9-15 აგვისტოს კონცეპტArt-ი ტრადიციულად საფესტივალო კონცერტებისთვის ემზადება, რომელსაც გია ყანჩელის დაბადების დღეს უძღვნის. პროექტს წელს ხელოვანთა კავშირთან ერთად, თიბისი კონცეპტი და Mastercard წარადგენენ, გენერალური პარტნიორი კი ლუტეცია გახლავთ.
"ჩვენი შემოქმედებითი ოჯახისთვის ერთგვარი აღთქმასავით არის - როგორც გია ყანჩელის სიცოცხლეში აღვნიშნავდით მის იუბილეს და ყოველ 10 აგვისტოს სადაც იყო იქ ჩავდიოდით, ასეა ახლაც. ეს ჩვენთვის ძვირფასი თარიღია, განსაკუთრებით მას მერე, რაც ბატონი გია აღარ არის. მის ხსოვნას და 88 წლის იუბილეს წელსაც საფესტივალო კონცერტებს მივუძღვნით. საკონცერტო პროგრამაში რამდენიმე თაობა იქნება გაერთიანებული და ამ დღეებს ბათუმში გავმართავთ,“ - აღნიშნავს კონცეპტArt-ის დამფუძნებელი, სცენარისტი და პროექტის კრეატიული პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, რომელსაც AMBEBI.GE ესაუბრა.

- ფესტივალი 9 აგვისტოს "ლე მერიდიანში" კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნება. წელს ჩვენი პარტნიორები არიან სასტუმრო "ლე მერიდიანი“ და ზღვისპირა საკონცერტო სივრცე "სფერო". ახალი თაობის არაჩვეულებრივი პიანისტი არსენი მუნ ჩვენს სახელოვან ჩელისტთან ლიზი რამიშვილთან ერთად დაუკრავს, ხოლო თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, პიანისტი ნინო ჟვანია ცნობილ მევიოლინესთან, გრიგოლ ამბარცუმიანთან ერთად, რომელიც უკრაინიდან გახლავთ. ასეთია 9-10 აგვისტოს პროგრამა.
- ფესტივალის სხვა მონაწილეებზე რას გვეტყვით?
- 13 აგვისტოს "სფერო" უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველს, ლიზა ბაგრატიონს, ნატო მეტონიძეს, ერთად გავიხსენებთ იმ ბედნიერ დღეებს, როცა ბატონ გიასთან ერთად ვიყავით.
წელს კონცეპტArt-ის და ახალი თაობის მუსიკოსების პირველი კოლაბორაცია შედგა ჩემის აზრით, ეპოქალურ მუსიკოსთან და მომღერალთან მერაბ სეფაშვილთან, არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა. 14 აგვისტოს ჩვენს საპრემიერო საღამოზე "სფეროში“ კვლავ ვეპატიჟებით მსმენელს მერაბთან ერთად.
საფესტივალო დღეებს ჩემთვის საყვარელი პროგრამა დახურავს, სცენაზე იდგებიან მხოლოდ ახალი თაობის მუსიკოსები და თან გვექნება დრეს კოდი White Party, „სფეროში“ ყველა სტუმარი თუ მასპინძელი თეთრ სამოსში უნდა გვეწვიოს. ზღვის სანაპიროს ეს საღამო განსაკუთრებით მოუხდება ჩვენს ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად - ლიზი რამიშვილი, ლაშა დეისაძე, პაპუნა შარიქაძე, თემურიკო დიასამიძე, გიორგი კაპანაძე - დრამერი, დავით გოგისვანიძე - ბასი და საღამოს სპეციალური სტუმარი ნოდარიკო ხუციშვილი იქნება.

- ე.ი. სცენაზე იქნებიან ცნობილი მამების და ბაბუების შთამომავლები. ესეც ამ საღამოს კონკრეტული და გამორჩეული შტრიხია, მგონი?
- ეს თავისთავად მოხდა, თუმცა ჩემთვის ემოციურია ის, რომ მამაჩემი, კომპოზიტორი თამაზ ჯორბენაძე და ოთარ რამიშვილი მეგობრობდნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და შემდეგ შვილებმა - მე და მიშიკო რამიშვილმა გავაგრძელეთ ურთიერთობა. ლიზი მიშიკოს შვილია და უკვე მრავალი წელია ფაქტობრივად ერთ ოჯახად ვართ სცენაზეც და ცხოვრებაშიც.
ამასთან, შევიძინეთ ახალი მეგობარი და ჩვენი ჯგუფის წევრი, ნიაზ დიასამიძის შვილი, თემურიკო. ასევე სტუმრად გვყავს მოწვეული ჩემი უსაყვარლესი გიო ხუციშვილის შვილი, ნოდარიკო. საერთოდ არ მიყვარს იმის თქმა - ამის შვილი, იმის შვილი, თუ ადამიანი ნიჭიერია, არავის შვილობა არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში უბრალოდ, ძალიან თბილი და განსაკუთრებულია ეს ყველაფერი, - ეს ხომ მომდევნო თაობაში სიყვარულის გაგრძელებაა და არა ის, ვინმე მამით და ბაბუით ქულებს რომ იწერს ხოლმე. ეს მათი სიყვარულის გაგრძელებაა. ერთ-ერთ სიმღერას „ზღვასთან“ ნიაზ დიასამიძე და ოთარ რამიშვილი მღეროდნენ, დღეს ლიზი და თემურიკო ასრულებენ.
- თემურიკო დიასამიძე, როგორც არტისტი, საზოგადოებისთვის სრულიად ახალი სახეა. ის სცენაზე თქვენ გამოიყვანეთ. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ამ მუსიკოსზე?
- თემურიკო ბექა გოჩიაშვილისგან გავიცანი. ჩვენს საღამოებზე მოდიოდა ხოლმე. სულ მქონდა შეგრძნება, რომ მასში სხვადასხვა მიმართულების ნიჭი უნდა ყოფილიყო. თავიდან როგორც ელექტრონული მუსიკით გატაცებული დიჯეი ისე მოვიწვიე წინანდალში ბექას კონცერტზე. საინტერესო მუსიკა დაუკრა, თან გაიცნობ თუ არა, მაშინვე რომ ძალიან შეგიყვარდება ისეთი ბიჭია... შემდეგ ვერ გეტყვით, რა „ხილვა“ მქონდა - ამოვიჩემე, რომ თემურიკო და ლიზი რამიშვილისგან საინტერესო შემოქმედებითი ტანდემი გამოვიდოდა. ამიტომ ისინი ერთმანეთს დავაკავშირე. მართლაც საოცარი რამ მოხდა - თემურიკომ პირველივე საღამოსთვის ძალიან საინტერესო ტექსტი და საავტორო მუსიკა დაწერა, ასევე ლიზიმ, შემდეგ მათ ლუკა თოფურია შემოურთდათ. ივლისის პროგრამას უკვე სიმღერები დაემატა და მართლა ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.
მიხარია, რომ საავტორო მუსიკა სრულდება, ამ პროექტს ასე დავარქვით - „მზემ სიყვარულს ბგერა უსურვა“ - ესეც ამონარიდია თემურიკოს ტექსტიდან.
თემურიკოში, ლიზი რამიშვილში, ლაშა დეისაძეში, ლუკა თოფურიაში გამორჩეული უნარებია თავმოყრილი. ვირტუოზული შესრულების გარდა, მათ სათქმელი აქვთ, აზროვნებენ მუსიკაში და სხვადასხვა ჟანრში შეუძლიათ მუშაობა.

ძალიან მომწონს ჩვენი ერთობა და კონცეპტArt-ის არსიც ეს არის - ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად გვაქვს სათქმელი, რომელიც გვაერთიანებს. თემურიკოს ტექსტები სოცArt-ის მიმართულებასაც მოიცავს, ზოგ კომპოზიციაში შეიძლება პროტესტიც იყოს... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონცეპტArt-ი თავის მისიას ასრულებს, სწორედ ამიტომ დავაარსეთ ხელოვანთა კავშირი, რომ აქ ერთიანდებოდნენ თავისუფალი, მოაზროვნე, ნიჭიერი არტისტები, რომლებიც ასე ერთად შეკრებილები რაღაც პერიოდში განსაკუთრებულ პროექტებს შექმნიან. რა თქმა უნდა, თითოეული ცალ-ცალკეც ვირტუოზი სოლისტია და ინდივიდუალური კარიერის განვითარებაშიც აქვს ჩვენგან ხელშეწყობა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ცოტა დავაფიქროთ და თან გავაბედნიეროთ ჩვენთან მოსული მაყურებელი, ასევე შევთავაზოთ სიახლე. ამიტომ 9 დან 15 აგვისტომდე საინტერესო პროგრამით ველოდებით ვინც ბათუმში იქნება ყველას. მიხარია, რომ წელს მრავალფეროვანი პროგრამით გავიხსენებთ გია ყანჩელს, რომელიც ჩემთვის დიდ შემოქმედებასთან ერთად ყოველთვის ღირსების მაგალითად დარჩება.