გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სანაპიროზე განტვირთვას მართლაც არაფერი სჯობს. თითოეულ ჩვენგანს დასვენება სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია, ზოგს უბრალოდ ცურვა, გარუჯვა და საღამოს გართობა უყვარს, ზოგს საინტერესო წიგნის კითხვა, გვერდით ცივი სასმელი და ფონად ზღვის ტალღების ხმა, ზოგიერთს ლაშქრობები და ახალი ადგილების აღმოჩენა იზიდავს და ვინ მოთვლის.
თუ მათ რიგებს მიეკუთვნებით, ვინც თვეების განმავლობაში დაგროვილ წიგნებს სწორედ შვებულების პერიოდში კითხულობს ხოლმე და თანაც ბიზნესლიტერატურა თქვენი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა, მაშინ ამ წარმატებული ავტორების მსოფლიო ბესტსელერები თქვენს სიაში აუცილებლად მოხვდებოდა:
ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - იკიგაი
ჩვენს ჩამონათვალს სწორედ „იკიგაი-თ“ ვიწყებთ, რადგან ეს არის წიგნი ცხოვრების აზრის, საკუთარი თავის შეცნობისა და ჰარმონიის პოვნის შესახებ. სტრესისგან გათავისუფლება და სიმშვიდე კი სწორედ ისაა, რაც შვებულების დროს გვსურს. დედლაინებსა და საქმიანი შეხვედრებზე ფიქრის გარეშე ჰარმონიის მიღწევის ამ იაპონურ სიბრძნეს უფრო მშვიდად და დაკვირვებით წავიკითხავთ და მეტი დრო გვექნება, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ გვირჩევს, ინტელექტუალურ დასვენებას სწორედ ამ წიგნის კითხვით შეუდგეთ.
ნორმან ვინსენტ პილი - პოზიტიური აზროვნების ძალა
რადგანაც სულიერი სიმშვიდის მოპოვება ცხოვრებით ტკბობასა და კმაყოფილების მიღწევაში გვეხმარება, შვებულების დროს ისეთი წიგნის წაკითხვა, როგორიც „პოზიტიური აზროვნების ძალაა“ საკუთარ თავზე მეტის გაგებაში დაგვეხმარება. მივხვდებით, რომ რეალურად, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებების ნაწილი არა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, არამედ ჩვენი ნეგატიური განწყობითა და მოლოდინებით არის გამოწვეული, რაც შემდეგ ჩვენს ქმედებებში ითარგმნება და ნეგატიურ შედეგს გვაძლევს.
პოზიტიურ აზროვნებას თვითრწმენის მოპოვებაში, სირთულეების უკეთ გადალახვასა და ჰარმონიის მოპოვებაში დიდი ძალა აქვს.
ჯორდან პეტერსონი - ცხოვრების 12 წესი
ბიზნესლიტერატურის აქტიური მკითხველი ჯორდან პეტერსონს კარგად იცნობს. პროფესორს, კლინიკურ ფსიქოლოგსა და ავტორს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს. მისი მოსაზრებები ფემინიზმსა და გენდერულ საკითხებზე ზოგიერთისთვის მიუღებელია, ზოგისთვის კი - პირიქით. „ცხოვრების 12 წესი“ პეტერსონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც მკითხველს ეხმარება, სწორად განსაზღვროს მთავარი ღირებულებები და ნაკლები დრო და ენერგია დაუთმოს ფუჭ და შინაარსისგან დაცლილ საკითხებს.
ჯეიმს ქლიერი - ატომური ჩვევები
ჩვენი პროგრესი და წარმატება დაფუძნებული იმ ყოველდღიურ ჩვევებზე, რაც საბოლოოდ ჩვენს ცხოვრების წესს განსაზღვრავს. მათი ცვლილება კი მცირედით, მაგრამ მაინც კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაღაც ახლის დანერგვაა, რაც შეიძლება ჩვენი გამოცოცხლებისა და უფრო ეფექტიანად მუშაობის საწინდარი გახდეს.
„ატომური ჩვევები“ შეგვიცვლის ფიქრებს პროგრესსა და წარმატებაზე და მოგვცემს ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ჩვენი ჩვევების გარდაქმნაში დაგვეხმარება. თუ დიდი მიზნის მიღწევა გვსურს, პატარა ცვლილებებით უნდა დავიწყოთ, ეს წიგნი კი მოტივაციის საპოვნელად იდეალურია.
