გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ანიმაციურ ვიდეოს, რომელიც მისი ინფორმაციით, შოვის ღვარცოფთან დაკავშირებით კანადელი კოლეგის დახმარებით კალგარის უნივერსიტეტში გაკეთდა.
ანიმაცია შედგენილია Planet-ის კომერციული უღრუბლო სატელიტური სურათების საფუძველზე და ასახავს სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას.
"შოვის გლაციალურ ღვარცოფთან დაკავშირებით ვაქვეყნებ სრულ ანიმაციას, რომელიც ახლახანს მივიღე კანადელი კოლეგის (დენ შუგარ) დახმარებით კალგარის უნივერსიტეტიდან. ანიმაცია შედგენილია Planet-ის კომერციული უღრუბლო სატელიტური სურათების საფუძველზე სტიქიამდე (29 ივლისი) და სტიქიის შემდეგ (5 აგვისტო) და მთლიანად ფარავს ტერიტორიას კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან შოვის ტერიტორიამდე. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას, იმისთვის, რომ ვნახოთ როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე. პარალელურად მომზადდება მაღალი ხარისხის ციფრული სიმაღლებრივი მოდელი სტერეო სურათების დახმარებით, რომ უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს ღვარცოფული მასალის რა მოცულობაზეა საუბარი.
პ.ს. ის თუ გვახსოვს, რომ "ბუნება მბრძანებელია", მაშინ ისიც უნდა შევიგნოთ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგები მეტად უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული. განსაკუთრებით ეს ეხება გეოგრაფიას, გეოლოგიას და გეოფიზიკას (თავის ყველა მიმართულებებით). ქვეყანა ვერასდროს იქნება განვითარებული, თუ მეცნიერება არ იქნება ამ ქვეყანაში განვითარებული", - წერს ტიელიძე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ეს არის 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240-ე მუხლი - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეოანიმაცია, რომელსაც ლევან ტიელიძე ავრცელებს: