ავტორი:

"დაბომბვაში მოყვნენ და ამ დროს დაიღუპა აჩიკო... ის "შავი არწივის" მეთაური იყო და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა" - რას ჰყვებიან დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?

"დაბომბვაში მოყვნენ და ამ დროს დაიღუპა აჩიკო... ის "შავი არწივის" მეთაური იყო და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა" - რას ჰყვებიან დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?

უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. 35 წლის აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა, არიან დაჭრილებიც.

ცნობილი ხდება, რომ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები თანამებრძოლის გამოყვანის პროცესში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი უკრაინული ბატალიონის 28-ე ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის “შავი არწივის" მეთაური იყო. მეომარი შიდა ქართლიდან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

აჩიკო დევრისაშვილის თანამებრძოლი:

"გუშინ საღამოს უკრაინელი და ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე ერთ-ერთი დასახლების ასაღებად შევიდნენ, ისინი წარმატებით ახორციელებდნენ ოპერაციას, რა დროსაც დაბომბვაში მოყვნენ - საარტილერიო არმიამ განახორციელა საჰაერო იერიში და სწორედ ამ დროს დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი. აჩიკოს გამოყვანას ცდილობდნენ მისი თანამებრძოლები, რა დროსაც მათ ჭურვის ნამსხვრევები მოხვდათ და 5 ქართველი და 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ყველა მათგანი ბრძოლის ველიდან გამოყვანილია, მათ შორის გარდაცვლილი ჯარისკაციც. ამჟამად ყველა დაჭრილი თავს კარგად გვრძნობს. აჩიკო უკრაინული ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის -"შავი არწივის" მეთაური იყო. ის შიდა ქართლიდან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ძალიან დიდი დანაკლისია, გამოცდილი მებრძოლი და ვაჟკაცი ბიჭი იყო აჩიკო“.

არჩილ დევრისაშვილი ამჟამად პროზექტურაშია დასვენებული. მას თანამებრძოლები ჯერ უკრაინაში, ერთ-ერთ ტაძარში დაასვენებენ და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შიდა ქართლში ჩამოასვენებენ.

არჩილ დევრისაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რიგით 49-ე ქართველი მებრძოლია.