ავტორი:

"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." - გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს

"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." -  გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს

დღეს ჩვენი რესპონდენტია ადამიანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე მომენტების უშუალო მონაწილე იყო, როგორც მეთაური. 2006-2008 წლებში, ის ჯერ გენშტაბის და შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. გენერალ ზაზა გოგავასთვის ამ ომში ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი საკუთარი მამიდაშვილის გარდაცვლილი შვილის ამოცნობა იყო... მისთვის ასევე უმძიმესი იყო შინდისის გმირების და 42-ე ბატალიონის ბიჭების გმირულად დაღუპვა. ამ და სხვა ამბებზე, თავად გენერალს მოვუსმინოთ:

- ფაქტია, რომ ვითარება თავიდანვე ძალიან რთული იყო. 2006-2008 წლებში არაერთხელ შექმნილა დაძაბული ვითარება. ხდებოდა ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმები და ა.შ. 2008 წლის 1-ლ აგვისტოს ისეთი ინტენსივობით დაიწყო შეტევები, რომ შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, ეს შემდეგში გადაიზარდა იმაში, რომ შეიქმნა გამოუვალი სიტუაცია. ამ დროს მეორე მხრიდან კავშირზე გამოდიოდა მთლიანი სამშვიდობო კონტიგენტის სარდალი, რუსი გენერალი კულახმეტოვი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ როგორმე დაძაბულობა მოგვეხსნა, მაგალითად, როცა ნიქოზის საგუშაგოზე მოხდებოდა თავდასხმა, რაღაცნაირად მაშინვე ვანეიტრალებდით. მაგრამ უკვე 5 აგვისტოს, როდესაც ორი კაპრალი ტრაპაიძე და თაყაიძე დაგვეღუპა, კულახმეტოვთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. საქმე იმაშია, რომ როცა ასეთი ვითარება იქმნებოდა, კულახმეტოვი გამოდიოდა კავშირზე, კორიდორს გვიქმნიდა, რომ დაჭრილი ადამიანი გაგვეყანა. მოდიოდა ინფორმაცია, რომ ტრაპაიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მძიმედ დაჭრილი. და სწორედ იმ დღეს, როცა ჩვენი ბიჭის გამო ვცდილობდით რუსებთან ურთიერთობას, მათ გაწყვიტეს ჩვენთან ყველანაირი კავშირი და ეს მეორე ბიჭიც დაგვეღუპა. 6 აგვისტოს, კულახმეტოვი ისევ გამოვიდა კონტაქტზე და 7 რიცხვშიც, როცა ჩვენ უკვე მეორე დონე გვქონდა გამოცხადებული. იმავე 7 აგვისტოს, არ შეუშვეს დიპკორპუსის წევრები, ამასობაში გახშირდა ინტენსიური თავდასხმები. სამშვიდობო საგუშაგო მთლიანად მიწასთან გაასწორეს... 7 რიცხის საღამომდე, ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა საგუშაგოები. აბსოლუტურად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოდიოდა და ამოწმებდა კონტროლირებად ტერიტორიას.

7 აგვისტოს ღამეა, დაახლოებით 23:45 წუთია, როდესაც ჩემთან პირად კავშირზე გამოდის უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი და მეუბნება, - შევეცადოთ, ჩავახშოთ ის საცეცხლე პოზიციები, საიდანაც თავს ესხმიან, როგორც სამშვიდობოებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობასო, ზუსტად იმ 15 წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი. შემდეგ მოვლენები ფორსმაჟორულ რეჟიმში განვითარდა. ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამანაც, მაგრამ მე ფაქტებით გესუბრებით - ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით... ომისათვის როცა ემზადები, სულ ცოტა, ბრიგადის მეთაურები შვებულებაში მაინც არ უნდა გაუშვა... აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ სწორედ 7 რიცხვის საღამოს, უკვე სრულიად გაწყდა კავშირი კულახმეტოვსა და ჩვენს სამშვიდობოებს შორის. პარალელურად სადაზვერვო ინფორმაციები მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ჯარი შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამის დაზუსტება იყო საჭირო, ამიტომ ჩვენ გადავედით მანევრულ თავდაცვაზე. ერთი რამ მინდა გაიგოს ყველამ, ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ არ იბრძოდნენ კლასიკური მეთოდით, ჩვენ, პრაქტიკულად, ვიბრძოდით მძევლის სიტუაციაში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის გადასარჩენად. იმ წუთას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ქართული მოსახლეობისთვის რამენაირად გაგვეხსნა გზა და მშვიდობიანად გამოგვეყვანა. რომ არა ეს ძირითადი მიზანი, მერწმუნეთ, დღეს რასაც ვხედავთ წეროვანსა და სხვადასხვა ადგილებში ჩასახლებულ დევნილებს, მათგან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- 7 აგვისტოს ღამიდან 8 რიცხვის დილამდე ვგეგმავდით, როგორ მოგვესწრო ეს ყველაფერი. თითქმის 18 საათში, ყველა ბრიგადა, გარდა სენაკის მე-2 და 1-ლი ბრიგადის, რომელიც იმ მომენტში ერაყში მისიით იმყოფებოდა, აბსოლუტურად, ყველა გადასროლილი იყო კონფლიქტის ზონასთან. ამას მოყვა 8 რიცხვში ომის რატიფიცირება და ოფიციალურადაც გამოცხადდა რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის გადარჩენა მანევრული თავდაცვით.

