უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მორჩილად ასრულებს კრემლის მითითებებს - დიპლომატები პროპაგანდისტებად და „რობოტებად“ გადაიქცნენ.
ამ თემას BBC-იმ ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის უმეტესი ნაწილი ეხება ისტორიას, თუ როგორ დაკარგა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავლენა და დამოუკიდებლობა პუტინის მმართველობის წლებში.
"2021 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის საქციელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი შოკში ჩააგდო" - წერს BBC წყაროებზე დაყრდნობით.
ნულანდმა რიაბკოვი და ოთახში მყოფი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი რობოტებს შეადარა, რომლებიც ფურცელზე დაწერილ კრემლის მოთხოვნებს კითხულობდნენ.
"დიპლომატებს იმ დროისთვის პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლოთ" - წერს BBC და აღნიშნავს, რომ რუსეთში პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებში რეალურად განიხილებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. თუმცა, 2007 წლიდან, პუტინის დამოკიდებულებაში დასავლეთის ქვეყნების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გაბატონდა.
მას შემდეგ, რაც პუტინი დაბრუნდა საპრეზიდენტო პოსტზე 2012 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაში ცვლილებები დაიწყო. კომუნიკაციის აგრესიული სტილი გახდა ნორმა ბევრი რიგითი დიპლომატისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების უფლება 2014 წელს ჩამოერთვა. მინისტრი არც მიმდინარე მოვლენების შესახებ იყო ინფორმირებული. სერგეი ლავროვმა უკრაინაში შეჭრის შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეიტყო.
ის ფაქტი, რომ საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის „დეგრადაციის“ მიუხედავად, დიპლომატები თითქმის არასოდეს ტოვებენ საჯარო სამსახურს, ბევრ კითხვას აჩენს. BBC-ის თქმით, ყველა მათგანი ხვდება, რომ მათ სიტყვას ძალა აღარ აქვს, უბრალოდ, სამსახურის დატოვებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით.