ავტორი:

"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?

"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?

"ყოველი დღე განსხვავებულს გხდის, ვიდრე იყავი. ონკოლოგი რომ გავხდი, პირველი დღეები სხვანაირი იყო. ახლა ამ გადმოსახედიდან აბსოლუტურად სხვა ვარ, ერთი წლის მერე სხვა ვიქნები. ყოველ დღე, წელი იცვლება და წინასწარ ვერ გამოიცნობ, წინ რა გელოდება... ონკოლოგია მართლაც სარისკო სპეციალიზაციაა, აქ ყოველთვის შეიძლება, რაღაც გადაგხდეს თავს და ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები,“ - გვეუბნება უკვე კარგად ცნობილი ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე.

გიორგის ბევრი საქმის ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში კეთება უწევს - მუშაობს პაციენტებთან, სწავლობს, ლექციებს კითხულობს, აბიტურიენტებს გზის გაკვლევაში ეხმარება, მიჰყავს გადაცემები... ის საკუთარ თავს მუდმივად გამოწვევის წინაშე აყენებს. როგორ უმკლავდება ამდენ საქმეს, ახერხებს თუ არა დასვენებას, ასეთი დატვირთვა ჯანმრთელობის მხრივ უქმნის თუ არა პრობლემებს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

- ამის მთელი არსი ის არის, რომ არსებობს ინტერესი და როცა ინტერესია, საქმის კეთება ვერ დაგეზარება. მე არ ვიღვიძებ დაღლილი, დღეს რა წავა კლინიკაში, რამდენი საქმე მაქვს, - ამ განწყობით. ნებისმიერი საქმე, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. შევდივარ კლინიკაში, ვნახულობ პაციენტებს, ეს პროცესი მომწონს, თან გინდა, რომ ყველას დაეხმარო, იმედით გიყურებენ და შენც ეხმარები. ამის მერე სტუდენტებთან მივდივარ და იმათ ვეხმარები, მათთან ერთად განვიცდი, ეს პროცესიც საინტერესოა. სტუდენტებიც სხვადასხვანაირები არიან, მათთან სხვადასხვა საგანია გასავლელი. ნაწილი ამერიკის გამოცდებს აბარებს და ნაწილს - ჩვენი გამოცდები აქვს ჩასაბარებელი... არიან ასევე აბიტურიენტები, რომლებიც თავის სამედიცინო კარიერას იწყებენ, რომლებსაც გზას ვუკვალავ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ისე გადის მთელი დღე, რომ ფიზიკურად საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებ და ამაზე არც ვფიქრობ, უბრალოდ არ მშია...

- რა რესურსით ახერხებ ამდენს? არ იღლები?

- არდაღლის მიზეზი სწორედ მოტივაციაა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული. ეს ენერგიის გაახლების მიზეზიცაა. ენერგია კი იმის ხარჯზე ახლდება, რომ ყოველი დღე უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა იყო, უფრო ახალი და ყოველთვის არის მიზნები. ერთ საქმეს რუტინულად კი არ ვაკეთებ, არამედ მაქვს მიზანი, ეს მიზანი ყოველ ჯერზე ახალ საფეხურზე გადამყავს. უფრო ბრძოლის სურვილი მიჩნდება. მე სხვაზე არ ვმუშაობ, ყოველთვის საკუთარ თავზე. ამიტომ თვითონ ვარ ჩემი თავის დავალების მიმცემი, შემსრულებელი, აღმასრულებელი, გამომკითხავი და შემმოწმებელიც.

- რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება ჯანმრთელობას არ უქმნის პრობლემას?

- ნუ, წონაში დავიკელი, სადღაც 15 კილოგრამი მაინც მაქვს დაკლებული, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ, როგორც ვთქვი, ვერ ვასწრებ, სხვა განსაკუთრებული არაფერი. ისე, ბოლო პერიოდში მაგ კუთხითაც ვისწავლე ჩემს თავზე მუშაობა. დილით საკვებს თვითონ ვიმზადებ, კონტეინერში ვათავსებ და იმას მოვიხმარ დღის განმავლობაში. ამ ყველაფერთან ადაპტირებამაც მომიწია.

- ორგანიზმის გადაძაბვა რომ არ მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ?

- დასვენებაა საჭირო. კვირაში მართალია, არც ერთი დღე არ მაქვს დასვენებისთვის (ბოლო ერთი წელია, კვირა დღესაც აღარ დამისვენია). ისე, რამდენიმე საათიც მყოფნის, - პასიური დასვენება არ მიყვარს. წამოწოლა და მიძინება, ეს პირიქით მღლის, იმ კვირა დღესაც თუ საღამო საათებში დრო დამრჩება, სალაშქროდ გავდივარ, სროლაზე დავდივარ, ჩემი ველოსიპედით მოგზაურობა მიყვარს, ქალაქგარეთ, კახეთისკენ მივდივარ.

- ონკოპაციენტებთან მუშაობა ფსიქოლოგიურ მზადყოფნას მოითხოვს...

- კი, ასეა. ყოველ სიტყვაში უნდა იყო ძალიან ფრთხილი, ფაქიზი, მოზომილი, საკმარისია, რამე არასწორად თქვა და შეიძლება ყველაფერი დაამსხვრიო. ამიტომ თან უნდა იყო კონცენტრირებულიც.

- თვალებში უყურებ?

- ყოველთვის, სხვანაირად არც შეიძლება.

- რომელი პროცესი უფრო გსიამოვნებს, პაციენტებთან მუშაობა, სტუდენტებთან, თუ საკუთარ თავზე მუშაობა?

- სამივე. უპირველესად კი საკუთარ თავზე მუშაობა მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ყოველთვის ახალს ვსწავლობ. გეგმა ასეთი მაქვს, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი ვისწავლო... სხვა ექიმები ბრაზდებიან, რა არის, ყველაფერში რომ მოდებულიაო? პროტესტის განცდა უჩნდებათ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა, რა პროფესია უნდაო?! 6 წელი ადამიანი უნივერსიტეტში უამრავ საგანს სწავლობს და ეს იმისთვის, რომ მერე ყველაფერი დაივიწყოს და არასდროს იმას აღარ შეეხოს?!. შეგიძლია, ყველაფერში გარკვეული იყო და ამისთვის საჭიროა გონებრივი რესურსი და სურვილი, დანარჩენი მოტივაციის საკითხია.

ადამიანი ცხადია, ყველაფრის ექიმი ვერ გახდება, მაგრამ შეუძლია, ყველაფერი ისწავლოს, რომ თავის პროფესიაში კიდევ მყარად იგრძნოს თავი.

- და ამიტომ სულ სწავლობ, ხომ?

- სულ - 24/7-ზე. ჩემს ცხოვრებაში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ არ მესწავლა, ასეთი მართლა არ ყოფილა. პაციენტებთან მუშაობის პერიოდშიც ვსწავლობ, ლექციების კითხვა კი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ნასწავლ საგნებს ვიმეორებ. ბოლოს რადიოლოგიამ დამაინტერესა და უკვე რადიოლოგიის რეზიდენტიც გავხდი. მოკლედ, ონკოლოგიასთან ერთად, რადიოლოგიც ვიქნები, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის, რენტგენის წაკითხვა შევძლო. ასევე ვიცოდე, არა მარტო წაკითხვა, გადაღებაც. მინდა, ვიყო ავტონომიური და დამოუკიდებელი პაციენტებთან მუშაობის პერიოდში.

- პაციენტებთან მუშაობისას რა გაოცებს?

- თვითონ პაციენტები. ზოგიერთს სურვილი აქვს, უბრალოდ მოვიდეს და გნახოს. ნაწილი ისეთია, კვლევები არ დაუნიშნო და მხოლოდ წამლის მიღებაზეა თანახმა... ზოგს წამალიც არ უნდა, მხოლოდ კვლევები აინტერესებს. საქართველოში რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ხასიათია და ყველას უნდა მოერგო... ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ძალიან ფაქიზი უნდა იყო, ფსიქოლოგიური რესურსია საჭირო, რომ არასწორად არ გაიხედო, არასწორი ინტონაციით რაღაც არ თქვა, რაღაც არასწორად არ გაზომო.

მიყვარს პაციენტთან ერთად ყველაფრის გავლა მიუხედავად იმისა, მოგყვებიან მსჯელობაში თუ არა. ხან გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ოთახიდან გადის და ტირის. ძალიან მგრძნობიარეები არიან... მოზომილი კი ვარ მათთან ურთიერთობაში, მაგრამ მაინც მეტი მოზომილობაა საჭირო.

- ამ ყველაფრის ფონზე თავადაც ხომ არ დაგჭირვებია ფსიქოლოგის დახმარება?

- ფსიქოლოგიური დახმარება ყოველთვის გჭირდება, მაგრამ ეს გზა თვითონ გამივლია. ეს უკვე წლების მანძილზე მაქვს ჩემში გატარებული. დღეს ხომ არ დაწყებულა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა. იქიდან მოყოლებული, ამ ყველაფრის გავლა მიწევდა, ნაცნობი სიტუაციებია, თან ჩვენი ამბავი კიდევ ტრავმით დამთავრდა. ასე რომ, საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონ ვარ.

- ბევრჯერ გაქვს ნათქვამი, რომ არა დედის ავადმყოფობა, ადვოკატობა გინდოდა. ხომ არ ნანობ, რომ ადვოკატი არ გახდი?

