ავტორი:

"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

"ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია" - აფრიკელი პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები და პუტინის აფრიკული თამაშები

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსებსა და აფრიკელებს ერთმანეთი მოულოდნელად შეუყვარდათ. რუსულ-აფრიკული ვნების ქარბუქში მთავარი ფიგურანტი პუტინია. რუსი "რომეოს“ მხარდაჭერა აფრიკულ საზოგადოებაში დიდი ტემპით იზრდება.

მაგალითად, 29 ივლისს "აფრიკელმა ჩე გევარამ", რომელიც იოჰანესბურგის ქუჩებში ბერეტით დადის და ვითომ მშვიდობის დიდი მოყვარულია, ჯულიუს მალემამ მსოფლიოს პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მალემა, რომელიც პარტია "ეკონომიკური თავისუფლების მებრძოლების" ლიდერია, სტადიონზე შეკრებილ ათობით ათას მიმდევარს აქეზებდა.

გამოსვლისას ის შეეხო BRICS-ის სამიტის საკითხს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გაიმართოს. სამიტზე პუტინის დასწრების შემთხვევაში კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მისი დაკავების ვალდებულება აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი სამიტზე დასწრებას არ აპირებს.

ჩვენს პრეზიდენტს არ შეუძლია პუტინს მისცეს გარანტიები, რომ თუ ის აქ ჩამოვა, არ დაიჭერენ. ჩვენ ვართ პუტინი და პუტინი ჩვენიანია! ჩვენ ვერ ავიტანთ პუტინის წინააღმდეგ იმპერიალისტურ განწყობებს! მივმართავთ ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, არ მიიღოთ მონაწილეობა ბრიქსის სამიტში და სოლიდარობა გამოუცხადეთ პრეზიდენტ პუტინს. თქვენ უნდა თქვათ: "თუ თქვენ ეხებით ჩვენიანს, თქვენ ეხებით ყველა ჩვენგანს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მალემამ.

რუსებს თითქმის მოეწონათ თავიანთი ჭკუის მალემა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი იყო, რადგან საუბრისას, აფრიკელმა "ჩემ“ ყველაფერი "გააფუჭა": რადიკალმა მემარცხენემ მხარდამჭერებთან ერთად რასისტული სიმღერა უნიჭოდ წაიღიღინა: "მოკალი თეთრი, მოკალი თეთრი ფერმერი“, - მღეროდა ის ათასობით ადამიანთან ერთად.

"სამართლიანობისა და თანასწორობის ეტალონ“ რუსეთში კი არ მოეწონათ სიმღერა და მალემას გამოსვლა პროპაგანდისტებს სატელევიზიო ეთერში არ გააშვებინეს. საკითხავია, იქნებ უბრალოდ მალემას ვოკალი დაიწუნეს?!

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/U_tdo71--OY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

რუსული განწყობები, ასევე, იზრდება ნიგერიშიც, სადაც ცოტა ხნის წინ სამხედრო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დააკავეს.

გადატრიალებამდე ქუჩაში ხალხი გამოვიდა და პროფრანგული ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა. აქციაზე ჩანდა რუსული დროშებიც. გადატრიალების ლიდერი აბდურაჰმან ჩიანია.

62 წლის გენერალი პრეზიდენტის გვარდიას 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰამადუ ისსუფუმ 2018 წელს მას გენერლის წოდება მიანიჭა. სხვათა შორის, 2015 წელს ჩიანის მაშინდელი პრეზიდენტის ჩამოგდებაში ედებოდა ბრალი.

გენერალმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ ხუნტა ხელისუფლებაში მოვიდა ნიგერიში არსებული რიგი პრობლემების გამო, მათ შორის ხაზი გაუსვა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეკონომიკურ სირთულეებსა და კორუფციას. ბოლო წლებში დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც მოხდა გადატრიალება, მაგალითად, მალიში, გვინეასა და ბურკინა-ფასოში.

ნიგერი - რეგიონში დასავლეთის ქვეყნების ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორია. 1960 წლამდე ის საფრანგეთის კოლონია იყო. ფრანგები ქვეყანაში დღემდე სარგებლობენ დიდი გავლენით და საკუთარი სამხედრო ბაზები აქვთ.

ქვეყანა მდიდარია ურანის საბადოებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებს აწვდის. საჰელში ფრანგულ ბაზასთან ერთად, აშშ-ის სამხედრო ბაზაც არის, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ისლამური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ამ ბრძოლაში ნიგერმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, მას შემდეგ, რაც მეზობელ მალისა და ბურკინა-ფასოში გადატრიალება მოხდა. აღსანიშნავია, რომ მალიშიც რუსეთის რომანტიზება მიმდინარეობს. ქვეყანაში უსაფრთხოებას კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერი“ უზრუნველყოფს. ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ სამხედრო მიმართულებით მუშაობს, ასევე რუსულ პროპაგანდასაც ატარებს.

რუსეთში ნიგერის გადატრიალებას მხარი არ დაუჭირეს, მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას "ანტიკონსტიტუციური“ უწოდა. თუმცა ამ სიტყვების უკან რა დგას - უცნობია, რადგან ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაზუმი უკრაინის მხარდამჭერი და "ყირიმის პლატფორმის“ მომხრე იყო.

ისე კი, ნიგერს ნამდვილად ესაჭიროება უსაფრთხოების საკითხში დახმარება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯოზეფ ბორელი იყო ჩასული და ადგილობრივებს რეგიონში სტაბილურობას, ასობით მილიონ ევროსა და ვერტმფრენებისთვის ჭურვებს დაჰპირდა.

გადატრიალების გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, დაპირება არ შეასრულოს, რადგან ნაკლებმოსალოდნელია, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან ითანამშრომლონ.

ასეთ შემთხვევაში, არის ალბათობა, რომ ნიგერი რუსეთს, კერძოდ კი "ვაგნერს“ მიმართავს დახმარებისთვის. "ვაგნერი" საჰელის სამ ქვეყანაში მუშაობს: მალიში, ბურკინა ფასოსა და სუდანში. ეს ყველაფერი კი პუტინს აფრიკაში გავლენების გასაძლიერებლად გამოადგება, სადაც მოსახლეობის ნაწილი ისედაც ღიად აფანატებს რუს დიქტატორზე.

BBC-ის კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი ფიქრობს, რომ მომავალში ნიგერისთვის პოზიტიური ვარიანტები არ ჩანს.

"როგორც ჩანს, დასავლეთი იქ თავის სტრატეგიულ კონტრტერორისტულ ბაზებს კარგავს. სამხედრო ჩარევა სამოქალაქო ომს გამოიწვევს. ახლა საფრანგეთის მოქალაქეების ევაკუაციას, დიდი ალბათობით ამერიკული და ფრანგული სამხედრო ბაზების დახურვა მოჰყვება, 2500 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ნიგერს ამბოხებულ ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა, ქვეყნიდან წავა.

ვისთვის არის ეს ყველაფერი მომგებიანი? ნიგერიის მოსახლეობისთვის ნამდვილად არა. დასავლეთის ჯარისკაცების აქ ყოფნა ყველას არ მოსწონდა, მაგრამ ქვეყანა ყოველწლიურად ფულად დახმარებას იღებდა. საუბარია ასობით მილიონ ევროზე. ახლა ეს დახმარება შეწყდება.

რუსული დროშებიც მოულოდნელად სწრაფად გამოჩნდა ქუჩებში, სავსებით მოსალოდნელია, რომ რუსული "ვაგნერი“ დასავლელ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს.

ჯიჰადისტებისთვის კი ეს გაურკვეველი სიტუაცია სტრატეგიული დანიშნულების საჩუქარია.“

როგორც ჩანს, პუტინის გავლენა აფრიკაში ნამდვილად ძლიერდება. 27 ივლისს პეტერბურგში "რუსეთ-აფრიკის“ ფორუმი ჩატარდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსები ალტერნატიულ ბაზრებსა და გავლენის სფეროებს ეძებენ. აფრიკის ქვეყნებში მზარდი პრორუსული განწყობები, გადატრიალებები, "ვაგნერის“ როლი და ზოგ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე