ავტორი:

"უმძიმესი სიტუაციაა, სამწუხაროდ, ამინდიც გაუარესდა, წვიმს... მაშველებს, მძიმე ტექნიკას მუშაობა ძალიან უჭირთ" - რას ჰყვება მოხალისე შოვში ამ წუთებში არსებულ ვითარებაზე

"უმძიმესი სიტუაციაა, სამწუხაროდ, ამინდიც გაუარესდა, წვიმს... მაშველებს,  მძიმე ტექნიკას მუშაობა ძალიან უჭირთ" - რას ჰყვება მოხალისე შოვში ამ წუთებში არსებულ ვითარებაზე

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ორასზე მეტი მოქალაქე ევაკუირებულია, 25 მოქალაქესთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სასტუმრო "სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე იმყოფება მოხალისე - გაბრიელ ფოლკეშტერნი, რომელიც გვესაუბრება, თუ რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე.

- გუშინ საღამოს ჩამოვედი, შოვში ვარ, აქ უმძიმესი სიტუაციაა, სამწუხაროდ ამინდიც გაუარესდა, წვიმს და წვიმის დროს ნიადაგი უფრო რბილდება. სამაშველოს თანამშრომლებს, მძიმე ტექნიკას მუშაობა ძალიან უჭირს. მდინარის დინება უფრო ძლიერი ხდება, ბევრი ადამიანია დაკარგული, რომლებთანაც კონტაქტზე ვერ გავდივართ. მათ შესახებ არაფერი ვიცით, ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ გადარჩებიან. იქნებ მოახერხეს, მოასწრეს და თავი სადღაც შეაფარეს...

- მოხალისეები რა სამუშაოებს ასრულებთ?

- თუ რამ დასჭირდებათ, მზადყოფნაში ვართ. ვერტმფრენი განუწყვეტლივ დაფრინავს. მადლობა და მადლობა სამაშველოს ბიჭებს, უფალი იყოს მათი მფარველი, შემწე ამ საქმეში, ხელი მოემართოთ. არ ჩერდებიან სამაშველოს ბიჭები, სულ მუშაობენ. ადგილობრივებიც ეხმარებიან, სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც აქ ყველა წერტილი, ყველა ქვა იციან. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო გაგვაერთიანა. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ადამიანების გადარჩენას.

მოხალისეებს უფრო ზედაპირული სამუშაოები გვაქვს, შეიძლება ტრაქტორის მისასვლელი გზა იყოს გასაწმენდი, ქვა გადასაგდები და ასე შემდეგ. იმ ადგილას, სადაც სტიქია მოხდა და მიწის ძალიან დიდი მასაა ჩამოტანილი, მაშველების და სპეციალურად აღჭურვილი თანამშრომლების გარდა ვერავინ შედის. იმათაც კი უჭირთ იქ მუშაობა და ჩვენ მითუმეტეს, კატეგორიულად გვაფრთხილებენ და გვთხოვენ, არ შევიდეთ. შეიძლება ამით კიდევ უარესი უბედურება დატრიალდეს.

მიწის დონე რამდენიმე მეტრის სიმაღლისაა. ზედ რომ დგები, როგორც ჭაობში, ისე ეფლობი, ქვემოთ გითრევს.

აქვე ვართ, თუ რამეში დავჭირდებით. ვხედავთ მაშველები როგორ თავგანწირულად იბრძვიან. სიმწრით, ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკის ფასად. ერთი გზა არის - მიწის მასაში ეძებენ და მეორე ტყეში ვერტმფრენებით, დრონებით, ცოცხალი ძალით. არავინ ჩერდება.

არის ადგილები, სადაც ვერტმფრენი დაფრენას ვერ შეძლებს და საგანგებო ადგილას მიყავთ. რასაც საკუთარი თვალით ვუყურე, ყველა თავის საქმეს თავდაუზოგავად ასრულებს. ოღონდაც რამე შედეგი იყოს, მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული არიან.

- უკვე მოსაღამოვდა, ამაღამაც მანდ დარჩებით?

- სადაც მიწაა ჩამოწოლილი, იქ შეიძლება ღამე სამუშაო კიდევ უფრო გართულდეს და არ ვიცი რას გადაწყვეტენ... ტყეში ადამიანების ძებნა და მდინარის სანაპიროებზე კი გრძელდება. ძალიან გვინდა მოხალისეებს აქ დავრჩეთ, რაღაც საქმე შევასრულოთ. სხვა ქალაქებიდანაც მოვიდნენ ახალგაზრდები, თუნდაც ელემენტარულ რამეში შეგეშველოთო. წყალიც კი რომ ვინმეს მიაწოდო, ესეც კი შვებაა ადამიანებისთვის.