ავტორი:

სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)

სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა,  თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)

სანდი ზაიჩმა სლოვენიაში საბავშვო ბაღში მყოფი 22 ბავშვი წყალდიდობისგან იხსნა. ოპერაციის დროს თავად მეხანძრემ ყველაფერი დაკარგა. ამაღელვებელი და გმირული ამბავი დღეს მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ბოლო დღეებია, რაც სლოვენიაში ქარიშხალი და წყალდიდობაა. მენგეშის მუნიციპალიტეტში დატბორილი საბავშვო ბაღიდან 22 ბავშვის გადარჩენის ამბავი კი გაოცებას და სიხარულის ცრემლებს იწვევს.

განსაკუთრებით ამაღელვებელია მეხანძრე სანდი ზაიჩის ისტორია, რომელიც 15 წელია სახანძრო ბრიგადაში მოხალისედ მუშაობს.

მას შემდეგ, რაც სლოვენიაში სტიქია გაძლიერდა, სახანძრო ბრიგადებმა მიიღეს უამრავი შეტყობინება.

"ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა, ხანდაზმულთა და უძლურთა გადასარჩენად კარდაკარ დავდიოდით, შემდეგ საბავშვო ბაღიდანაც დაგვირეკეს. დახმარებას ითხოვდნენ.

ბავშვები შეშინებულები იყვნენ, ტიროდნენ და მშობლებს ითხოვდნენ. წყლის დონე უკვე ძალიან მაღალი იყო, სახანძრო მანქანით საბავშვო ბაღამდე ვერ მივედით. ამიტომ ადგილობრივისგან მაღალი ტრაქტორი ვითხოვეთ და ყველა ბავშვი უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ“, - ყვება მედიასთან ზაიჩი, რომელმაც ბავშვების სიცოცხლე იხსნა.

ინტენსიური ღამის სამაშველო ოპერაციების შემდეგ, სანდი ზაიჩი შოკში ჩავარდა, როდესაც შინ დაბრუნდა. მეხანძრეს საკუთარი სახლი დაახლოებით ორი მეტრი წყლითა და ტალახით დაფარული დახვდა.

”ყველაფერი, რაც ოცი წელი ვაშენეთ, განადგურებულია. ყველა ნივთი, დოკუმენტები, ტანსაცმელი, ტექნიკა. ყველა სურათი და სხვა სამახსოვრო ნივთიც განადგურდა", - ამბობს კაცი.

სანამ ის თავდაუზოგავად ეხმარებოდა სხვებს, ქარიშხალმა დაანგრია სახლი, სადაც ის მეუღლესთან, დაწყებითი სკოლის მოსწავლე ორ შვილთან და ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. საბედნიეროდ, წყალდიდობას ყველა გადაურჩა. ახლა სახლი მთლიანად უნდა გარემონტდეს. "არ ვიცი რამდენი დრო დასჭირდება სახლის აღდგენას, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრი“.

  • სოლიდარობა სანდის

მიუხედავად ყველაფრისა, სანდი ზაიჩი ამბობს, რომ ისევ იგივენაირად მოიქცეოდა. "მეხანძრეები ყველაფერს გულით აკეთებენ, 24 საათის განმავლობაში ხაზზე ვართ. შეიძლება გამოძახების დროს ვსაუზმობდეთ, მაგრამ მაშინვე ვდგებით და მივდივართ, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს, როცა იცი, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინე", - ამბობს კაცი და ბედნიერია, რომ მთელი ოჯახი კარგად არის.

სანდის კოლეგებმა და ოჯახის ახლობლებმა გადაწყვიტეს, რომ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარონ და სპეციალური ფონდი შექმნეს. შემოწირულობას ზაიჩის სახლის აღსადგენად გამოიყენებენ.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის რობერტ გოლობის თქმით, დამოუკიდებელი სლოვენიის ისტორიაში, ეს იყო ყველაზე უფრო დამაზიანებელი სტიქია. მისი შეფასებით, მთლიანი ზარალი სავარაუდოდ, გადააჭარბებს დაახლოებით 480-მილიონი ფრანკის ეკვივალენტს. ქვეყანაში დაზიანდა საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე ასობით საცხოვრებელი კორპუსი.