ავტორი:

"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე

"გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მეგობრის კოტეჯში" - რას ჰყვება ვარლამ გოლეთიანი სტიქიისას დაღუპულ გიორგი გოგინაშვილზე

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 25 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. შოვში მაშველების დასახმარებლად იმყოფებიან მოქალაქეები, მოხალისეები, ძებნის სამუშაოებში ჩართულია ჯარიც. ნაპოვნია 11 გარდაცვლილის ცხედარი. დაღუპულთა შორისაა გიორგი გოგინაშვილიც.

გოგინაშვილს მისი თანამებრძოლი, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი იხსენებს:

"გიორგის ახლოს ვიცნობდი, ის ჩვენთან ჩამოვიდა თბილისიდან და პროტესტის აქტიურ ფაზაში შემოგვიერთდა, თვეების განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად და არ გვტოვებდა. ჩვენთან ერთად რამდენიმე ადამიანი რჩებოდა კარვებში და მათ შორის იყო გიორგიც. რა გითხრათ, საოცარი ბიჭი იყო. მას დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი მთელს ამ ბრძოლაში, რომელიც 554 დღე გაგრძელდა, სულ ჩვენთან იყო, არ დავუტოვებივართ.

გიორგი ოპერატორი იყო და გადაღებებში გვეხმარებოდა, კარგად იცოდა ეს საქმე, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა ამ მიმართულებით. მაშინ ძალიან დაგვეხმარა. ის უამრავ პროცესში იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებული პიროვნება იყო, თანაგრძნობას იჩენდა იმ პროცესის მიმართ, რაც რიონის ხეობაში მიდიოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ერთგულებით, თავდადებითა და თვისებებით, ყველასგან გამორჩეული პიროვნება იყო. ძალიან დამწყდა გული... გიორგის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შოვში დასასვენებლად იყო, მის მეგობარს ჰქონდა კოტეჯი და იქ იმყოფებოდა, სტიქიის ზონაში. რა და როგორ მოხდა, არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია“ - გვიყვება ვარლამ გოლეთიანი.

წაიკითხეთ ასევე: