ავტორი:

"მანდ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას აშშ-სთან" - რას მოგვიტანს ჩინეთის "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის" გაზიარება?

"მანდ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას აშშ-სთან" - რას მოგვიტანს ჩინეთის "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის" გაზიარება?

ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, საქართველო-ჩინეთს შორის "სტრატეგიული პარტნიორობის" მემორანდუმი გაფორმდა. ექსპერტების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უფრო ეკონომიკური დეტალების მომცველი იქნებოდა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც თავისი შინაარსით მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური კომპონენტი აქტიურად შემოდის.

რა შინაარსს ატარებს დოკუმენტი, რამ განაპირობა ჩვენი ხელისუფლების ეს ნაბიჯები საგარეო ასპარეზზე და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეაქციების კუთხით, ჯერ უცნობია.

როგორც "ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, "ეს თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიანი იქნება“, თუმცა საკითხის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ჩნდება. ერთნი ამ მოვლენას დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ "ჩინეთის გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა" კომფორტულია საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მეორე ნაწილი იმ რისკებზე საუბრობს, რაც ჩინეთთან პარტნიორობამ შეიძლება მოიტანოს და ამ ნაბიჯში საქართველოსთვის ნეგატივსა და საფრთხეს მეტს ხედავს, ვიდრე - პოზიტივს.

თემის ირგვლივ AMBEBI.GE საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:

"ამ დოკუმენტში რამდენიმე ისეთი მომენტია, რაც შეიძლება ითქვას, ჩვენთვის სარისკოცაა. ჩინეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი ინტერესები გაატაროს. მაგ. პრეამბულაში ნათქვამია, რომ „საქართველო მკაცრად უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას“. გასაგებია, რომ ერთიან ჩინეთს ცნობენ ამერიკაც და დასავლეთის სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ეს - "მკაცრად ცნობს ერთიანი ჩინეთის კონცეფციას“, იმას ნიშნავს, რომ მაგ. ჩინეთმა ტაივანის აღსადგენად ძალაც თუ გამოიყენა, ამას ეთანხმებიან, როგორც სწორი პოლიტიკა, ხომ? ან ჩინეთის მხრიდან რატომ არაა პროპორციულად ნახსენები, რომ ჩინეთი ცნობს სრულად ერთიან საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას? იქ უბრალოდ ნათქვამია, რომ ისინი ზოგადად ცნობენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. თუ ასე პარტიკულარისტულად არის ნათქვამი ჩინეთზე და ტაივანი მოიხსენიება, მაშინ რატომ არ არის საქართველოსთან მიმართებაში გამოკვეთილი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, როგორც დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის და მისი აღდგენის პერსპექტივა? აქ ჩანს, რომ ჩვენი და ჩინეთის ვალდებულებები ამ კუთხით პროპორციული არაა, ჩინეთის ვალდებულება ზოგადია, საქართველოსი კი „მკაცრი“ და კონკრეტული.

საერთაშორისო საკითხებს რაც შეეხება, ევროკავშირთან აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირთან ვატარებთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ გავიზიაროთ ერთნაირი მიდგომები. აქ კიდევ გამოდის, რომ ცალკე ჩინეთს ვპირდებით, რომ საერთაშორისო საკითხებზე გვექნება ერთიანი ხედვა. მთლიანობაში, ეს ჰგავს ბალანსირების პოლიტიკას, რაც პატარა ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, რომელსაც არჩეული აქვს დემოკრატიული განვითარების გზა, ლიბერალურ და არალიბერალურ სამყაროს შორის ბალანსირება ძალზე სარისკოა. ამათ ჰგონიათ, რომ თითქოს ეს არის გადარჩენის სტრატეგია, სინამდვილეში, ეს არის სტრატეგია, რომელსაც, რაღაც რომ მოხდეს, არავინ დაიცავს. ჩვენს რეგიონში რუსული გავლენები მცირდება და ამ დროს ჩინეთმა მოძებნა მომენტი, რათა თავისი გავლენებით შემოვიდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინი

ჩვენ რუსული გავლენების შემცირება იმიტომ გვაწყობდა, რომ უფრო გაზრდილიყო დასავლეთის გავლენა, რომელსაც მოაქვს განვითარება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მშვიდობა, თანასწორუფლებიანობა, ინვესტიციები, ნატო, ჩვენი მეტი გაფართოება და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩინეთს ვაძლევთ საშუალებას, რომ წინ აღუდგეს იმავე ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას. სწორედ ეს შედის ჩინეთის სტრატეგიაში, რომ დაასწროს რომელიმე რეგიონში, ეს კი არა, შეჭრილია ბალკანეთში და ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე ცდილობს გავლენის მოხდენას. დღეს ჩინეთის პოლიტიკის მიდგომაა, არა ქვეყნის განვითარებაზე და დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ ელიტების მოსყიდვა და მათზე გავლენის მოპოვება, პირველ რიგში, კონკრეტულ მმართველ ძალაზე. ამ შემთხვევაშიც ეს იგრძნობა, ეს ქარტიაც იმისთვისაა, რომ ჩინეთი ეჯიბრება ევროკავშირს ელიტებზე გავლენის განხორციელებაში. ამ დროს, ევროკავშირის გავლენა არა ელიტებზე, მთლიანად ქვეყანაზე და ხალხზე ხდება.

ამერიკა პარტნიორობაში დებს ისეთ შინაარსს, რომ საქართველო განავითაროს დემოკრატიის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმში ნახსენებია დემოკრატია, ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანობა, ჩინეთი ისეთი აქტორია, რომელსაც ქვეყანაში 1 მილიონი მუსულმანი ჰყავს საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებული. გნებავთ, საერთაშორისო ურთიერთობებში - ჩინეთს მიტაცებული აქვს ტერიტორიული წყლები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით სხვა ქვეყნებს ეკუთვნით და ყველა მეზობელ ქვეყანას, იაპონია იქნება, ფილიპინები, ვიეტნამი, ტაივანი - თავისთავად, ყველას ტერიტორიულ წყლებში ბატონობაზე ედავება, პატარ პატარა კუნძულების მიტაცებას ლამობს და უნდა, თავისი ჰეგემონია განახორციელოს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში

  • ამ კონტექსტში ჩვენ რომ ვაღიაროთ, ჩინეთის "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას" ვიზიარებთო, მანდ შეიძლება ჩვენ შეგვექმნას პრობლემა იმავე აშშ-სთან.

მოგეხსენებათ, ჩინეთმა "გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა" - თავისი ხედვა გამოაქვეყნა, თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო წესრიგი. მასში ძირითადი იდეა ისაა, რომ სამყარო მულტიპოლარული უნდა გახდეს, რაც, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ის გადაინაწილოს დიდმა ქვეყნებმა (თუმცა შენიღბულადაა გაკეთებული, რადგან იქ საუბარია იმაზე, რომ ყველას ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული).

ეს ინიციატივა, პრინციპში, ურტყამს ევროატლანტიკურ წესრიგს, ანუ საერთაშორისო წესრიგი საერთაშორისო სამართალზე კი არა, არამედ ქვეყნების საერთო ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. ეს ინიციატივა, პირველ რიგში, მიმართულია სწორედ როგორც აშშ-ს ჰეგემონიის (როგორც ჩინელები ამბობენ) კრიტიკული ალტერნატივა - თითქოს აშშ არის ერთპიროვნული მმართველი მსოფლიოში, ჰეგემონი და მსოფლიო უნდა გახდეს მულტიპოლარული, საერთაშორისო სამართალი მთლიანობაში ჩაანაცვლოს ამ „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივაში“ გამოთქმულმა აზრებმა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შორის ყველაფერი ინტერესებზე და ურთიერთთანხმობაზე დამყარდეს. თითქოს გარეგნულად ეს კარგი ჩანს, მაგრამ ამავე დროს, ეს ინიციატივა ჩინეთს აძლევს სრულ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშ გათელოს და თვითონ გამოვიდეს ჰეგემონად.

ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტნიორი ამერიკა-დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან რეაქცია არ მოჰყოლია. როგორც ექსპერტი გვეუბნება, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ევალება მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების პარტნიორებთან შეთანხმება, ან კონსულტაციების გამართვა.

"ეჭვი მეპარება, რომ ჩვენებს ამერიკასთან, ან ევროკავშირთან რაიმე სახის კონსულტაცია გაემართათ. ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულებით, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელოვან საკითხებზე (მით უმეტეს, როცა საქართველო ახალ ვალდებულებებს იღებს რომელიღაცა ქვეყნებთან მიმართებაში), როგორც მინიმუმ, კონსულტაცია და იდეების გაცვლა გვევალება. შეიძლება მოხდა კიდეც და საქართველომ სრულიად საწინააღმდეგოდ იმოქმედა, ანუ ისე არა, როგორც აშშ და ევროკავშირი თვლიან. საქართველოს შეეძლო ხელი მოეწერა დამატებით ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებზე, მაგრამ არა მგონია ევროკავშირს ძალიან მოეწონოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რომელიც შემჩნეულია ექსპანსიაში და რომელიც მთელ დასავლეთთან შეჯიბრების რეჟიმშია (მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნებსაც აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან). საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამას დიდი კრიტიკა მოჰყვება დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოებისგან. ეს საკითხი სკურპულოზურად უნდა ყოფილიყო განხილული ამერიკასთან და ევროკავშირთან.

