსტრაციის სტილშია.

- რატომ არ მონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში?

- ალბათ იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჯერ ბევრი არ მიფიქრია. სოციალურ ქსელში კი ვანთავსებ ჩემ ნახატებს. თქვენთან ჩემს წინა ინტერვიუს 33000 გაზიარება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ინტერვიუს წყალობით უკვე ალბათ 100000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ჩემი ნახატები. ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამისთვის დიდად მადლობელი ვარ. მომავალში ნამდვილად ვაპირებ კონკურსებში და გამოფენებში მონაწილეობას.

- ყველაზე ხშირად რა მიმართულების ნამუშევრებს ქმნით, ისევ პორტრეტები, ცხოველები, ბუნება?

- ძირითადად პორტრეტებს... ადამიანის სახეში ასახული ემოცია ჩემთვის საინტერესო ხატვის თემაა. პორტრეტში ადამიანის სულიერი აურა იგრძნობა. ასევე სხვადასხვა დეტალის გადმოცემა და პორტრეტში დეტალების დიდი მრავალფეროვნებაა, საინტერესო პროცესია. ორი ტიპის პორტრეტები მაქვს: შავ-თეთრი ჩანახატები, რასაც დიდი დრო არ ჭირდება, და დეტალური ფერადი ნახატები, რომელთაგანაც თითოეულზე რამოდენიმე თვე შეიძლება ვიმუშაო. ძირითადად იმის გამო რომ სკოლა დიდი დროს მართმევს.

- თქვენზე სამხრეთ აფრიკელი მხატვრის იაკობ ჰენდრიკ პიერნიფის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ქართველებიდან ელენე ახვლედიანი მოგწონთ... კიდევ ვინმე მიემატა?

- შეიძლება ითქვას რომ არა, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე მხატვრებს რომელთა ნამუშევრებს ინსტაგრამის მეშვეობით ვეცნობი. მაგალითად ასეთია 18 წლის ამერიკელი მექსიკელი მხატვარი, კამილა სალინასი. მისი ნახატები სურეალიზმის და რეალიზმის საინტერესო კომბინაციაა.

- გვიამბეთ სამხრეთ აფრიკის იმ გარემოზე, სადავ გაიზარდეთ და დღესაც ცხოვრობთ...

- გავიზარდე კეიპ ტაუნში. ახლა კაიპ ტაუნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, სტელენბოშში ვცხოვრობ. ამ ქალაქის ირგვლივ ბევრი ლამაზი ვენახია და ასევე ბევრი სალაშქრო ბილიკი, რომელსაც ბუნების სიღრმეში მიყავხარ. ქალაქის ერთ მხარეს მთებია, ამ მთებიდან კი ულამაზესი ხედები. ქალაქის ცენტრიც ლამაზადაა მოწყობილი. სავსეა მყუდრო კაფეებით და მაღაზიებით. ასევე არაერთი მუზეუმი და გალერეაა ქალაქში. სტელენბოშში არაერთხელ შეგხვდება აქაური სკულპტორის მიერ შექმნილი ნამუშევრები. აქვეა სხვადასხვა ცხოველების პარკები: მაიმუნების პარკი, ლომების პარკი, ჟირაფების პარკი, და სხვა... ოკეანეც არაა შორს და არაერთი ლამაზი სანაპიროა. მართალია მიყვარს ბუნებაში გასვლა, მაგრამ უმეტეს დროს ჩემს ოთახში, ხატვაში და მეცადინეობაში ვატარებ...

- თქვენს ავტოპორტრეტზე, სხვა ნახატებზეც რომ გვითხრათ..

- ადრე კინოების და სატელევიზიო სერიალების პერსონაჟებს ვხატავდი. ახლა თანდათან გადავდივარ ჩემი საკუთარი ორიგინალური ნახატების შექმნაზე. ჩემი ავტოპორტრეტი საკმაოდ დიდი პროექტი იყო. სამი თვის განმავლობაში ვხატავდი. იმის გამო რომ ნახატი უფრო დიდი ფორმატის ქაღალდზეა შესრულებული, ბევრი დეტალი იყო დასამუშავებელი. დეტალებზე მუშაობა საინტერესოა. მაგალითად, თმის რეალისტურ გამოყვანას საჭიროებს დანით წვრილი ზოლების ამოკაწვრა. ფანქრით მუშაობისას ფერების არევა ნამუშევარზე ხდება (განსხვავებით საღებავებით ხატვისას, სადაც ფერების არევა შესაძლებელია პალიტრაზე). მაგალითად, სახის ტონის მისაღებად ფერების არევაა საჭირო. ეს საინტერესო პროცესია, სადაც ჯერ მკაფიო ქვეტონები დგინდება და შემდეგ ამ ქვეტონზე სხვა, უფრო ნეიტრალური ტონები იდება, რაც საკამოდ ფაქიზი პროცესია. სასურველია შეცდომების თავიდან არიდება, რადგან საშლელის გამოყენება ფერადი ფანქრებით ხატვისას მარტივი არაა. ბოლომდე ფერის ამოშლა ვერ ხერხდება. რაც შეეხება სხვა ნახატებს, ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრისგან შეკვეთა მივიღე. მისი ბებიის პორტრეტი დავხატე, დაბადების დღისთვის. უკვე ხუთი თვეა ჩემ თავს ვხატავ, ამჯერად საღებავებით. სკოლის გამო პროგრესი ნელია.

- საქართველო როგორია თქვენს მეხსიერებაში?

- საქართველოში მალე ჩამოვდივარ და მინდა გამოფენა მოვაწყო. საქართველო ჩემ მეხსიერებაში ლამაზი ხედებითაა სავსე. მახსოვს თბილისი, წაღვერი, ბათუმი. წაღვერში მარწყვის კრეფა მიყვარდა. მახსოვს ასევე თბილისის ანძა, რომელიც ფანჯრიდან კარგად ჩანდა. ბოლოს საქართველოში ოთხი წლის წინ ვიყავი. ჩემი ბებია-ბაბუა დედის მხრიდან, ჩემი დეიდა და დეიდაშვილები, აჩი და ტასო, და მამაჩემის დეიდა ძალიან მომენატრენ და მიხარია რომ მათ მალე ვნახავ.