ავტორი:

"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში“ მერაბიშვილისა და მელიას ფრთას შორის დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. ზოგიერთები პარტიას დაშლასაც უწინასწარმეტყველებენ. არსებობს კითხვა, დაიშლება თუ არა ენმ და როგორ დალაგდებიან შიდა კონფლიქტის ფონზე, თუმცა მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ ენმ-ს ორ ფრთას შორის კონსენსუსი თითქმის მიუღწევადია.

ცოტა ხნის წინ, ენმ-ს დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტმა "ვივამედიდან“ მისი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ ამცნო საზოგადოებას და პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდა. რამდენად შესაძლებელია ამის აღსრულება, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი აქტუალურ კითხვად რჩება, რა გზას დაადგება ძველი თავმჯდომარე - ნიკა მელია, რომელიც, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა პარტიაში. როგორც თავად მელიამ განაცხადა, ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

“ნაციონალურ მოძრაობის” დატოვება ჩემზე არ არის დამოკიდებული. ათასობით ადამიანია, რომელთანაც მაქვს ვალდებულება. არიან თანამებრძოლები, თანამოაზრეები. ერთმა ჩემმა საპატივცემულო ადამიანმა რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს, მაგრამ თანამებრძოლი ბევრი არაო. მაგრამ მე ვხედავ, რომ სიმართლეს ჰყავს ბევრი თანამებრძოლი და თანამოაზრე“ – თქვა ნიკა მელიამ "ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან" გვეუბნება, რომ 2024 წლის საარჩევნო სიაში მელიას არ ჩასვამენ, მან რაღაც ახალი უნდა შექმნას, ან ენმ-ს შიგნიდან დაანგრევს და სათავეში მოვა.

"მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც ამ ორ დაჯგუფებას შორის წინააღმდეგობა არსებობს. აშკარაა, რომ მიშას სიმპატიები ვანოს მხარეს არ იყო. გახსოვთ მისი განცხადებები ვანოსთან დაკავშირებით, ციხიდან როცა გამოვიდა, დასვენება ურჩია, ანუ პოლიტიკიდან ჩამოშორება, თუმცა პოლიტიკური პროცესი ისე წავიდა და ისეთი რეალობა აღმოჩნდა, რომ ვანომ შეძლო ხაბეიშვილის მეშვეობით სადავეების ხელში აღება. როდესაც გვარამია გამოვიდა ციხიდან, რადგან ხაბეიშვილი ვერ "ქაჩავს", იყო მოსაზრება, რომ მას ხაბე კი არ ჩაენაცვლებინა, მაგრამ ენმ-ს პოლიტიკური ლიდერი ის გამხდარიყო, ამიტომ სასწრაფოდ მოაგვარეს და საქმეში ჩართეს გიორგი ვაშაძე - გვარამია ვაშაძით ჩაანაცვლეს, ნიკა რომ არ მისულიყო. ვაშაძე ენმ-ში არაფერს შეცვლის, უბრალოდ, არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და „ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი. ზოგს აუჩემებია, ვანო ციხეში 7 წელი ხომ იჯდაო. ენმ-ში არის მოსაზრება, რომ ვანო კი იჯდა, მაგრამ ალბათ ციხიდან გამოსვლისას დაუყენეს ალტერნატივა, ჩვენზე თუ არ იმუშავებ, 7 წელს კიდევ დაგიმატებთო.

მიშა ობიექტურ რეალობას ხედავს, მას, რა თქმა უნდა, თავისი პოზიციები ჰქონდა. თუ გახსოვთ, ენმ-ში რიგგარეშე არჩევნები რომ დანიშნეს, მან მაშინაც შემოთვალა ციხიდან - „რა დროს ეგ არისო“ (არჩევნებიო), მაგრამ ობიექტური რეალობა ასეთია, რომ ჯერჯერობით ვანოს ფრთამ აიღო ხელში სადავეები. მიშა ვინაიდან ციხეშია, იძულებულია ბალანსი არ დაარღვიოს, მან ნაციონალებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ვანო და კეზერა ერთია, მაგრამ მიშასთვის მთავარია მათ უკან მდგომი ნაცაქტივი, რომელიც ბევრია როგორც ხაბეს, ისე მელიას მხარეს. მიშა ორიენტირებულია ამომრჩევლის შენარჩუნებაზე. ახლა ისაა საინტერესო, რა ნაბიჯს გადადგამს მელია. 2016 წლის პოლიტიკური სქიზმისგან განსხვავებით, როცა ენმ-ს ბოკერია და ჯგუფი გამოეყო, ისინი გადავიდნენ ანტიმიშას ველზე და კი ხედავთ მათ რეიტინგს. მელია ამას არასოდეს იზამს, პირიქით, ის მთლიანად მიშას ველზე რჩება. ფაქტია, რომ მელიას 2024 წელს სიაში არ ჩაწერენ, მან ახალი რაღაცის შექმნა უნდა შეძლოს, ან შიგნიდან დაანგრევს ენმ-ს. კონკრეტულად რას იზამს, არ ვიცი...

სხვათა შორის, ინტერნეტში უკვე დაიდო ენმ-ს ლიდერებზე მასალები, მაგ. ბოტკოველზე, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს დიდ დიღომში რომ შეუძენია ვილა, დიღომში - სახლი, ზღვისპირეთში - აგარაკი და ა.შ. მას პირდაპირ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ამოუღეს და დაუდეს. შეიძლება ეს კამპანია გაგრძელდეს და სხვა ლიდერებზეც ანალოგიური ვიხილოთ. თანაპარტიელები მელიას კითხვას უტრიალებენ, ადრე რატომ იყავი ჩუმადო და ამაში არის ლოგიკაც, მაგრამ მას პასუხი აქვს, ერთიანობის შენარჩუნებას ვცდილობდი, მაგრამ ცუდად მოიქცნენ და ახლა ნახოს ხალხმა, ვინ ვინააო. ვფიქრობ, ეს პროცესი ყველაზე მეტად ბიძინას აწყობს. ქართველთა 80% არ არის რუსეთის მომხრე, ეს იცის ბიძინამ და ამიტომაც ცდილობს მოასუფთაოს ოპოზიციური ველი და თავისი სატელიტებით შეავსოს, თორემ 2024 -ში დაინგრევა „ოცნება“. ის მაქსიმალურად ცდილობს, ეს პროცესი იყოს გაწელილი და რთული. "ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ხედავს, რომ პარტიაში კონსენსუსი შეუძლებელია (არა და, კარგი იქნებოდა) და თუ ეს პროცესი გაღრმავდა, მოიტანს იმას, რაც 90-იან წლებში ედპ-ს დაემართა - ის სუპერპარტია იყო, მაგრამ ჯერ შუაზე გაიყო და მერე დაიშალა. ენმ-ს ასეთი დასასრული ქოცების და ბიძინას ინტერესშია. ნაცები რომ არ ჰყავდეს, ქოცებს საპირწონე არ ჰყავთ.

ვერც "ლელო" და ვერც გახარია ჯერჯერობით ვერ იქნება მათი მთლიანი ალტერნატივა, "ოცნების“ ალტერნატივაა მიშისტი ამომრჩეველი. ის ნაციონალები, ვისაც თავში ჭკუა აქვს, აღიარებენ, რომ იყო გადაცდომები, შეცდომები, მაგრამ იყო არნახული განვითარებაც, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. ეს ფაქტია და მელიას ფლანგს ეს აქვს დღეს დაჭერილი - ჩვენ არჩევნები 2012-ში იმიტომ წავაგეთ, რომ იყო ვანო, კეზერა და ახლაიები, და არა იმიტომ, რომ იყო განვითარება. აქედან გამომდინარე, უნდა შევძლოთ, ესენი მოვიშოროთ, დავტოვოთ მხოლოდ განვითარება და ამით დაველაპარაკოთ ხალხსო. დაახლოებით ეს პროცესია ენმ-ში. ფაქტია ერთი, რომ პარტია თუ გაიყოფა, მელია მიშისტების ფლანგზე დარჩენას შეეცდება, ან ეცდება შიგნიდან ამოაყირაოს სიტუაცია და მოვიდეს სათავეში. როგორ მოახერხებს ამას, მალე ვნახავთ“ - ამბობს წყარო "ამბები.გე"-სთან.