ავტორი:

Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"

Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"

სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი, ანგუს კლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფესკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ორშაბათს, ოუკლენდში, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

კლაუდის ოჯახმა სამწუხარო ამბავი თავად გაავრცელა:

"გული საშინლად გვაქვს დამძიმებული, ასეთ გასაოცარ ადამიანთან რომ გვიწევს გამომშვიდობება", - წერენ ისინი.

ოჯახის განცხადებით, ანგუსმა გასულ კვირას მამამისი დაკრძალა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. "მსახიობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი, რაც გვამხნევებს, იმის ცოდნაა, რომ ანგუსი ახლა მამასთან ერთად იქნება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგუსის გარდაცვალებას სერიალ Euphoria-ს შემქმნელი სატელევიზიო არხების ქსელი HBO გამოეხმაურა: "წარმოუდგენლად ვწუხვართ ანგუს კლაუდის გარდაცვალების გამო. ის უზომოდ ნიჭიერი ადამიანი და HBO-სა და Euphoria-ს ოჯახის საყვარელი წევრი იყო".

GQ-სთან 2019 წლის ინტერვიუში ანგუსმა ისაუბრა, რომ მას ვარსკვლავად, ან თუნდაც მსახიობად გახდომის მისწრაფება არ ჰქონია. ის ვაფლის სახლში მუშაობდა, როცა ერთ დღეს, მოულოდნელად კასტინგის აგენტმა გააჩერა:

"დავიბენი, ტელეფონის ნომრის მიცემა არ მინდოდა, ვიფიქრე, თაღლითი იყო", - ყვებოდა მსახიობი. ანგუსის კარიერამ პიკს სწორედ 2019 წელს მიაღწია. სწორედ ამ წელს გამოვიდა Euphoria, რომელიც, მალევე, ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ იქცა აშშ-ში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა