ავტორი:

"ამ სურათებზე მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს!" - რა კადრებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე?

"ამ სურათებზე მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს!" - რა კადრებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე?

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 25 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. შოვში მაშველების დასახმარებლად იმყოფებიან მოქალაქეები, მოხალისეები, ძებნის სამუშაოებში ჩართულია ჯარიც. ნაპოვნია 11 გარდაცვლილის ცხედარი.

  • მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუშინდელიდან მოყოლებული სეისმოლოგები და გეოლოგები თანხმდებიან, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია დასავლეთ საქართველოს დიდი ხანია არ ახსოვს. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მომხდარი რამდენიმე პროცესის თანხვედრამ გამოიწვია და სწორი მონიტორინგის შემთხვევაში ტრაგედიის ტავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გუშინ ცნობილი გახდა ასევე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჯერ კიდევ 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენში იყო საუბარი ღვარცოფულ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი. ასევე დარგის სპეციალისტები ტექნიკურ საკითხებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე შოვში 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს. მისი თქმით, გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში სტიქიის მონიტორინგი შესაძლებელი იქნებოდა, რას მსხვერპლს თავიდან აიცილებდა.

"ახლა ვდებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ამ სურათების გადაღება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ 4 აგვისტოს, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა(ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო).

ზუსტად ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი! ამ სურათებზე ონლაინ, მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს! შესაბამისი ლიდარი რომ გვქონოდა, რომელიც ყველა პრესტიჟულ უნივერისტეტს აქვს ევროპაში ლამის, გადავუფრენდით, დავაზუსტებდით მონაცემებს და გამოვაცხადებდით განგაშს.

ეს უფასო Landsat-ის სურათები გვიან იდება, მყისიერი სურათები გვჭირდება!ვთხოვ ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს მოგვცენ ფასიანი სატელიტური სურათები ამ პერიოდის. შესაძლოა მათი გადაღება მოხდა სხვა დროს, ვიდრე Landsat-ი იღებდა და სურათი უფრო ცხადი და უღრუბლოა! გთხოვთ! დაგვეხმარეთ!" - წერს გოდოლაძე.

წაიკითხეთ ასევე: