ავტორი:

რა მუხლებით დაიწყო შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება?

რა მუხლებით დაიწყო შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

აღნიშნულის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ადგილზე განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

  • როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ეს არის, 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240-ე მუხლი - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.