- ამბობენ, იმ დროს დიდი ქაოსი იყოო...

- იცით, ეს იმხელა პროცესი იყო, რომ ამას თან სდევს შეცდომებიც, ქაოსიც. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, სამხედროების მორალური განწყობაა. მე დღემდე ვამაყობ იმით, რომ ასეთი შეიარაღებული ძალების მეთაური ვიყავი. მადლობა თითოეულ მათგანს და პირველ რიგში, მადლობა დაღუპულებს. ის, რომ საქართველო კიდევ აგრძელებს სიცოცხლეს და დღეს ცოცხლები ვართ, ამ ბიჭების დამსახურებაა. როგორ არ უნდა ვთქვა, რომ ომის დაწყების პირველ დღეს საოცრებები აკეთეს ჩვენმა ბიჭებმა. პირველი 7-8 საათი იყო გასული და არანაირი დანაკარგი და დაჭრილი არ გვყოლია. დმენისი ისე გაიარეს ჩვენებმა, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. დმენისი არის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სადაც 90-იანების დროინდელი კონფლიქტის დროს, ქართველებს ფეხი არ დაუდგიათ. ანუ ყველაზე გამაგრებული ადგილი იყო მტრის მხრიდან. ომის დაწყებიდან, პირველივე საღამოს, უკვე კარგად გამოიკვეთა სურათი, რომ მასობრივად დაიწყო ოკუპანტების შემოჭრა. ერთი მომენტი მახსენდება: ჩვეულებრივ მივედი ერთ-ერთ ცხელ წერტილთან - ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ბატარეასთან, რომ გამეგო რა სიტუაცია იყო. რადარის ეკრანს რომ შევხედე, ადგილი არ იყო, რომელიც წითლად არ ყოფილიყო ანთებული, ანუ ბრძოლის არეალის თავზე ერთდროულად მტრის 63 ბომბდამშენი დაფრინავდა. ამას რომ შევხედე, კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე, რის წინაშე დავდექით. იქ იყო ღირსების მომენტი. არცერთ სამხედროს არ სურს ბრძოლის ველიდან მარცხით წასვლა, რადგან ეს ძალიან დიდი ტვირთია მთელი ცხოვრება. მე პირადად ვატარებ ამ დიდ ტვირთს... მაგრამ იმ დროს, როდესაც ამ ბიჭებს ჩავხედე თვალებში, შიშის ნატამალიც კი ვერ დავინახე. და ისეთ შეტევაზე გადავიდნენ, ამას ვერ აღვწერ...

- როგორც ვიცი, ამ დროს ინფორმაცია მოგივიდათ, რომ გორის ჰოსპიტლის ევაკუაცია ხდებოდა...

