ავტორი:

"აღმომხდა, რაჭავ გვირგვინი მოგწყვიტეს-მეთქი... სულ ვფიქრობ, ეჰ დათუნიკა, ნეტავ იცოდე რა დაემართა შენს შოვს-მეთქი"  - რას გვიყვება მზია ჯინჭარაძე რაჭიდან

"აღმომხდა, რაჭავ გვირგვინი მოგწყვიტეს-მეთქი... სულ ვფიქრობ, ეჰ დათუნიკა, ნეტავ იცოდე რა დაემართა შენს შოვს-მეთქი"  - რას გვიყვება მზია ჯინჭარაძე რაჭიდან

"ახლა სულ ვფიქრობ, ეჰ დათუნიკა, ნეტავ იცოდე რა დაემართა შენს რაჭას, შენს შოვს-მეთქი. სულ უმღეროდა შოვს და ვფიქრობდი, რატომ არაფერი დამესიზმრა, ნუთუ ვერ გრძნობს, რაც ახლა შოვში დატრიალდა-თქო. ის შოვზე ძალიან იყო შეყვარებული და მეც, მასზე არანაკლებად", - ამბობს დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე, მზია ჯინჭარაძე და შოვში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ რაჭიდან გვესაუბრება.

- ასეთი ტკივილიანი დღე გაუთენდა საქართველოს. რაც კადრები ვნახე, შოვი აღარ არსებობს, გული მისკდება რომ ვხედავ. შოვის, ადამიანების დამარხვას რომ ვუყურე, ჩემი სახლის ვერანდაზე დავდექი და ამომხდა - რაჭავ გვირგვინი მოგწყვიტეს-მეთქი.

ყოველ წელს შოვში ვისვენებთ, იქ ერთი ქალბატონია, რომლის სახლშიც ვჩერდებით. ახლაც წასვლა 3 აგვისტოს მქონდა გადაწყვეტილი, მთელმა ჩვენმა საახლობლომ იცოდა რომ მივდიოდი, მაგრამ ჩემთან სტუმარი იყო, რომელსაც სიცხე მისცა და ამის გამო ჩემი და ბავშვის წასვლა გადავდე. იმ დღეს ყველა ახლობელი მირეკავდა, ყველას იქ ვეგონეთ და პანიკაში იყვნენ.

თევდორე რაც ორი წლის გახდა, იმის შემდეგ სულ შოვში მიმყავდა და ათი დღე ვრჩებოდით. შოვი იმდენად მიყვარს, იმ ნაძვებს, იმ ბუნებას რომ ვხედავ, თითქოს უფალს ველაპარაკები.

- დათუნიკა სხირტლაძეც შოვს ხშირად სტუმრობდა?

- დათუნიკა მთელ რაჭაზე იმდენად შეყვარებული იყო, მიწისძვრა რომ მოხდა, შეშლილივით დარბოდა, მგონი ყველა ოჯახში მივიდა, იმდენად განიცდიდა... ახლა სულ ვფიქრობ, ეჰ დათუნიკა, ნეტავ იცოდე რა დაემართა შენს რაჭას, შენს შოვს-მეთქი. სულ უმღეროდა შოვს. იგი იყო შოვზე ძალიან შეყვარებული და მეც, მასზე არანაკლებად.

საყვედურებით სავსე ვარ ყველაფრის, ყველას მიმართ - ხალხის, ხელისუფლების, ოპოზიციის. ჩვენ ყველას ერთად იმდენად დიდი გვაქვს დაშავებული, ღმერთი გაგვიწყრა! ამას უნდა მივხვდეთ და ახლა გარჩევების დრო არ არის, შენ ასეთი და ისეთი იყავიო. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, თორემ საქართველო აღარ იქნება.

სტუდენტობისას რევოლუციონერს მეძახდნენ. ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერ მიტინგებზე სულ დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, რისთვის ვიბრძოდით, ბოლომდე გათვითცნობიერებული არ გვქონდა. ის მომწონდა, რომ ვხედავდი ზვიად გამსახურდია ქვეყნისთვის რა შეუპოვრად იბრძოდა და გულწრფელი იყო.

დედით კოლხი ვარ სამეგრელოდან. მამით რაჭველი ვარ და რაჭა ჩემთვის სამეფოა. ყოველი რაჭაში ჩამოსვლა ჩემთვის დიდი ზეიმი იყო, მერე აქ დავბინავდით მე, დედა, მამა...

ეს ბოლო ერთი კვირა ყველაფერი უცნაურად იყო მიჩუმებული. ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რატომ არის აქაურობა ასე გარინდული-მეთქი. ჩემი სახლი და ეზო ახლა ძალიან ლამაზია, იმდენი მცენარეა აყვავებული და რომ შევხედე ყველაფერს გარინდულს, გულში ავმა ფიქრმა გამკრა, აფხაზეთში რომ ვცხოვრობდით და ყველაფერი გაირინდა, მალევე რომ გამოგვრეკეს, ეგ გამახსენდა.

ადამიანები ჯერ კიდევ ვერ გძნობენ ჩვენ თავს რა მოხდა. 3 აგვისტოს საინფორმაციო რომ ჩავრთე და მომხდარზე შევიტყვე, ყველაფრის უნარი წამერთვა. დაჩაგრულები ვართ, ქართველი ადამიანები უკვე მშიშრები გავხდით, იმდენად დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს.

მაშველები ცარიელი ხელებით თავგანწირულად იბრძვიან. გავგიჟდი, ეს რა რჩეული შვილები გვყოლია.