ამ ყველაფრის უკან დგას ჩინეთის ინტერესი და მეორეს მხრივ, ჩვენი მმართველი ძალის ინტერესიც, რომ შექმნას დივერსიფიცირება - მას სრულად ევროკავშირზე არ უნდა დამოკიდებულება, ვინაიდან ის სთხოვს რეფორმებს, ინსტიტუციების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, საარჩევნო კოდექსის შეცვლას და ა.შ. ამიტომ მათ სჭირდებათ სხვა აქტორის კონკურენცია, რომ თქვან, თქვენ არ გვაძლევთ კანდიდატის სტატუსს? აგერ, ჩინეთთან ვითანამშრომლეთ და მასთან ვიძმაკაცებთო. ამან ერთადერთი პოზიტიური ის შეიძლება მოიტანოს, რომ ეს იქნება რუსეთის რაღაცნაირად დაბალანსება - იქ, სადაც მცირდება რუსული გავლენები (მაგ. შუა აზიაში, სადაც რუსეთი ვეღარ განახორციელებს ვერანაირ ინტერვენციას, ვერ ემუქრება ყაზახეთს და სხვა), იქ დამცველად უკვე ჩინეთი გამოდის. შესაძლოა, ჩინეთის გავლენის ზრდა გარანტიას იძლევა, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ გაუბედავს პირდაპირ აგრესიას საქართველოს მიმართ. ამ შემთხვევაში, ეს არაა ცუდი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთი თვითონ თითქმის ტოტალიტარული, ძლიერად ავტორიტარული სისტემაა, ამიტომ მასზე დამოკიდებულების ზრდა, გნებავთ პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც, არის სახიფათო (იგივე კრედიტების მოზიდვა და მერე იმავე კრედიტებით თავისი ინტერესების გატარება, მაგ. ინფრასტრუქტურაში - მოგცემენ კრედიტს, თვითონ აშენებენ და მერე თავად ხდებიან მესაკუთრეები, რადგან კრედიტს ვეღარ აბრუნებ).

ასე აკეთებენ აფრიკაში, სადაც ხელში ჩაიგდეს ბევრი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და ა.შ. ეს გავლენა საფრთხის შემცველი კიდევ იმიტომაა, რომ შენ პატარა და დაუცველი ქვეყანა ხარ, გჭირდება პარტნიორები, რომლებიც ისე არ გიყურებენ, რომ გამოგიყენონ, გამოგწურონ და გადაგაგდონ, არამედ შენს განვითარებაზე ზრუნავენ, ევროკავშირს უნდა საქართველო მისი ოჯახის წევრი იყოს და არა ვასალი, რომელსაც გამოიყენებს, თავის ინტერესებს გაატარებს, იქ თავის ხალხს ჩაასახლებს და სხვა. ნუ დაგვავიწყდება, ვისთან გვაქვს საქმე - ჩინეთი არის აქტორი, რომელიც ყველა მეზობელს ედავება ტერიტორიას, ტერიტორიულ წყლებს და ახდენს ძლიერ მილიტარიზაციას რეგიონში, თავის ფულს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნები თავის მოვალეებად აქციოს, ან დაეუფლოს ქვეყნებში სტრატეგიულ ობიექტებს, განსაკუთრებით, აბრეშუმის გზის გასწვრივ.

ეს ყველაფერი სარისკოა და ჯობია, იმავე ჩინეთთან ურთიერთობები ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის და მათთან კონსულტაციების კონტექსტში განვითარდეს. არის კიდევ ერთი საკითხი - ასეთი დიდი ნაბიჯები საქართველოში ხალხთან ყოველგვარი კავშირის და მათი გამოკითხვის გარეშე ხორციელდება. ხალხი კი არა, პარლამენტშიც არ ყოფილა ამ საკითხზე დებატები. გამოდის, რომ მთავრობის მიერ მოხდა ისეთი მიმართულებების ხელში ჩაგდება, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა. მაგ. თუ სახელმწიფო საგარეო ურთიერთობების კონცეფციაში არ ფიგურირებს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება, მაშინ მთავრობამ, როგორც მინიმუმ, წინასწარ რაღაც დებატები მაინც უნდა გამართოს. პარლამენტი მეტად წარმოადგენს ხალხს, ვიდრე - მთავრობა, ამიტომ ასეთი საკითხები პარლამენტში უნდა განიხილებოდეს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პლებისციტი, გამოკითხვაც ჩატარდეს და მოსახლეობის აზრიც გაიგონ. ესენი არც ევროკავშირის, არც ამერიკის, არც ხალხის და პარლამენტის აზრს არ კითხულობენ და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს. ანუ ვიწრო წრეში ხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ესაა პრობლემა“