ავტორი:

"...დარჩენილი ცხოვრება, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა" - თეა გვასალია შოვის ტრაგედიაზე

"...დარჩენილი ცხოვრება, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა" - თეა გვასალია შოვის ტრაგედიაზე

მთარგმნელი თეა გვასალია, შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. ის პოსტს "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს;

"ჩინეთს რომ ტიფონმა გადაუარა, 300 ხიდი წაიღო და მილიონნახევარი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, ვნახე და სინანულით გადავაქნიე თავი, სლოვენია რომ წყალმა დაფარა, დამენანა ძალიან, მაგრამ ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, იმ დედებზე ფიქრით მიწვავს გულ-ღვიძლს, საღ-სალამათი შვილები რომ გაუშვეს ჰაერზე, დასასვენებლად და ახლა ისიც არ იციან ცოცხლები არიან თუ იმ გაუბედურებულ გვამებში ეყოლებათ ამოსაცნობი.

ღმერთო, ჩემ ყველაზე დაუძინებელ მტერს (თუკი მყავს ასეთი) არ გამოაცდევინო ის სიმწარე, დარჩენილი ცხოვრება, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა.

ხოლო იმ ღვარძლმა, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ფბ-ზე იღვრება, (ტელევიზორს დიდი ხანია არ ვუყურებ, ალბათ იქ უარესი ხდება) იმ ღვარცოფზე არანაკლებად წაგვლეკა ერი, იმ ლაფზე უარესში ამოგვსვარა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დაუნდობლები შეიძლება ვიყოთ, როცა საქმე პოლიტიკას ეხება. არადა რა სასაცილოდ ცოტანი ვართ, (ოთხი მილიონი კაცი ბევრი დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობაა) და რა ხელაღებით ვიმეტებთ ერთმანეთს. და რომ არც დამთავრების პირი უჩანს ?!

ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ორად ვართ გახლეჩილი და ერთმანეთს თავ-პირს ვალეწავთ. ერთადერთი რაც იცვლება, ბელადთა სახელებია: ზვიადი-შევარდნაძე, შევარდნაძე-მიშა, მიშა- ბიძინა და "ჰეი, ვინ მოდის, მანდ, მომავლიდან?“ ესაა ჩვენი კარმა და ასე უნდა გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე?", - წერს თეა გვასალია.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ძებნისა და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრელდება.

მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.