- კი, ადვოკატობა მინდოდა და ვგეგმავდი, რომ სამართალმცოდნეობაზე ჩამებარებინა... ისე, შარშან იურიდიულზე ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, კიდევ ერთი საბაბი იქნებოდა, ეთქვათ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა, თან ექიმია, თან იურისტიო?!. საქმე იმაშია, რომ მიყვარს ჩემი გონებრივი რესურსის ბოლომდე გამოყენება. არ შემიძლია, მხოლოდ იმას დავჯერდე, რაც უკვე გავაკეთე. განვითარებას სულ ვცდილობ. ასე რომ, სამართალმცოდნეობაზე სწავლა ბავშვობის ოცნებაა და სავარაუდოდ, ალბათ, მექნება ოდესმე საშუალება, ამ კუთხითაც განვითარდე.

- ასეთი აქტიური იყავი ბავშვობიდან?

- დავიბადე თუ არა, მამამ მაშინვე წიგნი მომცა ხელში, მაჩუქა. იქიდან მოყოლებული წიგნი ხელიდან არ გამიგდია. გადაცემებში რომ ვწერთ მარტივ რჩევებს, ვთქვათ, წყალზე, ვაშლზე, ხავსზე, სამედიცინო საზოგადოება რომ გიყურებს, ჰგონიათ, რომ სულ ეს ხარ, ამის იქით არაფერია. ის, რომ ამის გარდა ბიოქიმიას, ფიზიოლოგიას, ფარმაკოლოგიას, ემბრიოლოგიას, გენეტიკას ასწავლი და შეგიძლია ნებისმიერს პირისპირ დაუჯდე და უბრალოდ, ძალიან მაგრად „მოჯოკრო“, ეს არ იციან. მიაჩნიათ, რაც არ ჩანს, არ ითვლება.

შეფასება იქიდან აკეთებენ, რასაც უყურებენ. ადრე ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, ახლა უკვე აღარ ვითვალისწინებ სხვების აზრს, რადგან ვფიქრობ, ის უნდა გააკეთო, რაც გაინტერესებს.

- საკმაოდ მცირე მონაკვეთში შეიქმნა საზოგადოებაში შენი იმიჯი, რაც გაქვს...

- ეს შორიდან ასე ჩანს, მაგრამ მაგ იმიჯისთვის 2010 წლიდან ვიბრძვი. საკმაოდ დიდი დროა და ამ პერიოდის განმავლობაში წიგნისთვის ხელი არ გამიშვია... არ ვიყავი ცუდი მოსწავლე და ცუდი სტუდენტი. უნივერსიტეტში ყველაფერი 100-ზე დავხურე და უნივერსიტეტში რომ არ სწავლობდნენ, სამწუხაროდ, დღეს ის ხალხი განგსჯის. როგორ გინდა, ამ ადამიანს უთხრა, რომ მან საერთოდ რა იცის?!

- საუბრის ბოლოს რა ეტყოდი მკითხველს...

- გონებრივი განვითარება, - ეს არის ის, რაც ადამიანმა საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოს. ოღონდ, რაც აინტერესებს, იმ კუთხით. ეს შეიძლება იყოს უცხო ენები, ან არსებული ცოდნის განმტკიცება, ლიტერატურის კითხვა, ასტრონომიით გატაცება... ტახტზე წამოწოლა და ისე ყოფნა რა საინტერესო ამბავია?!. ვიმეორებ, ოღონდ, ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვაინტერესებს, რაც არ გვაინტერესებს, მისი კეთება ორგანიზმისთვის სტრესია. თუ საშუალება გვაქვს, მას თავი უნდა დავანებოთ და მოძებნოთ ალტერნატიული გზა. ხოლო თუ ეს არ არსებობს, მაშინ მოგვიწევს სტრესში ცხოვრება და ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება, მინიმუმ არტერიულ წნევას მაინც „ვიჩუქებთ“. ვიღაცამ შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში თავისით არაფერი მოსულა.

სოფელში 4 კედელში ვცხოვრობდი და ის იყო. მას მერე თუ რამე გამიკეთებია, იმისთვის, რომ ის ყველაფერი შემეცვალა. არც ფინანსები, არც საჭმელი, არაფერი არ იყო, მაგრამ ამის გამო ხელი არ ჩამიქნევია. არ ვიცი, ვისი ნათქვამია - „მძიმე დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან კარგ დროს, კარგი დრო ქმნის სუსტ ადამიანებს და სუსტი ადამიანები ქმნიან მძიმე დროს, ხოლო მძიმე დროში იბადებიან ძლიერი ადამიანები,“ - აი, ეს არის წრე... მე მძიმე დროში აღმოვჩნდი, რამაც მომცა შესაძლებლობა, ძლიერი ვყოფილიყავი. ასე რომ არ ყოფილიყო, ვიქნებოდი ბიჭი, რომელსაც არაფერი დააინტერესებდა, თუ რაიმე ისეთი არ მოხდებოდა მის გარშემო. რასაც ვაკეთებ, მხოლოდ სიამოვნებით.