წუხელ მძიმე ღამე იყო უკრაინისთვის. ოკუპანტებმა ძლიერი დარტყმები რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს.
საჰაერო თავდასხმებით შეუტიეს რუსებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკს, ასევე ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონებს.
ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 31 ადამიანი, მათგან 19 პოლიციელია, 5 - საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველი და 1 ბავშვი.
ამასთან, პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი დობრიაკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა.

თავდსხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ცდილობს მხოლოდ დამსხვრეული და დამწვარი ქვები დატოვოს, პასუხს აგებს ყველაფერზე.
რუსულმა არმიამ ხერსონი გასული დღე-ღამის განმავლობაში 68 - ჯერ დაბომბა, რუსულმა არმიამ ტერიტორიაზე 342 ჭურვი ჩამოაგდო.
"მხოლოდ ხერსონში 18 ჭურვია ჩამოგდებული. დარტყმა საცხოვრებელ კვარტლებზე განხორციელდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 - დაიჭრა", - განაცხადა ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.
მძიმე არტილერიითა და "გრადებით“ დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი. შედეგად დაზიანდა 2 ლიცეუმი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე 12 კერძო სახლი, ავტომობილი, გაზსადენი და 4 ელექტროგადამცემი ხაზი.

რუსების მიერ ნასროლი ჭურვები ენერგეტიკულ ობიექტსაც მოხვდა. გარდა ამისა, დილით რუსულმა არმიამ ნიკოპოლი ისევ დაბომბა. დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.