ავტორი:

როგორ და რატომ ჩნდება ახლომხედველობა და შორსმხედველობა - ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი

როგორ და რატომ ჩნდება ახლომხედველობა და შორსმხედველობა - ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი

შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი - ეს სიტყვები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ისმის. თვალის რეფრაქციული ანომალიები განსაკუთრებით გახშირებულია, რაშიც დიდ როლს თანამედროვე ცხოვრების სტილი ასრულებს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი მაია საგინაშვილი განმარტავს, კლინიკური რეფრაქცია არის თვალის უნარი მასზე დაცემული სხივი ისე გარდატეხოს, რომ გამოსახულება ბადურა გარსზე დაფოკუსირდეს. ასეთ რეფრაქციას ემეტროპია ჰქვია. თუმცა არსებობს გადახრები, როგორიცაა ახლომხედველობა ანუ მიოპია, შორსმხედველობა ანუ ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი. ასტიგმატიზმი დეფექტია, რომელიც გამოწვეულია რქოვანას ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. 40 წლის შემდეგ უკვე გვხვდება ანომალია პრესბიოპიის სახითაც.

მაია საგინაშვილი თვალის რეფრაქციულ ანომალიებზე დეტალურად გვესაუბრება.

რას ნიშნავს თვალის რეფრაქციული ანომალია?

ახლომხედველობის ანუ მიოპიის შემთხვევაში სინათლის სხივის ფოკუსი ფოკუსირდება ბადურა გარსის წინ, შორსმხედველობის შემთხვევაში კი - ბადურა გარსის უკან. ასტიგმატიზმი რქოვანა გარსის არასწორი ფორმის შედეგად გამოწვეული პათოლოგიაა. ამ შემთხვევაში როგორც შორს, ისე ახლო მანძილზე პაციენტს მკაფიოდ დაფოკუსირება უჭირს.

პრესბიოპია ჩნდება 40 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფებში და გამოიხატება ახლო მანძილზე მხედველობის მუშაობის გაძნელებით. ის განპირობებულია ბროლში მიმდინარე სკლეროზული ცვლილებებით. ამ დროს ბროლს აღარ შეუძლია მარტივად შეცვალოს სიმრუდე და შესაბამისად, ადამიანს უჭირს ახლო მანძილზე მკაფიოდ დაინახოს საგნები.

როდის ჩნდება თვალის რეფრაქციული ანომალიები?

ჯანმრთელ ახალშობილთა უმრავლესობა იბადება დაბალი ხარისხის შორსმხედველობით. 1 წლამდე ასაკის ჩვილების თვალი მოწყობილია შორს მხედველობაზე, მას ახლოს დანახვა უჭირს. ეს გამოწვეულია ბავშვის თვალის კაკლის ზომით. ახალშობილს თვალის მოკლე კაკალი აქვს. დროთა განმავლობაში ის იზრდება და რეფრაქციაც უახლოვდება ნორმას.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალშობილებში შორსმხედველობა ნორმაა მხოლოდ +3+4 დიოპტრიამდე. თუ კონკრეტული მაჩვენებელი ამ რეფრაქციაზე უფრო მაღალია, მაშინ ბავშვი მომავალშიც შორსმხედველი იქნება. საშუალო და მაღალი ხარისხის შორსმხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს სიელმის განვითარება. თუ თვალებში შორსმხედველობის ხარისხი განსხვავდება, შედეგად მივიღებთ ზარმაც თვალს.

ახლომხედველობა შესაძლებელია იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. თანდაყოლილი ახლომხედველობა ნიშნავს, რომ ბავშვი მიოპიური რეფრაქციით იბადება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკის, ისე დღენაკლულობის გამო.

შეძენილი ახლომხედველობა ჩნდება, როდესაც ბავშვი აქტიურ საქმიანობას იწყებს ახლო მანძილზე. ეს არის სასკოლო პერიოდი, ასევე თინეიჯერობის ასაკი. ამ პერიოდში გაჩენილ ახლომხედველობა ახასიათებს ბავშვის ორგანიზმის ზრდასთან ერთად პროგრესირება. ახალი შემთხვევების გამოვლენა აღწევს მაქსიმუმ 20 წლის ასაკს. მერე უკვე შეძენილი ახლომხედველობა არ გვხდება.

