ავტორი:

"მზის შვილები“ - ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის წარმატებული პროექტი: ფოტოები თათა ასათიანი-აიგნერის შემოქმედებითი საღამოდან

"მზის შვილები“ - ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის წარმატებული პროექტი: ფოტოები თათა ასათიანი-აიგნერის შემოქმედებითი საღამოდან

ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის და ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის (შემოქმედებითი ფსევდონიმი Filia Solis), საავტორო პროექტის ციფრული პროდუქციის კინოჩვენება გაიმართა ხუთშაბათს, 27 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რეზო გაბრიაძის სახელობის კინოდარბაზში.

"მზის შვილები“ მუსიკალური და მულტიმედიური შემოქმედებითი პროექტია, რომლის პრემიერა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და 2022 წლის სექტემბერში ქვემო ავსტრიაში გავიდა სცენაზე. პრემიერა ჩატარდა ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯომარის, ბ-ნ ვოლფგანგ სობოტკას, ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის მერის, ბ-ნ ვერნა კრამერის პატრონაჟითა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

თათა ასათიანი-აიგნერი

მრავალმხრივი ხელოვანის, Filia Solis, შემოქმედებით პროექტს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირეული იდეა. ეს იდეები გადმოსცემს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების სიყვარულს, ერთმანეთის თანადგომას. პროექტი კი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრების გზაზე შეხვედრილი ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად პოულობს ძალას და სიმამაცეს, რომ არ გაჩერდეს და იაროს წინ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისკენ. ყველაფერი ეს პროექტის ფარგლებში გადმოცემულია მუსიკალური ნაწარმოებებით, სიმღერების ტექსტებით, ცეკვის პერფორმანსით, შუქის ინსტალაციებითა და ვიდეო რგოლებით.

თათა ასათიანი-აიგნერმა შექმნა პროექტ „მზის შვილების“ შემადგენელი მუსიკალური ნაწარმოებები, მუსიკალურ ნაწარმოებებზე დაწერილი ტექსტები, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ლათინურ ენებზე, ცეკვის პერფორმანსისა და შუქის ინსტალაციების სცენარები. პროექტის ვიდეოები კი თათამ გადაიღო და დაამონტაჟა მეუღლის, ალექს აიგნერის და მათი მეგობრის, თომას აიჰლეთერის, დახმარებით.

პროექტში თათას გარდა მონაწილეობას იღებდა მისი 15 კოლეგა. ასევე პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო ელექტრონული საუნდი. ცეკვის პერფორმანსში ჩართული იყო 11 მოცეკვავე და ქორეოგრაფი მარია ბლაჰუსი. ხოლო შუქის ინსტალაციები კი ასეთი სახით შეიქმნა პირველად, ამ პროექტისთვის ვენის სახელოვნებო უნივერსიტეტში მოღვაწე ხელოვანის, ული ქიუნის მიერ და მათ ეწოდათ „ანალოგური ვიზუალიზაციები“.

"ძალიან მიხარია, რომ ქართველმა მაყურებელმა საინტერესოდ აღიქვა და ასე თბილად მიიღო ჩემი პროექტი. პირველი ნაბიჯები წარმატებით გადაიდგა იმისათვის, რომ „მზის შვილები“ მომავალში ცოცხლად გავიტანოთ სხვადასხვა სცენაზე საქართველოში. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ქართველ გულშემატკივრებს დაფასებისთვის და სიყვარულისთვის. ეს მე საზღვარგარეთ ნამდვილად ძალას მაძლევს, რომ შევქმნა კიდევ უფრო მეტი კრეატიული პროექტი“- ამბობს თათა ასათიანი-აიგნერი.