ხშირად ისეც ხდება, რომ დასვენების დროს რაიმე საინტერესოს, გამოსადეგს, თუმცა მარტივი ენით დაწერილ,“სხარტ წიგნს“ ვეძებთ. ბრაიან თრეისის „მიზნები“ სწორედ ასეთია. წიგნი მარტივი ენით გვასწავლის, რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ დასახული მიზნების მიღწევა გვსურს და როგორი სტრატეგია ავირჩიოთ ამისთვის. რაც მთავარია, ის მკითხველს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღოს სასურველი ინფორმაცია და ერთ საკითხზე ფოკუსირდეს. შესაბამისად, სანამ ზღვიდან ამოსულები ქოლგის ქვეშ გავშრებით, „მიზნებიც“ დასრულებული გვექნება.
წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანი სწორად აფასებდეს მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და ადეკვატურად აღიქვამდეს ვითარებას, რომელშიც ის იმყოფება. ამაში კი ხელს ყალბ ეგოზე აგებული თვითშეფასება უშლის. ის მოვლენებს მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან აფასებს და არ შეუძლია, მათ შორიდან ანალიტიკური თვალით დააკვირდეს.
„ამწყოს ძალა“ სუფთა ჰაერივით იქნება ჩვენს ცხოვრებაში და თუ მის რჩევებს ყურად ვიღებთ, ყალბი ეგოსგან გათავისუფლებაშიც დაგვეხმარება.
სამი კოენი - ცხოვრება შიშს მიღმა
ამ წიგნში ავტორი ეხება ყველასთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს: შფოთვისგან გათავისუფლებასა და ცხოვრების ხალისის პოვნას. დღევანდელ ცხოვრების რეჟიმში ძნელია შფოთვისა და სტრესისგან გათავისუფლება, თუმცა არა შეუძლებელი.
ეს წიგნი მოგვითხრობს, როგორ დავთრგუნოთ შფოთვა და რეალურად შევიგრძნოთ ის, რაც გვაბედნიერებს.
ნაპოლეონ ჰილი - იფიქრე და გამდიდრდი
მეტი შემოსავლის მიღებაზე ხომ ყოველთვის ვფიქრობთ, იქნება ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეები თუ შვებულება? ეს წიგნიც სწორედ ამ მუდმივი საფიქრალის შესახებაა. „იფიქრე და გამდიდრდი“ წარმატებული ადამიანების რეკომენდაციებით დაგვეხმარება, ფინანსური წარმატებისკენ სწორი ნაბიჯები გადავდგათ.
ჯორჯ სამუელ ქლეისონი - ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
ქლეისონმა წიგნი 1920-იან წლებში დაწერა და მასში განხილული საკითხები ინვესტორებისთვის დღესაც აქტუალურია. როგორც წიგნშია აღწერილი, ფული დღესაც იმავე კანონებს ექვემდებარება, რომელიც ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონში მოქმედებდა. ამ კანონების ცოდნა კი როგორც მოზარდს, ისე ზრდასრულს დაეხმარება, სამომავლოდ ფინანსური შეცდომები თავიდან აიცილოს და კაპიტალის დაგროვება შეძლოს.
მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება
მარკ მენსონის ეს მსოფლიო ბესტსელერი ბოლო რეკომენდაციად შემოვინახეთ, რადგან თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესლიტერატურის მოყვარულებს ეს წიგნი წაკითხული უნდა გქონდეთ. თუ თქვენს სიაში საპატიო ადგილს იკავებს და აქამდე გაცნობა ვერ მოახერხეთ, გირჩევთ, რამდენიმე საათი ამ საინტერესო, ცხოვრებისეული რჩევებით აღსავსე ნამუშევარს დაუთმოთ, რომელიც გვასწავლის, როგორ გავუსწოროთ თვალი საკუთარ ნაკლოვანებებს, როგორ შევხვდეთ გამოწვევებს, როგორ შევიცნოთ საკუთარი ინტერესები და სხვა. ასევე, საშუალება გვაქვს, მისი მეშვეობით გავეცნოთ ცნობილი ადამიანების საინტერესო ისტორიებსაც.
წიგნები „პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოიცა და როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე, ისე მაღაზიებშიც ხელმისაწვდომია.
R