ავტორი:

"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები

"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები

გასულ საუკუნეებში გარუჯული კანი არ ასოცირდებოდა სილამაზესთან, ვინაიდან ელიტური ფენისადმი კუთვნილების ნიშნად არისტოკრატიული სიფერმკრთალე მიიჩნეოდა. XX საუკუნის დამდეგს მოდის ფუძემდებელმა კოკო შანელმა მოახდინა გარდატეხა. "არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე ასპირინისფერი კანი", - ამ ლეგენდარული ფრაზის შემდეგ მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო და ნამზეური მოდური გახდა. ეს რაც შეეხება მოდას... როგორც ჩვენი რესპონდენტი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ჩვენს რუბრიკაში ის უსაფრთხო გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში, თავის მოვლის შესახებ გვესაუბრება:

- ამწუთას 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.

- მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?

- ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს... დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს - გარუჯული გოგონები.

- რა უფრო უსაფრთხოა, მზეზე წოლა თუ სოლარიუმში გარუჯვა?

- სოლარიუმი ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ბევრგან არასრულწლოვნები არ დაიშვებიან, ჩვენთან კი აკრძალული არაა. მე არ მიმაჩნია სწორად სოლარიუმში გარუჯვა. მნიშვნელობა არა აქვს, კვირაში ერთხელაც რომ მივიდეთ, არასასიკეთო გავლენას მაინც ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მართალია, შედარებით ნაკლებად იწვებიან სოლარიუმში, ვიდრე მზეზე, მაგრამ დამწვრობის შემთხვევები მაინც გვაქვს.

უცხოეთში პლაჟზე ვერ ნახავთ ვერავის მზისგან დამცავი კრემის გარეშე. სასურველია ორ საათში ერთხელ მთელ სხეულზე წასმა, მით უმეტეს, თუ წყალში ხშირად ჩავდივართ. უცხოეთში მზისგულზე ბავშვს ვერ დაინახავთ, თუ ქუდი არ ახურავს და მაქსიმალურად დახურული საცურაო კოსტიუმი არ აცვია, ჩვენთან კი პირიქით არის. ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ.

- ვთქვათ, ისეთი სირთულის დამწვრობა მივიღეთ, ექიმთან წასვლა და "სასწრაფოს" გამოძახება არ გვჭირდება, როგორ ვუვლით თავს?

- თავიდათავი ის არის, რომ მზით დამწვრობას იმწუთას ვერ ვგრძნობთ, დისკომფორტი უფრო საღამო ხანს იჩენს თავს. დისკომფორტი გამოიხატება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა: კანის გაწითლება, ტკივილი, შეშუპება, მოქმედების შეზღუდვა, რადგან კანი დაჭიმული გვაქვს, ელასტიკურობას კარგავს. ამას თან ერთვის ზოგადი სისუსტე, გონების დაბინდვა, დაკარგვაც კი, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ა.შ. თუ გონების დაკარგვამდე მიდის საქმე, ან გაქვთ ღებინება, ძალიან შენელებულია მოქმედება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თუ მსუბუქი სიმპტომები გვაქვს, ბლომად სითხის სმაა საჭირო, აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელი, რათა დისკომფორტი მოვიხსნათ. დამწვარ კანზე ჯობია აფთიაქში შეძენილი პრეპარატები და სხვადასხვა კრემი გამოვიყენოთ. რაც მთავარია, ჯობს ერთხანს მზეზე აღარ გავიდეთ. ხშირად დამწვრობის მეორე დღესვე მაინც მზეზე წვებიან, ამის ბრალია პიგმენტური ლაქების გაჩენა, რომელთა მოცილებაც რთული და ხანდახან შეუძლებელია.

- ზოგი დამწვრობისას სხვადასხვა შინაურ საშუალებას მიმართავს.

- მზეზე დამწვრობა ისეთი დაზიანებაა, არაფერიც რომ არ წავისვათ, ორგანიზმს აქვს იმის რესურსი, რომ (თუ არ მოხდა დაინფიცირება) თავისით შეხორცდეს. ამიტომ საერთოდ რომ არაფერი წაგვესვა, თავისითაც მოშუშდებოდა დამწვრობა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, მზეზე დამწვრობას ახლავს ზემოჩამოთვლილი გართულებები, ინფექციები...

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, ხშირად გარუჯვა იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოშობას, კანის გამოშრობას და ა.შ. ერთ კონფერენციაზე გვაჩვენეს ცხელ ქვეყანაში მცხოვრები მძღოლის სახის ის ნახევარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა მზეზე, როგორ განსხვავდებოდა მეორე ნახევრისგან, ნაადრევად ჰქონდა დაბერებული. ისეთი შთამბეჭდავი ფოტო იყო, ახლაც თვალწინ მიდგას.

- ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს...

- რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას - ზეთს, კარაქს, მაიონეზს... მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს... რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.

წაიკითხეთ სრულად...