ავტორი:

"ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, როცა მეუბნებიან მამაშენს ჰგავხარ, ისეთივე სამართლიანი ხარო..." - 19 წლის ბიჭის წერილი რუსეთთან ომში დაღუპულ მამას

"ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, როცა მეუბნებიან მამაშენს ჰგავხარ, ისეთივე სამართლიანი ხარო..." - 19 წლის ბიჭის წერილი რუსეთთან ომში დაღუპულ მამას

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2008 წლის აგვიტოს ომში გარდაცვლილი მებრძოლის, ნოდარ დევნოზაშვილის ვაჟის წერილს აქვეყნებს. 19 წლის ახალგაზრდა წერს, თუ როგორ გაუჭირდა მამის დაკარგვისგან მიღებულ ტკივილთან გამკლავება...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ დევნოზაშვილის ვაჟი, 19 წლის შალვა - წერილი მამას

"2008 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და დიდმა ტკივილმა და ცრემლმა მოიცვა, მამა... ძალიან გვიჭირდა... დედა მუშაობდა, ტკივილით სავსე გულით, თუმცა, ჩვენ, თავის ტკივილსა და ცრემლებს არ გვაჩვენებდა; განსაკუთრებით მე გამიჭირდა უშენობით გამოწვეულ ტკივილთან შეხვედრა და უმამობის ტრაგედიასთან გამკლავება, მამა...

ყოველ ღამე ველოდებოდი შენს დაბრუნებას, რადგან არ მინდოდა, შევგუებოდი იმ აზრს, რომ შენ ჩვენთან ვეღარ მოხვიდოდი... ხომ გახსოვს, დავითს, ბავშვობიდან უნდოდა, შენს გზას გაყოლოდა და სამხედრო გამოსულიყო; მისი ოცნება მხოლოდ ის იყო, საქართველოს თავდაცვის ძალებში ემსახურა და ჩვენი სამშობლო დაეცვა. ასეც მოიქცა, აისრულა ოცნება, მამა დღეს, სამხედრო ფორმა აცვია და მას, სიყვარულით და სიამაყით ატარებს.

პირველად, სამხედრო ფორმა რომ ჩაიცვა, თქვა:’’ჩემში მამა გაცოცხლდა, თუმცა, ჩემგან არც არასოდეს წასულა, ყოველ წამს და წუთს სულ ჩემთან და ჩემშიაო!"

სულ ვცდილობთ, შენსავით სამართლიანი, კეთილგონიერი, სამშობლოს მოყვარული ვიყოთ და ისეთივე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საქმეს, როგორც ამას შენ აკეთებდი, მამა. როგორ მენატრებოდი, როგორ მიჭირდა უშენობა! მე ხომ მხოლოდ 4 წლის ვიყავი, როცა შენ ამ უსამართლო ომს შეეწირე...

წახვედი და აღარ დაბრუნდი! მას შემდეგ, რასაც არ უნდა ვფიქრობდე, ვაკეთებდე, სულ იმას ვეუბნები საკუთარ თავს: - ისე მოიქეცი, როგორც მამა მოიქცეოდა! ისეთი ღირსეული იყავი, როგორც ამას ნოდარ დევნოზაშვილი იმსახურებს!

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, როცა მეუბნებიან მამაშენს ჰგავხარ, ისეთივე სამართლიანი ხარო... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამართალმცოდნეობაზე ჩამებარებინა;

მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება სიმართლის სამსახურში ვიდგე! ყველა დაჩაგრული და უიმედო ვანუგეშო, იმედი მივცე და მასთან ერთად გავიმარჯვო!

ყველაზე მეტ ძალას ის გვაძლევს, ის გვამხნევებს და ბრძოლის სულისკვეთებას იმის შეგრძნება გვიღვივებს, რომ მამაჩვენი გმირია, რომელმაც ჩვენს სამშობლოს შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე და ამაყად დავდივართ ამ მადლიან მიწაზე, მამა! მადლობა ამ სიამაყისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის, მამა! უსასრულოდ მიყვარხარ და მენატრები... შენი შვილი, შალვა!"