- დიახ, ეს ინფორმაცია ზუსტად იმ დროს მომივიდა, როცა ომში ჯერ არაფერი იყო შეცვლილი. მითხრეს, რომ ადგილზე აუცილებლად უნდა მივსულიყავი. ადგილზე დატვირთული რამდენიმე სასწრაფოს მანქანა დამხვდა და შესასვლელში ჩვენი გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილი იდგა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს ჰოსპიტალი. გიორგის ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? - მიპასუხა, - არ ვიცით, მაგრამ ბრძანება მივიღეთ, დაგვეცალა აქაურობა, სასწრაფო სამსახურის მანქანებში ჩვენი ექიმები სხედანო... (აქვე მინდა განსაკუთრებულად, ცალკე აღვნიშნო ჩვენი ექიმების თავდადება. პირდაპირ ომის წინა ხაზზე მიდიოდნენ და ისე გამოჰყავდათ დაჭრილები.) მაშინ გიორგის ვუთხარი, - მე ვარ გაერთიანებული შტაბის სარდალი, აქ ვარ თქვენთან და არანაირი ბრძანება არ გამიცია-მეთქი... აი, ასე მოვაბრუნეთ მაშინ ექიმები, რომლებმაც შემდეგ უამრავი მეომარი გადაგვირჩინეს.

- ყველაზე რთული მომენტი თქვენთვის როდის დადგა?

- საერთოდ, ომში ყველა მომენტი მძიმეა. მაგრამ იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლის გახსენებაც ურთულესია. 10 რიცხვი იყო, როცა უკან დახევის ბრძანების გამოცხადება მიწევდა... იმ მომენტში, ვინც კი ახლოს იყო, ყველამ დაინახა ჩემი წინააღმდეგობა. ერთია, როცა ამის გაკეთება გიწევს, მაგრამ მეორეა, როცა ამას მორალურად ეწინააღმდეგები. მესამე კიდევ ის არის, რომ ამისათვის სწორი დრო შეარჩიო, რადგან უკან დახევა გაქცევას არ ნიშნავს. სამი დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, რომ უკან დაიხიო, ეს უმძიმესია... თან აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეორე დღესვე სენაკის ბრიგადა შემოგვიერთდა. ასევე გამოძახებული იყო ერაყიდან ბრიგადა, თუმცა ისინი როცა ჩამოვიდნენ ადგილზე, უკვე ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება იყო მიღებული. ასევე უმძიმესი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის დაბომბვა ცხინვალის მისადგომებთან, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი გვქონდა. ურთულესი მომენტი იყო კოდორის ხეობაში ბრძოლა. ისეთი ძალებით დაიწყეს კოდორზე შემოტევა, რომ დაუნდობელი რამ ხდებოდა... ამასობაში კი, მტერმა სენაკის ბაზა დაიკავა. უმძიმესი გასახსენებელი ჩემთვის არის ასევე შინდისთან ბრძოლა, სადაც ჩვენი ოცეული მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე უკან ვიხევდით, გარკვეული პოზიციები დაკარგული გვქონდა, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, შეუძლებელია ამან არ შეგძრას. საერთოდ სხვა სიმაღლეზე ადიხარ მათი ვაჟკაცობის შემყურე და ხვდები, დღეს რატომ ხარ ცოცხალი. მე დღეს თითოეული მათგანის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ სხვანაირად ვიცხოვრო!..

- თქვენი პოლიტიკაშიც წასვლაც ამას ხომ არ უკავშირდება?

- დიახ, გარკვეულწილად ასეა, მინდა აღვნიშნო, რომ ჰააგის სასამართლოს დასკვნამდე არ გადავდგით ეს ნაბიჯი არც მე და არც გენერალმა ყურაშვილმა, რათა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა... მაგრამ ბოლო წვეთი მაინც იყო 7-9 მარტის მოვლენები. აი, როდესაც ჩვენი შვილების თაობა გალახეს, იმჟამად, მე, როგორც მამამ, აშკარა საფრთხე დავინახე. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენმა თაობამ რაღაც არასწორად გააკეთა. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მანამ, ვიდრე იმ მიზანს არ მივაღწევთ, რასაც შინდისის გმირები შეეწირნენ. ჩემთვის მთავარი მიზანი ერთიანი საქართველოს ნახვაა. იცით, რომ არცერთ 7 აგვისტოს, მე ძმათა სასაფლაოზე არ ავდივარ? შეიძლება მათი მშობლები ფიქრობენ, რატომ არ ამოდის, რატომ არ გვენახებაო... მაგრამ მე ამ გარდაცვლილ ბიჭებთან ჩემი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა მაქვს. როდესაც იმ ქვეყნად მათთან მივალ, მინდა, პირნათლად შევხვდე...

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი