ავტორი:

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

MMA-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება, წერს რუსების შემოსვლაზე და პროტესტის იმ ფორმაზე, რომელსაც საზოგადოება მათ მიმართ გამოხატავს.

"მე ქართველი ვარ! სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვიდექი ქართველი ხალხის გვერდით! ეს ჩემი არჩევანიცაა და მოვალეობაც! როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებისას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ წარმომადგენლებს ქართული დროშა წაართვეს და გათელეს, მე პროტესტი განვაცხადე, მაშინ “ ნაცად” შემრაცხეს, როდესაც ბუბა კიკაბიძეს შევხვდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი, ადამიანი, რომელმაც რუსეთისადმი პროტესტს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა, მაშინაც “ნაცი” ვიყავი.

როდესაც ბათუმის ქაოსურ საგზაო მოძრაობაზე ვისაუბრე და ვთქვი, ამ მხრივ დედაქალაქი შედარებით მოწესრიგებულიათქო, კახა კალაძის მაქებელი და “ქოცი”მეძახეს.

ახლა, როცა ვხედავ ქართველ კაცს, ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნახუი” პლაკატით და ვამბობ ხალხნო, თქვენ გვერდით ვარ და ვიზიარებ თქვენს პროტესტს, მაგრამ არ დავეშვათ ასე. მაშინ ჩემი თანამემამულეები მოღალატედ მრაცხავენ.

სიმართლეს ვეღარ ვხედავ. მე 2009 წელში სასწავლებლად უკრაინაში წავედი, წლები ვიცხოვრე იქ, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, ახლაც უკრაინაში იზრდება ჩემი შვილი. ამჟამად ამერიკაში ვმუშაობ, თუმცა ჩემი მთავარი სახლი და სამშობლო მხოლოდ საქართველოა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო მეცხოვრა, მაგრამ მე იმ საქართველოში დავბრუნდი, საიდანაც სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ოცნებობს, მე კი დავბრუნდი, დავბრუნდი იმ იმედით და განძრახვით, რომ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გავაკეთო, მაგრამ ჩემი საქართველოც შეცვლილა..

მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება! მეც მტკივა, ჩრდილოელი მეზობლის მავნე პოლიტიკა, მეც მახსოვს ისტორია, მახსოვს 9 აპრილი, პატრიოტი ხალხის სულისკვეთება 16 წლის თამარ ჭოველიძე, რომელმაც მის მეგობრებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. მახსოვს გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი ქვეყნის სიმბოლო!

ვგრძნობ რამდენად ძვირფასი იქნებოდა მათთვის საქართველოს დროშა, ქვეყნის თავისუფლება!

რაც შეეხება ჩემს ბოლო ვიდეო პოსტს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, მე ვუჭერ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მხარს, მაგრამ არ მომწონს მისი გამოხატვის ეს ფორმა.ერთი ადამიანი რომ მეორეს დედას აგინებს, მაგინებელზეც მეტყველებს. ვერაგი მტერის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს. მე ქართველი ხალხის გვერდით ვარ, იმიტომ რომ ხალხი საქართველოა", - წერს რომან დოლიძე.