ასტიგმატიზმი ძირითადად თანდაყოლილი პათოლოგიაა, თუმცა ბავშვის ზრდის პერიოდში მანაც შეიძლება განიცადოს ცვლილებები.

როდის და როგორ ხდება რეფრაქციული ანომალიების დიაგნოსტიკა?

ახალშობილ ბავშვებში რეფრაქციულ დიაგნოსტიკას დიდი პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია, რადგან აქ გვხვდება შორსმხედველობა. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ხომ არ გვაქვს სხვა ანომალიები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კატარაქტა.

რეფრაქციის კონტროლი სასურველია მოხდეს 1 წლის ასაკში. ხოლო თუ მშობელი ამჩნევს სიელმეს ან თუ ბავშვი საგნებსა და ადამიანებს არ აქცევს ყურადღებას, მაშინ 1 წლამდე ასაკშიც საჭიროა კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სათვალით კორექცია.

დიაგნოსტიკისთვის არსებობს სპეციალური კვლევის მეთოდები, რომლებიც მორგებულია როგორც მცირეწლოვნებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. აპარატის საშუალებით რეფრაქციის განსაზღვრა ავტომატურად ხდება. დამატებითი შემოწმების შემდეგ კი ექიმი ნიშნავს მკურნალობას.

როგორია რეფრაქციული ანომალიების მკურნალობის გზები?

რეფრაქციის ანომალიას მედიკამენტოზურად ვერ ვმკურნალობთ, რადგან ის ოპტიკური ნაკლია.

ამ შემთხვევაში მკურნალობის სამი გზა გვაქვს:

  • სათვალით კორექცია;
  • კონტაქტური ლინზით კორექცია;
  • ლაზერული აპარატით კორექცია.

ბავშვთა ასაკში სათვალით კორექცია უალტერნატივოა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ბავშვთა ასაკშიც ვნიშნავთ ხოლმე ლინზას. ამ დროს სამედიცინო ჩვენებაა დიოპტრიებს შორის საგრძნობი სხვაობა. მოზრდილებში შესაძლებელია ვიხმაროთ როგორც ლინზა, ისე სათვალე.

ლაზერული კორექცია რეკომენდებულია დაახლოებით 18 წლის ასაკიდან. ლაზერულ კორექციას ვირჩევთ, როდესაც რეფრაქცია სულ ცოტა 1 წლის განმავლობაში დასტაბილურებულია.

მხედველობის ლაზერული კორექციის რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს?

ლაზერული ჩარევა ხანმოკლე პროცედურაა, რომელიც პაციენტისთვის უმტკივნეულოა. რეაბილიტაციაც ხანმოკლე და უპრობლემოა. ეს განპირობებულია იმ მაღალტექნოლოგიური აპარატით, რომლითაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტებს ვემსახურებით. Zeiss-ის ფირმის უახლესი ლაზერული აპარატი ახორციელებს უშუალოდ პაციენტზე მორგებულ ჩარევას, რომელსაც პერსონიფიცირებული კორექცია ეწოდება.

ოპერაციის შემდეგ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

შესაძლებელია თუ არა რეფრაქციული ანომალიების პრევენცია?

გარკვეული მხედველობითი ჰიგიენის წესების დაცვით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მაღალი ხარისხის რეფრაქციული მანკები. ამისთვის საჭიროა ნაკლები დრო გავატაროთ ეკრანებთან და მაქსიმალურად დიდი ხანი ვიყოთ ღია სივრცეში, რომ თვალს შორ მანძილზე ხედვის საშუალება ჰქონდეს. ეკრანთან ყოველი 30 წუთიანი მუშაობის შემდეგ საჭიროა 10 წუთი შორ მანძილზე ყურება. ეს წესი ეხება როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.

R