ავტორი:

პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“

პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“

რუსული თვითმფრინავები ღამით ოდესის სამხრეთ რეგიონში პორტსა და მარცვლეულის შესანახ ობიექტებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა "ტელეგრამზე" დაწერა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ თვითმფრინავები შავი ზღვიდან შემოვიდნენ და მდინარე დუნაის გასწვრივ დასავლეთით, იზმაილისკენ დაიძრნენ. ივლისის ბოლოს რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად შეუტია იზმაილის პორტის ტერმინალს და მარცვლეულის საწყობი გაანადგურა.

ოდესაზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამზე" გამოეხმაურა და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

"მტერი ცდილობს გაანადგუროს უკრაინული მარცვლეული, თავს ესხმის სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს ჩვენი ქვეყანა სურსათის გლობალური ბაზრიდან“ - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთმა უარი თქვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე.

17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა განახლებულიყო რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის არსებული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ ის შარშან გაფორმდა თურქეთის დიდი ძალისხმევითა და გაეროს მონაწილეობით, შეიქმნა უსაფრთხო საზღვაო დერეფანი უკრაინის პორტებიდან საექსპორტო მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების გასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა.

ახლა კი რუსეთმა განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებამ" ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა "საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწვევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.

მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ, რუსეთი თავს დაესხა მარცვლეულის მარაგებს უკრაინის მთავარ ქალაქებში, მათ შორის საპორტო ქალაქ ოდესაში 60,000 ტონა მარცვლეული გაანადგურა, რაც საკმარისი იყო 270,000 ადამიანის გამოსაკვებად ერთი წლის განმავლობაში.

გასულ კვირას კი თავს დაესხა ჩორნომორსკის პორტს, რომლის დახმარებითაც უკრაინული ხორბლის 70%-ზე მეტი განვითარებად ქვეყნებში გადიოდა. ექსპერტების თქმით, ზიანის გამოსწორებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. მათივე განცხადებით, "ნამდვილად შეშფოთებულია“ გლობალური სასურსათო კრიზისი და აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმება მიატოვა, ხორბლის ფასი 10%-ით გაიზარდა.

”რუსეთი, საკვების მარაგზე თავდასხმით, რაღაც ჭეშმარიტად არაკეთილსინდისიერს აკეთებს”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.

"სრულიად ამორალურია, რომ რუსეთი აგრძელებს სურსათის იარაღს“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ Twitter-ზე. "გარიგების გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული სურსათზე ფასების ზრდა და ბაზრის დესტაბილიზაცია."

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, რომელთაგან ოთხი უკრაინას ესაზღვრება - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - ამჟამად აკრძალეს უკრაინული მარცვლეულის იმპორტი საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის დასაცავად.

ცნობისთვის, ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას მსოფლიო საკვების მარაგის დიდი ნაწილი უკავია, მათ შორის ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13%.