მაგისტრალსა თუ ქალაქში მოძრაობისას ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ზედმეტად დატვირთული ავტომობილები, რომელთა ტვირთი ლამისაა ელექტროგადამცემ ხაზებს შეეხოს. ერთი შეხედვით ტვირთის ასე გადატანა შეიძლება უწყინარი ჩანდეს, მაგრამ რეალურად სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეს უქმნის მძღოლსა და სხვა მგზავრებს.
მაგალითისთვის არაგაბარიტული ტვირთი შეიძლება იყოს თივა, რომელზეც ადამიანები სხდებიან და ასე მიჰყვებიან ავტომობილს. მათი ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მოხვედრის შემთხვევაში კი შეიძლება დენი გადავიდეს და უმძიმეს შედეგები დადგეს.
არაგაბარიტული, დიდი ზომის ტვირთების გადატანისას მძღოლმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ელექტროგადამცემი ხაზებიდან მომდინარე საფრთხე და არასდროს წავიდეს რისკზე. აღნიშნული ტვირთი თავისი ზომებით შეიძლება აღემატებოდეს ან უახლოვდებოდეს ელექტროგადამცემ ხაზს ან დაცვის ზონაში ხვდებოდეს. სამივე შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიშია და როგორც აღვნიშნეთ, დენის დარტყმამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
განვმარტოთ, რას ნიშნავს ელექტროგადამცემის დაცვითი ზონა: მაგალითად, 10 კვ. ელექტროგადამცემ ხაზს 10 მეტრის პერიმეტრში არ უნდა მიუახლოვდეთ, 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზს კი 20 მეტრით და ა.შ. იმის გამო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ბევრ ჩვენგანს არ აქვს და უჭირს დისტანციის კონტროლი, ამგვარ ტერიტორიებზე არაგაბარიტული ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადამტანს სხვა ალტერნატიული გზა არ გააჩნია, აუცილებელია, აღნიშნულ ზონაში გავლის შესახებ ხაზის მფლობელ კომპანიას წინასწარ ეცნობოს და დამატებითი ზომები მიიღონ.

ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი ავტომობილით ელექტროგადამცემ საყრდენზე დაჯახება, რადგან ამ დროს შეიძლება საყრდენი მოტყდეს და ელექტროენერგია გადავიდეს. სწორედ ამიტომ სიფრთხილე და ამ ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალის გათვალისწინება უდიდეს საფრთხეს აგვარიდებს თავიდან.
არაგაბარიტული ტვირთის გადატანის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მოამზადა ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც მარტივად გვიჩვენებს, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გაუფრთხილებლობამ: