თბილისის მერი კახა კალაძე რაჭის სტიქიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს. მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად" - წერს კალაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო "სანსეტ შოვი" დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოჯახმა სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
სასტუმროს მმართველი კომპანიის წარმომადგენლის ანა მურადაშვილის თქმით, თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, საკუთარი ავტომობილით დატოვა.
"კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით," - ამბობს ანა მურადაშვილი.
შოვში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 6 პირის ცხედარია ნაპოვნი.