მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი, რომელიც გურჯაანში ცხოვრობს, პოსტს აქვეყნებს, სადაც იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს. კერძოდ, საუბარია იმ სახიფათო მდგომარეობაზე, რაც შეიძლება გურჯაანის ხევში არსებულ ვითარებას მოჰყვეს.
როგორც მექერიშვილი წერს, 15 ივნისს გურჯაანში მომხდარი სტიქიის შემდეგ მან აღნიშნულ პრობლემაზე ღიად ისაუბრა, ასევე საქმის კურსში ჩააყენა კონკრეტული უწყებები, თუმცა უშედეგოდ.
15 ივნისს გურჯაანში მომხარი სტიქიის შემდეგ ერთი დიდი პოსტი დავწერე თან ფოტოებიც დავურთე..... 7 აგვისტო გლოვის დღეთ გამოაცხადეს, მე პირადად 3 აგვისტოდან ვგლოვობ და ხვალინდელ დღეს (8 აგვისტოს) კიდევ უფრო დამძიმდება ემოციური ფონი.....
2020 წელს ერთ რაჭველ გოგონას ჩემსავით დაუწერია პოსტი და გამოუქვეყნებია ფოტოსურათებთან ერთად თუ რა უბედურება შეიძლება დასტყდომოდა შოვს...... დღეს მარტო დარჩა საყვარელი ადამიანების და ახლობლების გარეშე.... როგორ ფიქრობთ, 15 ივნისის შემდეგ რა ხდება გურჯაანში?????????????????
იცით 22 ივნისს რა მითხრეს გამგეობის თანამშრომლებმა - (ხევის გრუხუნით შეშინებულმა რომ შევაწუხე ზარებით. ნასტიქიარ ადგილზე გზაა ჩახერგილი და როგორ მოვიდეთო, მკითხეს.... თქვენი ჯიპებითთქო ვუპასუხე..... სუფთა ბოტასებით მოვიდნენ ციმციმ) არ გვაქვს საკმარისი თანხა, რომ სამუშაოები დავიწყოთო...
ეს ხევიც ადიდდება, შეიძლება მსგავსი მასშტაბის სტიქია არ დაგვატყდეს თავს, მაგრამ არავინ იცის. მთავარია წუხდნენ, გული შესტკიოდეთ და ცდილობდნენ იმ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც რამის გაკეთებას, რა საშუალებაც აქვთ... მაგრამ არაფერს აკეთებენ... თითქმის ორი თვე გავიდა... ამასობაში ორი დიდი კონცერტი კი დააფინანსეს, ჩვენი ხევის თავზე დიდი მხიარულება გამართეს.
ზუსტად ვიცი, ვინ წაიკითხავს და რას იფიქრებს... მაგრამ სამარცხვინოდ გახლეჩილ ორივე მხარეს მინდა გკითხოთ (და კიდევ მიჩუმათებულ მესამე მხარესაც, "0" რეაქციით რომ ზიხართ და არ იმჩნევთ არაფერს საკუთარ ტყავში კომფორტულად გახვეულები) ვის მივმართო? ვინ არის ვალდებული, პასუხისმგებელი ჩვენს ძვირფას სიცოცხლეზე... ვისი ბრალი იქნება თუ ერთხელაც ჩვენი ხევის გადარევასაც მოყვება მსხვერპლი??????" - წერს მექერიშვილი.
ცნობისთვის, გურჯაანში 15 ივნისს მდინარეების - ახტალისხევის და ნავთისხევის ადიდების შედეგად წყალმა კალაპოტი გაარღვია, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინებოდა. წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად კი ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დატბორა.