"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

"სარკოზი იმეორებდა,  - ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“ - რას იხსენებს მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! - ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტს, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო, 1 პუნქტი დაუმატეს, კერძოდ, ის, რომ "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს“, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, იმ დროს გამოჩენილი სიმტკიცით საქართველოს სუვერენიტეტი დაიცვეს.

"რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში , საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს“. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი.

სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, "ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“. ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე, დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, რომ ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე.

მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!“- აცხადებს სააკაშვილი.