ავტორი:

"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

რუსული საკრუიზო გემი, "ასტორია გრანდე" ბათუმში კიდევ ერთხელ შევიდა მწვავე პროტესტის ფონზე. ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რომ მოქალაქეებს გემს ვერ მიახლოებოდნენ.

eadaily.com-ის ცნობით, რუსებით სავსე ტურისტებს, "რადიკალური ქართული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციით შეხვდნენ".

"როგორც ირკვევა, აქცია თბილისელი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული... ადგილზე შეკრებილები ასრულებდნენ სიმღერას - აფხაზეთი საქართველოა, თან ჰქონდათ საქართველოს და უკრაინის დროშები, სიმბოლიკები და როგორც ადრე, ერთი კვირის წინ, ახლაც ტურისტებს უხამსი ჟესტებით ხვდებოდნენ, როდესაც ტურისტები ლაინერიდან ჩავიდნენ, მათ ავტობუსს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს" - წერს გამოცემა.

  • რუსული საკრუიზო გემის ბათუმში შესვლის თემას, აფხაზებიც ეხმაურებიან. youtube.com-ზე განთავსებული ვიდეოს ქვეშ კომენტარებში აფხაზების ერთი ნაწილი წერს, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარება ტურისტების გარეშე სურს. ნაწილი კი ბათუმში შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობენ, რომ რუსი ტურისტები არავის უყვარს.

"ანუ ყოფილა გამოსავალი. ჯერ საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების ქცევას აპროტესტებენ, ეკლესიის ეზოში ირუჯებიან და სკამებზე წვებიანო, აქ კი, ბევრად დაბალი ფენა ჩამოდის. გახსოვთ, ალბათ, ახალი ათონის ეზოში საპირფარეშო რომ მოაწყვეს, იქვე სვამდნენ და გულს ირევდნენ... მხოლოდ ამიტომაც არ ხვდებიან არსად ოვაციებით რუს ტურისტებს" - წერენ ისინი.

"მხოლოდ ერთს ვიტყვი, ყველა ახალგაზრდა, ვინც ამ ვიდეოშია, ინგლისურად საუბრობს, ეს უკვე ნიშნავს პროტესტს და იმას, რომ ისინი უკან არასდროს დაბრუნდებიან, აფხაზეთთან ერთად თუ მის გარეშე, მაინც წინ ივლიან" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ოქსანა ქსუშა.

"აფხაზეთში ჩამოდით, გვინდა თუ არა, სხვა ალტერნატივა მაინც არ არის, ჯერჯერობით, აქ სხვა არც ჩამოდის... ვინც ჩამოდის, ისიც აპროტესტებს, ეგვიპტესა და თურქეთში უფრო იაფად დავისვენებთო. იმედია, საქართველოში 5-ჯერ ძვირი დაგიჯდებათ დასვენება. რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ, მას ერთადერთი რის გამოც იღებენ - ფული სჭირდებათ", - წერს ლეონ აფხაზი.

"აფხაზეთში არ ჩამოვლენ, იციან, რომ აქ ბევრად თბილად და გახსნილად ხვდებიან, შენიშვნებსა და კრიტიკასაც ვიტანთ, მაგრამ არა, არ გვკადრულობდნენ! ამ კატეგორიას ევროპის ნოსტალგია აქვს და ჩვენი სტანდარტები არ აკმაყოფილებს. მიბრძანდით საქართველოში და იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ", - მიაჩნია ჰელენ სუხუმსკის.